ესაია 14:1—32
14 იეჰოვა შეიწყალებს იაკობს+ და კვლავ ამოირჩევს ისრაელს.+ თავიანთ მიწაზე მოასვენებს მათ.+ ხიზნებიც შეუერთდებიან მათ და შეეთვისებიან იაკობის სახლს.+
2 ხალხები აიყვანენ მათ და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე; ისრაელის სახლი თავის საკუთრებად აქცევს მათ იეჰოვას მიწაზე და მსახურებად და მოახლეებად გაიხდის.+ ისინი დაატყვევებენ+ თავიანთ დამატყვევებლებს და დაიმორჩილებენ იმ ხალხს, რომელიც სამუშაოდ მიერეკებოდა მათ.+
3 იმ დღეს, როცა იეჰოვა დაგასვენებს შენი ტკივილებისგან, შფოთისა და მძიმე მონობისგან, რომლითაც დამონებული იყავი,+
4 დაცინვით იტყვი იგავს ბაბილონის მეფეზე:
«როგორ შეჩერდა ის, ვინც სხვებს მიერეკებოდა სამუშაოდ, შეწყდა ჩაგვრა!+
5 იეჰოვამ დაამტვრია ბოროტთა ჯოხი და მმართველთა კვერთხი,+
6 მოსპო ის, ვინც რისხვით ურტყამდა ხალხებს განუწყვეტლივ,+ ვინც დაუფარავი რისხვით იმორჩილებდა ერებს და გაშმაგებით დევნიდა მათ.+
7 მოისვენა მთელმა დედამიწამ+ და დაწყნარდა. ხალხი გამხიარულდა და სიხარულით აყიჟინდა.+
8 ღვიის ხეებმა+ და ლიბანის კედრებმაც გაიხარეს შენ გამო და თქვეს: მას შემდეგ, რაც დაეცი, ხის მჭრელი+ აღარ მოსულაო ჩვენ მოსაჭრელად.
9 დაბლა სამარეც+ კი შეიძრა შენ გამო, რომ შეგეგებოს შენი მოსვლისას. შენ გამო გამოაღვიძა მან უსიცოცხლოები,+ დედამიწის თხისმაგვარი წინამძღოლები.+ ხალხთა მეფეები წამოაყენა თავიანთი ტახტებიდან.+
10 ყოველი მათგანი ალაპარაკდა და გეუბნებიან: „ნუთუ ჩვენსავით დაუძლურდი?!+ ნუთუ ჩვენ დაგვემსგავსე?!+
11 სამარეში ჩავიდა შენი სიამაყე და შენი სიმებიანი საკრავების ხმაური.+ მატლებია შენი ტახტი, ჭიაყელებია შენი საფარი“.+
12 როგორ ჩამოვარდი ზეციდან,+ მანათობელო, განთიადის ძეო! როგორ დაენარცხე დედამიწას,+ ხალხთა დამაუძლურებელო!+
13 გულში კი ამბობდი: ცაში ავალ;+ ღვთის ვარსკვლავების ზემოთ+ დავიდგამო ტახტს;+ დავჯდები შეხვედრის მთაზე,+ შორეულ ჩრდილოეთში;+
14 ავალ ღრუბლების ზემოთ,+ უზენაესს დავემსგავსებიო.+
15 სამარეში ჩახვალ,+ ორმოს სიღრმეში.+
16 ვინც დაგინახავს, მოგაშტერდება. კარგად დაგაკვირდებიან და იტყვიან: „ეს ის კაცი არ არის, დედამიწას რომ არყევდა და სამეფოებს აზანზარებდა,+
17 უდაბნოდ რომ აქცევდა ნაყოფიერ მიწას და ამხობდა მის ქალაქებს,+ პატიმრებს შინ რომ არ უშვებდა?“+
18 ხალხთა სხვა მეფეები, თითოეული მათგანი, დიდებით წვანან თავ-თავიანთ სახლებში.+
19 შენ კი სამარხის გარეშე ხარ გადაგდებული,+ როგორც საძულველი ამონაყარი; შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებიც ქვიან ორმოში ჩადიან;+ გათელილ გვამს ჰგავხარ.+
20 არ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან შენივე ქვეყანა მოსპე, შენივე ხალხი დახოცე. სამარადისოდ არ მოიხსენიება ბოროტმოქმედთა შთამომავლობა.+
21 გაამზადეთ კუნძი მისი ვაჟების დასაკლავად მათი მამა-პაპის ცოდვების გამო,+ რათა არ წამოიმართონ, არ დაეუფლონ დედამიწას და ქალაქებით არ აავსონ მიწის პირი».+
22 „მათ წინააღმდეგ აღვდგები“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
„მოვსპობ ბაბილონის სახელს,+ მისგან დარჩენილებს, მის მოდგმასა და შთამომავლობას“,+ — ამბობს იეჰოვა.
23 „მაჩვზღარბებისა და ლერწმიანი ტბორის საკუთრებად ვაქცევ და მოსპობის ცოცხით გავხვეტ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
24 დაიფიცა ლაშქართა ღმერთმა,+ იეჰოვამ: „როგორც განვიზრახე, ისე მოხდება. რაც გადავწყვიტე, ის ახდება,+
25 რათა შევმუსრო ასურელი ჩემს მიწაზე+ და გავთელო ჩემს მთებზე,+ რომ მისი უღელი მოსცილდეს მათ და მისი ტვირთი — მათ მხრებს“.+
26 ეს არის მთელი დედამიწის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და ყველა ერის წინააღმდეგ გაწვდილი ხელი.
27 ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გადაწყვიტა+ და ვინ ჩაშლის?!+ მისი ხელი გაწვდილია და უკან ვინ წააღებინებს მას?!+
28 მეფე ახაზის სიკვდილის+ წელს ასეთი ცნობა გავრცელდა:
29 „ნუ გაიხარებ,+ ფილისტიმო,+ ნუ გაიხარებთ, იქ მყოფნო, რადგან გადატყდა შენი მცემელის ჯოხი.+ გველის ფესვიდან+ შხამიანი გველი გამოვა+ და მისი ნაყოფი ელვისებური, გესლიანი გველი იქნება.+
30 საწყალთა პირმშოები შეჭამენ და ღარიბები უსაფრთხოდ წამოწვებიან.+ შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენგან დარჩენილები განადგურდებიან.+
31 იღრიალე, კარიბჭევ! იყვირე, ქალაქო! ყველას გული შეუდრკება შენში, ფილისტიმო! ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი, მის რიგებს არავინ აკლდება“.+
32 რას უპასუხებენ ერის მაცნეებს?+ იმას, რომ იეჰოვამ დააფუძნა სიონი+ და იქ შეაფარებენ თავს დაჩაგრულები მისი ხალხიდან.