ეზეკიელი 44:1—31
44 მან დამაბრუნა საწმინდრის იმ გარე კარიბჭესთან მიმავალი გზით, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+ ის დაკეტილი იყო.+
2 ამის შემდეგ მითხრა იეჰოვამ: „ეს კარიბჭე დაკეტილი იქნება, არ გაიღება და მისი გავლით კაციშვილი ვერ შემოვა შიგნით, რადგან მისი გავლით იეჰოვა, ისრაელის ღმერთი+ შემოვიდა შიგნით, დაკეტილი უნდა იყოს ის;
3 თუმცა თავკაცი+ დაჯდება იქ, რათა ჭამოს პური იეჰოვას წინაშე.+ კარიბჭის წინკარის გავლით შემოვა და იმავე გზით გავა“.+
4 მან ჩრდილოეთი კარიბჭის გავლით მიმიყვანა ტაძრის წინ, რომ რაღაც დამენახა, და, აი, იეჰოვას დიდებით ავსებულიყო იეჰოვას სახლი;+ პირქვე დავემხვე.+
5 მითხრა იეჰოვამ: «კაცის ძეო, დააკვირდი*,+ შენი თვალით უყურე ყველაფერს და შენი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეუბნები იეჰოვას სახლის ყველა წესსა და კანონზე; დააკვირდი სახლის შესასვლელს და საწმინდრის ყველა გასასვლელს.
6 უთხარი ურჩს,+ ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გეყოთ თქვენი სისაძაგლეები, ისრაელის სახლო,+
7 რომ მოგყავთ გულითა და ხორცით წინადაუცვეთელი+ უცხოელები, რათა შეხვიდეთ ჩემს საწმინდარში და შებღალოთ ის, ჩემი სახლი, რომ მოგაქვთ ჩემი პური+ — ქონი+ და სისხლი,+ მაშინ, როცა ირღვევა ჩემი შეთანხმება თქვენი სისაძაგლეების გამო.+
8 არც თქვენ ასრულებთ თქვენს ვალდებულებას, რომ იზრუნოთ ჩემს სიწმინდეებზე,+ და არც სხვებს ავალებთ, რომ თქვენ ნაცვლად მათ შეასრულონ ეს ვალდებულება ჩემს საწმინდარში“.+
9 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „არც ერთი უცხოელი, გულითა და ხორცით წინადაუცვეთელი, არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმინდარში, არც ერთი უცხოელი, რომელიც ისრაელის ძეებს შორის ცხოვრობს“.+
10 „იმ ლევიანებმაც, რომლებიც გამშორდნენ,+ როცა დამცილდა ისრაელი და გზააბნეული გაჰყვა თავის ნეხვიან კერპებს, უნდა იტვირთონ თავიანთი დანაშაული.+
11 ამის შემდეგ ჩემს საწმინდარში ტაძრის კარიბჭეების ზედამხედველებად და ტაძრის მსახურებად იმსახურებენ;+ ისინი დაკლავენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს და მსხვერპლს ხალხისთვის;+ ისინი იდგებიან მათ წინაშე, რომ ემსახურონ მათ.+
12 რაკი ემსახურებოდნენ ისინი მათ მათი ნეხვიანი კერპების+ წინაშე და დანაშაულის მიზეზად და დაბრკოლების ლოდად+ ექცნენ ისრაელის სახლს, მეც ვიწვდი ხელს მათ წინააღმდეგ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — იტვირთებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.
13 ვერ მომიახლოვდებიან, რომ მღვდლებად მემსახურონ, ვერც იმისთვის, რომ ჩემს წმინდა ნივთებს+ მიეკარონ, უწმინდეს ნივთებს; იტვირთებენ ისინი თავიანთ დამცირებასა და სისაძაგლეებს, რაც ჩაუდენიათ.+
14 ამის შემდეგ დავავალებ მათ ტაძარზე ზრუნვას — მთელი მსახურების შესრულებას და ყველაფერს, რაც იქ უნდა გაკეთდეს“.+
15 „ის ლევიანი მღვდლები,+ ცადოკის+ ძეები, რომლებიც მაშინ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას და ზრუნავდნენ ჩემს საწმინდარზე, როცა დამცილდნენ ისრაელის ძეები,+ მომიახლოვდებიან, რომ მემსახურონ, და იდგებიან ჩემ წინაშე,+ რათა მომიტანონ ქონი+ და სისხლი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
16 ისინი შევლენ ჩემს საწმინდარში+ და მიუახლოვდებიან ჩემს მაგიდას, რომ მემსახურონ,+ და შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ჩემ წინაშე.+
17 შიდა ეზოს კარიბჭეებში შესვლისას სელის ტანსაცმელი ეცვათ, შალით არ შეიმოსონ არც შიდა ეზოს კარიბჭეებში და არც შიგნით მსახურებისას.+
18 სელის თავსაბურავი ეხუროთ+ და სელის საცვალი ჰქონდეთ მოხვეული თეძოებზე.+ ისეთი არაფერი შემოირტყან, რაც გააოფლიანებთ.
19 ვიდრე გარეთა ეზოში გავლენ ხალხთან, გაიხადონ თავიანთი ტანსაცმელი, რომლითაც მსახურობდნენ,+ დააწყონ ის წმინდა სასადილო ოთახებში+ და სხვა ტანსაცმელი ჩაიცვან, რათა თავიანთი ტანსაცმლით არ განწმინდონ ხალხი.+
20 თავი არ გადაიპარსონ,+ მაგრამ არც თმა გაიზარდონ; თმა შეკრეჭილი უნდა ჰქონდეთ.+
21 შიდა ეზოში შესვლისას არც ერთმა მღვდელმა არ დალიოს ღვინო.+
22 ქვრივი ან ქმარს გაყრილი არ მოიყვანონ ცოლად,+ მხოლოდ ქალწული შეირთონ ისრაელის სახლის შთამომავალთაგან+ ან მღვდლის ქვრივი“.
23 „ასწავლონ ჩემს ხალხს წმინდისა და შებღალულის ერთმანეთისგან გარჩევა და გააგებინონ, რა განსხვავებაა უწმინდურსა და სუფთას შორის.+
24 განსაჯონ სასამართლო საქმე,+ ჩემი სამართლით განსაჯონ ის.+ დაიცვან ჩემი დღესასწაულებისთვის მიცემული ჩემი წესები და კანონები+ და წმინდა ჰყონ ჩემი შაბათები.+
25 მკვდართან არ მივიდეს, თავი რომ არ გაიუწმინდუროს, თუმცა დედ-მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის ან დისთვის, რომელსაც ქმარი არ ჰყოლია, შეიძლება გაუწმინდურდეს.+
26 განწმენდის შემდეგ შვიდ დღეს გადაუთვლიან მას.+
27 იმ დღეს, როცა ის წმინდა ადგილზე, შიდა ეზოში შევა წმინდა ადგილზე სამსახურებლად, მიიტანოს თავისი ცოდვის შესაწირავი“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
28 „ეს მათი მემკვიდრეობა იქნება — მე ვარ მათი მემკვიდრეობა.+ არაფერი მისცეთ მათ საკუთრებად ისრაელში — მე ვარ მათი საკუთრება.
29 ისინი შეჭამენ მარცვლეულ შესაწირავს, ცოდვის შესაწირავსა და დანაშაულის შესაწირავს;+ მათი იქნება ყველაფერი, რაც მიძღვნილია ისრაელში.+
30 მღვდლების იქნება ყოველი პირველმოწეული ნაყოფის პირველი ნაწილი და ყველა შესაწირავი მთელი თქვენი შესაწირავიდან;+ თქვენი პირველდაფქული ღერღილი მღვდელს მიეცით,+ რათა კურთხევა გადმოვიდეს შენს სახლზე.+
31 მღვდლებმა არ უნდა ჭამონ ლეში, არც დაგლეჯილი ფრინველი და არც დაგლეჯილი მხეცი“».+
სქოლიოები
^ ანუ გულთან მიიტანე.