ესაია 30:1—33

30  „ვაი ჯიუტ ძეებს,+ — ამბობს იეჰოვა, — განზრახვას რომ ახორციელებენ, მაგრამ არა ჩემსას;+ კავშირს კრავენ დასაღვრელი შესაწირავით, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა დაუმატონ;+  ეგვიპტეში წასვლას რომ აპირებენ+ და ჩემს ბაგეს არ ეკითხებიან,+ რათა თავი შეაფარონ ფარაონის სიმაგრეს და თავშესაფარი პოვონ ეგვიპტის ჩრდილში!+  სირცხვილად გექცევათ ფარაონის სიმაგრე+ და დამცირებად — თავშესაფარი ეგვიპტის ჩრდილში.+  მისი მთავრები ცოანში+ მივიდნენ და მისმა დესპანებმა ხანესს მიაღწიეს.  ყველა შერცხვება იმ ხალხის გამო, რომელიც არავის არგია, ვერავის ეხმარება და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, რომელიც მხოლოდ სირცხვილსა და შეურაცხყოფას იწვევს“.+  სამხრეთის ცხოველებისთვის გამოტანილი განაჩენი:+ გასაჭირისა+ და ვაების მიწის გავლით, სადაც ლომი და მბრდღვინავი ჯიქი, გველგესლა და ელვისებური, შხამიანი გველი+ ბინადრობენ, ვირების ზურგით მიაქვთ თავიანთი სიმდიდრე და აქლემების+ კუზით — თავიანთი მარაგი. ისინი ვერას არგებენ ხალხს.  არარაობა არიან ეგვიპტელები და არ შეუძლიათ დახმარება.+ ამიტომ ვუწოდე მას: „რახაბი+ — უქმად მყოფი“.  «ახლა მიდი და დაწერე ფილაზე მათ თვალწინ, ჩაწერე ეს წიგნში+ სამომავლოდ, მარადიული მოწმობისთვის.+  ეს ურჩი ხალხია,+ მატყუარა ძეები+ არიან, რომლებსაც არ სურთ იეჰოვას კანონის მოსმენა.+ 10  ისინი ეუბნებიან მხილველებს: „არ ნახოთ“, და ხილვების მქონეთ ეუბნებიან: „არ გვიწინასწარმეტყველოთ სიმართლე.+ საამო სიტყვები გველაპარაკეთ. ხილვაში სიცრუე ნახეთ.+ 11  გზიდან გადადით, ბილიკიდან გადაუხვიეთ.+ მოგვაშორეთ ისრაელის წმინდა“».+ 12  ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმინდა: „რაკი უარყავით ეს სიტყვა,+ გამოძალვასა და მზაკვრობაზე ამყარებთ იმედს და ამას ეყრდნობით,+ 13  ეს დანაშაული თქვენთვის იქნება კედლის დახეთქილი ნაწილივით, რომელიც სადაცაა ჩამოვარდება, გამოზნექილი მაღალი კედელივით,+ რომელიც მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში დაინგრევა.+ 14  დაამტვრევენ მას მეთუნის+ დიდი დოქივით, არ დაზოგავენ და ნამსხვრევებად აქცევენ. მის ნამსხვრევებში ვერ იპოვიან ჭურჭლის ისეთ ნამსხვრევსაც კი, რომლითაც შეძლებენ ბუხრიდან ნაკვერჩხლების გამოღებას ან ჭაობიანი ადგილიდან წყლის ამოღებას“.+ 15  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ისრაელის წმინდა:+ „თუ დაბრუნდებით და დამშვიდდებით, გადარჩებით. თქვენი ძლევამოსილება მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“.+ თქვენ კი არ მოინდომეთ.+ 16  ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო!+ — ამიტომაც მოგიწევთ გაქცევა. სწრაფ ცხენებზე ავმხედრდებითო!+ — ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები.+ 17  ათასი აკანკალდება ერთის მუქარაზე.+ ხუთის მუქარაზე გაიქცევით, სანამ ბოძივით არ დარჩებით მთის მწვერვალზე და ნიშანივით — გორაზე.+ 18  იეჰოვა უცდის დროს, რომ წყალობა გიყოთ+ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ,+ რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია.+ ბედნიერია+ ყველა, ვისაც მისი მოლოდინი აქვს.+ 19  აღარ იტირებ,+ როცა სიონის მკვიდრნი+ იერუსალიმში+ იცხოვრებენ. ის უეჭველად წყალობას გიყოფს შენი ყვირილის ხმაზე; როგორც კი გაიგონებს მას, გიპასუხებს.+ 20  იეჰოვა პურად გასაჭირს მოგცემს და წყლად — ჩაგვრას.+ მეტად აღარ დაიმალება შენი დიდებული მოძღვარი და დაინახავს შენი თვალები შენს დიდებულ მოძღვარს.+ 21  თუ მარჯვნივ ან მარცხნივ წახვალ,+ შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა,+ იარეთ მასზე“. 22  წაბილწავთ თქვენი ქანდაკებების ვერცხლის ვარაყს+ და თქვენი ჩამოსხმული+ ოქროს ქანდაკების+ საფარს. შენ გაფანტავ მათ.+ როგორც ქალი ამბობს ყოველთვიური სისხლდენის დროს, ისე იტყვი მასზე: ფუ, სიბინძურეო!+ 23  ის მისცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც თესავ,+ და მიწის ნაყოფად მოგცემს ნოყიერ და მსუყე პურს.+ იმ დღეს შენი ცხვარ-ძროხა ვრცელ საძოვარზე მოძოვს.+ 24  შენი საქონელი და ვირები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, მჟაუნაგარეულ საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა+ და ფიწლით განიავებულს. 25  დიდი ხოცვა-ჟლეტის დღეს, როცა კოშკები დაეცემა,+ ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ გორაზე იქნება ნაკადულები,+ წყლის თხრილები. 26  სავსე მთვარის სინათლე კაშკაშა მზის სინათლესავით გახდება. კაშკაშა მზის სინათლე გაშვიდმაგდება+ შვიდი დღის სინათლესავით იმ დღეს, როცა იეჰოვა შეუხვევს მოტეხილობას+ თავის ხალხს და განუკურნავს+ მწვავე ჭრილობას, თავად რომ მიაყენა. 27  აი, იეჰოვას სახელი შორიდან მოდის, რისხვით ანთებული+ და დიდი ღრუბლებით; მისი ბაგეები რისხვით არის სავსე და მისი ენა შთამნთქმელი ცეცხლივითაა;+ 28  მისი სული წამლეკავი მდინარესავითაა, რომელიც ყელამდე+ ამოდის, რათა გაცხრილოს+ ერები არარაობის საცერში. ხალხებს ყბაში ამოდებული ექნებათ ლაგამი,+ რომელიც ახეტიალებს მათ.+ 29  ისეთ სიმღერას იმღერებთ,+ როგორსაც კაცი დღესასწაულისთვის+ განწმენდის ღამეს მღერის, და ისე გაიხარებთ გულით, როგორც კაცი, რომელიც სალამურის+ დაკვრით ადის იეჰოვას,+ ისრაელის კლდის, მთაზე.+ 30  იეჰოვა მძვინვარე რისხვითა+ და შთამნთქმელი ცეცხლის ალით,+ თავსხმით, ქარიშხლითა+ და სეტყვით+ გააგონებს ხალხს თავის დიდებულ ხმას+ და დაანახვებს, როგორ დაუშვებს მკლავს.+ 31  იეჰოვას ხმა თავზარს დასცემს ასურეთს;+ კვერთხს დაჰკრავს მას.+ 32  იეჰოვა დამსჯელ კვერთხს დაჰკრავს ასურეთს; ყოველი მოქნევისას დაირისა და ქნარის+ ხმა გაისმება; იარაღის ქნევით შეებრძოლება მათ.+ 33  მისი თოფეთი+ უკვე გამზადებულია; თავად მეფისთვის არის მომზადებული.+ ჩაღრმავებულ ადგილს ავსებს გროვით. უხვად არის ცეცხლი და შეშა. იეჰოვას სუნთქვა გოგირდის მდინარესავით გიზგიზებს თოფეთის წინააღმდეგ.+

სქოლიოები