ეზეკიელი 34:1—31
34 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების საუბედუროდ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, უთხარი მწყემსებს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი ისრაელის მწყემსებს,+ რომლებიც თავს იკვებავენ!+ განა ფარას არ უნდა კვებავდნენ მწყემსები?!+
3 ქონს ჭამთ,+ შალით იმოსებით, ნასუქ+ პირუტყვს კლავთ+ და ფარას არ კვებავთ,
4 დაუძლურებულს არ აძლიერებთ,+ ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ, გაფანტულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ,+ არამედ სასტიკად და უმოწყალოდ იმორჩილებთ ცხვარს.+
5 ნელ-ნელა დაიფანტნენ ისინი უმწყემსოდ,+ მინდვრის მხეცების ლუკმად იქცნენ; იფანტებოდნენ და იფანტებოდნენ.+
6 გზააბნეული დაეხეტებოდა ჩემი ცხვარი ყოველ მთასა და გორაზე;+ მთელი დედამიწის პირზე იყო მიმოფანტული ჩემი ცხვარი.+ არავინ ეძებდა მათ, არავინ ცდილობდა მათ პოვნას.
7 ამიტომ ისმინეთ, მწყემსებო, იეჰოვას სიტყვა:
8 ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი დასატაცებელი გახდა და უმწყემსოდ მინდვრის მხეცების ლუკმად იქცა ჩემი ცხვარი, არ ეძებდნენ ჩემი მწყემსები ჩემს ცხვარს, საკუთარ თავს კვებავდნენ,+ ჩემს ცხვარს კი არა,
9 ამიტომ ისმინეთ, მწყემსებო, იეჰოვას სიტყვა!
10 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: გამოვდივარ მწყემსების+ წინააღმდეგ და მოვითხოვ ჩემს ცხვარს მათი ხელიდან, აღარც გამოვაკვებინებ ჩემს ცხვარს+ და ვეღარც თავს გამოიკვებავენ;+ ვიხსნი ჩემს ცხვარს მათი პირიდან და მეტად აღარ იქნებიან მათი ლუკმა“.+
11 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მე აქა ვარ, მე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიზრუნებ მათზე.+
12 როგორც მწყემსი ზრუნავს თავის ფარაზე+ იმ დღეს, როცა გაფანტულ ცხვართან+ მიდის, ისე ვიზრუნებ ჩემს ცხვარზე; ვიხსნი მათ ყველა იმ ადგილიდან, სადაც გაიფანტნენ ღრუბლებისა და მწუხრის დღეს.+
13 გამოვიყვან მათ+ ხალხებიდან და შევკრებ მათ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ თავიანთ მიწაზე+ და გამოვკვებავ ისრაელის მთებზე, მდინარეების კალაპოტებთან და მიწის დასახლებულ ადგილებთან.+
14 კარგ საძოვარზე ვაძოვებ მათ და ისრაელის მაღალ მთებში იქნება მათი სადგომები.+ იქ, კარგ სადგომებში+ დაწვებიან ისინი და ნოყიერ საძოვარზე მოძოვენ ისრაელის მთებში“.
15 „მე გამოვკვებავ ჩემს ცხვარს+ და მე მოვასვენებ მათ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
16 დაკარგულს მოვძებნი,+ გაფანტულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ, ავადმყოფს მოვაძლიერებ, მსუქანსა+ და ძლიერს კი მოვსპობ, განაჩენით გამოვკვებავ მას“.+
17 თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მსაჯული ვიქნები ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძსა და ვაცს+ შორის.
18 ნუთუ გეცოტავებათ, საუკეთესო საძოვარზე რომ იკვებებით,+ ახლა დანარჩენ საძოვრებსაც ფეხით რომ თელავთ, ანკარა წყალს რომ სვამთ, დარჩენილს კი ფეხით ამღვრევთ?!
19 განა თქვენი ფეხით გათელილ საძოვარზე უნდა ძოვდეს ჩემი ცხვარი და თქვენი ფეხით ამღვრეულ წყალს უნდა სვამდეს?!“
20 ამიტომ, აი რას ეუბნება მათ უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მე აქა ვარ, მსაჯული ვიქნები ნასუქ და მჭლე ცხვარს შორის,
21 რადგან თქვენ ფერდებსა და მხრებს ჰკრავდით და რქენდით ყველა დაუძლურებულს, სანამ გარეთ არ გაფანტეთ.+
22 მე დავიხსნი ჩემს ცხვარს, დასატაცებლები აღარ იქნებიან ისინი;+ მსაჯული ვიქნები ცხვარსა და ცხვარს შორის.
23 დავუყენებ მათ ერთ მწყემსს,+ ჩემს მსახურ დავითს,+ და ის გამოკვებავს მათ. ის გამოკვებავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი.+
24 მე, იეჰოვა, ვიქნები მათი ღმერთი,+ ჩემი მსახური დავითი კი თავკაცი იქნება მათ შორის.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას.
25 მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ+ და მძვინვარე მხეცებს გავაქრობ იმ მიწიდან,+ უსაფრთხოდ იცხოვრებენ უდაბნოში და იძინებენ ტყეებში.+
26 კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი გორის შემოგარენს,+ თავის დროზე ვაწვიმებ შხაპუნა წვიმას; კურთხევების შხაპუნა წვიმა წამოვა იქ.+
27 ნაყოფს გამოიღებს მინდვრის ხე+ და მოსავალს მოიწევს მიწა;+ უსაფრთხოდ იქნებიან ისინი თავიანთ მიწაზე.+ მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა დავამტვრევ მათ უღელს+ და გავათავისუფლებ მათი დამმონებლების ხელიდან.+
28 აღარ დაიტაცებენ ხალხები;+ აღარც მიწის მხეცები შთანთქავენ მათ; უსაფრთხოდ იცხოვრებენ, არავინ დააფრთხობს მათ.+
29 ნარგავს გავუზრდი მათ სახელის მოსახვეჭად,+ აღარ გაწყდებიან შიმშილით იმ მიწაზე+ და აღარ იტვირთებენ დამცირებას ხალხთაგან.+
30 გაიგებენ, რომ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი, მათთან ვარ+ და ისინი არიან ჩემი ხალხი, ისრაელის სახლი, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.+
31 „ჩემო ცხვარო,+ ჩემი საძოვრის ცხვარო, თქვენ ადამიანები ხართ, მე კი ღმერთი ვარ თქვენი“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».