ესაია 16:1—14
16 გაუგზავნეთ ვერძი ქვეყნის მმართველს,+ სელადან უდაბნოსკენ, სიონის ასულის მთაზე.+
2 ბუდიდან განდევნილ+ ფრინველს დაემსგავსებიან მოაბის ასულები არნონის ფონთან.+
3 „მიეცით რჩევა, აღასრულეთ გადაწყვეტილება.+
ღამესავით აქციე შენი ჩრდილი შუადღისას.+ დამალე გაფანტულები,+ ნუ გასცემ გაქცეულებს.+
4 ხიზნებად იცხოვრონ ჩემმა გაფანტულებმა შენში, მოაბ.+ მძარცველის გამო სამალავი გახდი მათთვის.+ ბოლო მოეღო მჩაგვრელს. შეწყდა ძარცვა. ბოლო მოეღოთ სხვების გამთელავებს დედამიწაზე.+
5 სიკეთით* განმტკიცდება ტახტი+ და მეფე ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარავში;+ გაასამართლებს, სამართლისკენ ისწრაფებს და სწრაფად აღასრულებს სიმართლეს“.+
6 გვსმენია მოაბის სიამაყეზე, რომ ძალიან ამაყია იგი.+ მისი ამპარტავნობა, მისი სიამაყე და მისი რისხვა+ — ყველაფერი ფუჭსიტყვაობაა.+
7 ამიტომ მოაბი იღრიალებს მოაბზე;+ იღრიალებს ყველა. კირ-ხარასეთის+ ქიშმიშის კვერების გამო იკვნესებენ დაცემულნი,
8 რადგან გადახმა ხეშბონის+ ტერასები. სიბმას+ ვაზის ალისფერი ლერწები გათელეს ხალხთა პატრონებმა; იაზერს+ მისწვდნენ; უდაბნოში დახეტიალებდნენ. მისი ყლორტები დატოვებული იყო, რომ თავისუფლად ეზარდა; ზღვას მისწვდნენ ისინი.
9 ამიტომ დავიტირებ სიბმას ვაზს,+ როგორც იაზერს. ჩემი ცრემლებით დაგასველებ, ხეშბონ+ და ელალე,+ რადგან ყვირილი ისმის შენი ზაფხულისა და შენი მოსავლის აღების დროს.+
10 მხიარულება და სიხარული წაერთვა ხილნარს, ვენახებში აღარ ისმის მხიარული შეძახილი და ყიჟინა;+ არ არის საწნახელში დასაწური ღვინო.+ მე შევაწყვეტინე ძახილი.+
11 ამიტომაც ქნარის სიმივით მითრთის შიგნეული მოაბის გამო+ და შიგნით ყველაფერი მითრთის კირ-ხარასეთის გამო.+
12 გამოჩნდა, რომ დაიღალა მოაბი მაღლობზე.+ მივიდა სალოცავად+ თავის საწმინდარში, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.+
13 ეს არის სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას მოაბზე.
14 ახლა ამბობს იეჰოვა: „სამ წელიწადში, მოჯამაგირისთვის+ დადგენილი წლების თანახმად, დამცირდება მოაბის დიდება+ ყოველგვარი აურზაურით; ცოტანი დარჩებიან ძალაგამოცლილნი“.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.