ესაია 13:1—22
13 ბაბილონის განაჩენი,+ რომელიც ესაიამ, ამოცის ძემ,+ იხილა:
2 „შიშველ მთაზე აღმართეთ ნიშანი.+ ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ,+ რათა შევიდნენ წარჩინებულთა შესასვლელებში.+
3 ბრძანება გავეცი ჩემი განწმენდილებისთვის.+ ჩემს ძლიერებსაც, დიდად გახარებულებსაც, მოვუხმე ჩემი რისხვის გამოსავლენად.+
4 ისმინეთ! მთებში მყოფი ბრბო მრავალრიცხოვან ხალხს ჰგავს!+ ისმინეთ! სამეფოების, ერთად შეკრებილი ერების ყაყანი ისმის!+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა საომრად კრებს ლაშქარს.+
5 შორეული ქვეყნიდან,+ ზეცის კიდეებიდან მოდის იეჰოვა და მასთან ერთად მისი შემრისხავი იარაღები მთელი დედამიწის მოსასპობად.+
6 იღრიალეთ,+ რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე!+ ძარცვასავით მოვა იგი ყოვლისშემძლისგან.+
7 ამიტომ ყველა ხელი დაეშვება და მთლიანად დაუდნება გული მოკვდავ ადამიანს.+
8 შეშფოთებულია ხალხი.+ კრუნჩხვები და მშობიარობის ტკივილები დაეწყოთ; ტკივილები აქვთ მშობიარე ქალივით.+ ერთმანეთს გაოცებულები შეჰყურებენ. ალმური ასდით სახეზე.+
9 აი, მოდის იეჰოვას დღე, სასტიკი რისხვითა და მრისხანებით, რათა გამაოგნებელი გახადოს ქვეყანა+ და აღგავოს მისგან ცოდვილები.+
10 აღარ გამოანათებენ ცის ვარსკვლავები და ქესილის თანავარსკვლავედები;+ მზე დაბნელდება ამოსვლისას და მთვარე აღარ გამოსცემს სინათლეს.
11 ამ მიწაზე მივაქცევ მისივე ბოროტებას+ და ბოროტებზე — მათივე დანაშაულს. ბოლოს მოვუღებ კადნიერთა სიამაყეს და სასტიკთა ამპარტავნობას დავამცირებ.+
12 მოკვდავ ადამიანს ხალას ოქროზე იშვიათს გავხდი,+ ადამიანს — ოფირის+ ოქროზე იშვიათს.
13 ამიტომაც შევარყევ ცას+ და შეიძვრება დედამიწა ლაშქართა ღვთის,+ იეჰოვას მრისხანებით მისი რისხვის დღეს.+
14 გაქცეული ქურციკივით და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი ფარასავით+ დაუბრუნდება თითოეული თავის ხალხს; თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+
15 ვისაც ნახავენ, განიგმირება, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა.+
16 შვილებს თვალწინ შეუმუსრავენ,+ სახლებს გაუძარცვავენ და ცოლებს გაუუპატიურებენ.+
17 აი, აღვძრავ მათ წინააღმდეგ მიდიელებს,+ რომლებიც ვერცხლს არაფრად აგდებენ და რომლებსაც ოქრო არ ახარებთ.
18 ახალგაზრდებსაც კი განგმირავს მათი მშვილდი;+ არ შეებრალებათ მუცლის ნაყოფი,+ არ დაენანება ვაჟები მათ თვალებს.
19 ბაბილონი, სამეფოების მშვენება,+ ქალდეველების სილამაზე+ და სიამაყე, ისევე დაემხობა, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა დაამხო;+
20 არასოდეს დასახლდება,+ თაობიდან თაობაში აღარსად დამკვიდრდება.+ არ გაშლის იქ არაბი თავის კარავს და არც მწყემსები დაასვენებენ იქ თავიანთ ფარებს.
21 იქ დაისვენებენ უწყლო მხარეების ბინადარნი და მათი სახლები ზარნაშოებით აივსება.+ სირაქლემები დამკვიდრდებიან იქ და თხისმაგვარი დემონები* იკუნტრუშებენ.+
22 ტურები აკივლდებიან მის საცხოვრებელ კოშკებში,+ დიდი გველი იქნება ნეტარების სასახლეებში. მალე მოვა მისი დრო, არ გახანგრძლივდება მისი დღეები“.+
სქოლიოები
^ იგულისხმება დემონები ან ის ცხოველები, რომლებიც ხალხის წარმოსახვაში დემონებს ჰგავდნენ.