ეზეკიელი 40:1—49
40 ჩვენი გადასახლების+ ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, ქალაქის დაცემიდან+ მეთოთხმეტე წელს, სწორედ ამ დღეს იყო იეჰოვას ხელი ჩემზე+ და სხვა ადგილზე წამიყვანა.+
2 ღვთიურ ხილვებში მან ისრაელის მიწაზე მიმიყვანა და დამაყენა ძალიან მაღალ მთაზე;+ იქ, სამხრეთით, ქალაქისმაგვარი ნაგებობა იდგა.+
3 მან მიმიყვანა იქ და, აი, კაცი, რომლის შესახედაობაც სპილენძისას+ ჰგავდა, ხელში სელის თოკი და საზომი ლერწამი ეჭირა+ და კარიბჭესთან იდგა.
4 დამელაპარაკა ეს კაცი: „კაცის ძეო,+ შენი თვალით უყურე და შენი ყურით ისმინე, გულთან მიიტანე ყველაფერი, რასაც გიჩვენებ, რადგან იმიტომ ხარ აქ მოყვანილი, რომ ეს გიჩვენო. უთხარი ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც ხედავ“.+
5 აი, კედელი იყო ტაძრის გარშემო. კაცს ხელში ექვსწყრთიანი საზომი ლერწამი ეჭირა (ერთი წყრთა იყო წყრთა და ხელის დადება). მან დაიწყო ნაგებობის სიგანის გაზომვა; სიგანე ერთი ლერწამი იყო, სიმაღლეც — ერთი ლერწამი.
6 მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და ავიდა მის კიბეზე. დაიწყო კარიბჭის ზღურბლის გაზომვა;+ მისი სიგანე ერთი ლერწამი იყო, მეორე ზღურბლის სიგანეც — ერთი ლერწამი.
7 სადარაჯო ოთახის სიგრძე ერთი ლერწამი იყო, სიგანეც — ერთი ლერწამი; სადარაჯო ოთახებს+ შორის მანძილი ხუთი წყრთა იყო; კარიბჭის ზღურბლი კარიბჭის წინკართან შიგნითა მხრიდან ერთი ლერწამი იყო.
8 გაზომა კარიბჭის წინკარი შიგნით და ერთი ლერწამი აღმოჩნდა.+
9 გაზომა კარიბჭის წინკარი, რაც რვა წყრთა აღმოჩნდა, და მისი გვერდითი სვეტები — ორ-ორი წყრთა. კარიბჭის წინკარი შიგნით იყო.
10 აღმოსავლეთ კარიბჭეს ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სამი სადარაჯო ოთახი ჰქონდა. სამივე ერთი ზომისა იყო და ერთი ზომის გვერდითი სვეტები ჰქონდა, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს.
11 მერე კარიბჭის შესასვლელის სიგანე გაზომა, რაც ათი წყრთა აღმოჩნდა, კარიბჭის სიგრძე კი — ცამეტი წყრთა.
12 სადარაჯო ოთახების წინ შემოღობილი ადგილი ერთი წყრთა იყო, ეს შემოღობილი ადგილი ორივე მხარეს ერთი წყრთა იყო. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სადარაჯო ოთახი ექვსი წყრთა იყო.
13 გაზომა კარიბჭე ერთი სადარაჯო ოთახის ჭერიდან მეორე სადარაჯო ოთახის ჭერამდე და მისი სიგანე ოცდახუთი წყრთა აღმოჩნდა.+ შესასვლელები ერთმანეთის პირდაპირ იყო.
14 მან გამოთვალა, რომ სამოცი წყრთა იყო გვერდითი სვეტები და ის გვერდითი სვეტები, რომლებიც ირგვლივ ეზოს კარიბჭეებში იყო.
15 კარიბჭის შესასვლელის წინა მხრიდან კარიბჭის წინკარამდე ორმოცდაათი წყრთა იყო.
16 სადარაჯო ოთახებსა და კარიბჭის შიგნითა მხარეს მდებარე მათ გვერდით სვეტებს ყოველ მხარეს ჰქონდა სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა,+ ასეთივე ჰქონდა ყველა წინკარს. შიგნით ირგვლივ სარკმლები იყო; გვერდით სვეტებზე პალმის ხეები იყო გამოსახული.+
17 მან შემიყვანა გარეთა ეზოში და, აი, სასადილო ოთახები;+ ირგვლივ მთელი ეზო მოკირწყლული იყო. ქვაფენილზე ოცდაათი სასადილო ოთახი იდგა.+
18 ქვაფენილი, ქვედა ქვაფენილი, კარიბჭეების გვერდით ზუსტად კარიბჭის სიგრძისა იყო.
19 მან გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭის წინა მხრიდან შიდა ეზოს წინა მხარემდე. გარეთ, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით მანძილი ას-ასი წყრთა იყო.
20 გარეთა ეზოს ჰქონდა კარიბჭე, რომელიც ჩრდილოეთს გაჰყურებდა, და მან გაზომა მისი სიგრძე-სიგანე.
21 ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სამი სადარაჯო ოთახი ჰქონდა. გვერდითი სვეტებისა და წინკარის ზომა იგივე იყო, რაც პირველი კარიბჭისა. ის სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანით კი — ოცდახუთი წყრთა.
22 სარკმლები, წინკარი და პალმის ხის გამოსახულებები+ იგივე ზომისა იყო, რაც იმ კარიბჭისა, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა. იქ ასასვლელად შვიდი საფეხური იყო; მათ წინ წინკარი იყო.
23 შიდა ეზოს ერთი კარიბჭე ჩრდილოეთი კარიბჭის პირისპირ იყო და ერთიც — აღმოსავლეთი კარიბჭის პირისპირ. მან გაზომა მანძილი კარიბჭიდან კარიბჭემდე და ასი წყრთა აღმოჩნდა.
24 წამიყვანა სამხრეთისკენ და, აი, იქ იყო სამხრეთი კარიბჭე;+ მან გაზომა მისი გვერდითი სვეტები და წინკარი, რაც იმავე ზომისა იყო.
25 კარიბჭესა და მის წინკარს გარშემო სხვა სარკმლების მსგავსი სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო და სიგანე — ოცდახუთი წყრთა.
26 შვიდი საფეხური იყო იქ ასასვლელად+ და მათ წინ — წინკარი. მასზე პალმის ხეები იყო გამოსახული, თითო გვერდით სვეტზე თითო.
27 შიდა ეზოს ჰქონდა კარიბჭე, რომელიც სამხრეთს გაჰყურებდა. მან გაზომა მანძილი კარიბჭიდან სამხრეთ კარიბჭემდე და ასი წყრთა აღმოჩნდა.
28 მან სამხრეთი კარიბჭის გავლით შემიყვანა შიდა ეზოში. გაზომა სამხრეთი კარიბჭე და იმავე ზომისა აღმოჩნდა;
29 მისი სადარაჯო ოთახები, გვერდითი სვეტებიცა და წინკარიც იმავე ზომისა იყო. მას და მის წინკარს გარშემო სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო და სიგანე — ოცდახუთი წყრთა.+
30 გარშემო წინკარები იყო; მისი სიგრძე ოცდახუთი წყრთა იყო, სიგანე — ხუთი წყრთა.
31 მისი წინკარი გარეთა ეზოს გაჰყურებდა; გვერდით სვეტებზე პალმის ხეები იყო გამოსახული+ და მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.+
32 შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის მხრიდან; გაზომა კარიბჭე და იმავე ზომისა აღმოჩნდა;
33 მისი სადარაჯო ოთახები, გვერდითი სვეტებიცა და წინკარიც — იმავე ზომისა. მას და მის წინკარს გარშემო სარკმლები ჰქონდათ. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო და სიგანე — ოცდახუთი წყრთა.
34 მისი წინკარი გარეთა ეზოს გაჰყურებდა. მის გვერდით სვეტებზე ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პალმის ხეები იყო გამოსახული. მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
35 მიმიყვანა ჩრდილოეთ კარიბჭესთან+ და გაზომა ის და იმავე ზომისა იყო+
36 მისი სადარაჯო ოთახები, გვერდითი სვეტებიცა და წინკარიც. გარშემო სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანე კი — ოცდახუთი წყრთა.
37 მისი გვერდითი სვეტები გარეთა ეზოს გაჰყურებდა. მის გვერდით სვეტებზე ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პალმის ხეები იყო გამოსახული.+ მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
38 სასადილო ოთახი თავის შესასვლელიანად კარიბჭის გვერდით სვეტებთან იყო. იქ რეცხავდნენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს.+
39 კარიბჭის წინკარში ორი მაგიდა იდგა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც მთლიანად დასაწვავი შესაწირავის,+ ცოდვის შესაწირავისა+ და დანაშაულის შესაწირავის+ დასაკლავად.
40 გარეთა მხარეს ჩრდილოეთ კარიბჭის შესასვლელში ასასვლელთან ორი მაგიდა იდგა. კარიბჭის წინკარის მეორე მხარესაც ორი მაგიდა იდგა.
41 ოთხი მაგიდა იდგა აქეთ და ოთხიც — იქით, კარიბჭის გვერდებზე; სულ რვა მაგიდა, რომლებზეც მსხვერპლი იკვლებოდა.
42 მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისთვის განკუთვნილი ოთხი მაგიდა თლილი ქვისა იყო; სიგრძით — წყრთა-ნახევარი, სიგანით — წყრთა-ნახევარი, სიმაღლით — ერთი წყრთა. მათზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავისა და მსხვერპლის დასაკლავ იარაღებსაც აწყობდნენ.
43 ნივთების დასადები თაროების ზომა ერთი ხელის დადება იყო, ისინი შიგნით ირგვლივ იყო მიმაგრებული; მაგიდებზე საძღვნო შესაწირავის ხორცსაც დებდნენ.+
44 შიდა კარიბჭის გარეთ, შიდა ეზოში, ჩრდილოეთი კარიბჭის მხარეს, მგალობელთა სასადილო ოთახები+ იყო. ისინი სამხრეთს გაჰყურებდა, ერთიც აღმოსავლეთი კარიბჭის გვერდით იყო და ჩრდილოეთს გაჰყურებდა.
45 მითხრა მან: „ეს სასადილო ოთახი, სამხრეთს რომ გაჰყურებს, იმ მღვდლებისთვისაა, რომლებსაც ტაძარზე ზრუნვა ევალებათ;+
46 ის სასადილო ოთახი, ჩრდილოეთს რომ გაჰყურებს, იმ მღვდლებისთვისაა, რომლებსაც სამსხვერპლოზე ზრუნვა ევალებათ.+ ისინი ცადოკის+ ძეები არიან, ლევის ძეთაგან, რომლებიც უახლოვდებიან იეჰოვას, რომ ემსახურონ მას“.+
47 მან გაზომა შიდა ეზო; მისი სიგრძეც ასი წყრთა იყო და სიგანეც — ასი წყრთა, კვადრატული იყო. ტაძრის წინ სამსხვერპლო იდგა.
48 მიმიყვანა ტაძრის წინკართან და გაზომა წინკარის+ გვერდითი სვეტი: ხუთი წყრთა იყო ერთ მხარეს და ხუთიც — მეორე მხარეს. კარიბჭის სიგანე სამი წყრთა იყო ერთ მხარეს და სამიც — მეორე მხარეს.
49 წინკარის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანე კი — თერთმეტი წყრთა. საფეხურებით ადიოდნენ იქ. გვერდით ბოძებთან სვეტები იდგა, ერთი ერთ მხარეს და მეორე — მეორე მხარეს.+