ესაია 33:1—24
33 ვაი შენ, მძარცველო, თავად რომ არ გაძარცვულხარ, და ვერაგო, ვერაგულად რომ არავინ მოგქცევია!+ როგორც კი დაასრულებ ძარცვას, თავადაც გაიძარცვები.+ როგორც კი დაასრულებ ვერაგულად მოქცევას, შენც ვერაგულად მოგექცევიან.+
2 იეჰოვა, წყალობა გვიყავი!+ შენზე ვამყარებთ იმედს.+ ჩვენი მკლავი+ იყავი ყოველ დილით,+ ჩვენი ხსნა — გასაჭირის დროს.+
3 გაიქცნენ ხალხები აურზაურის ხმაზე.+ შენ წამოიმართე და გაიფანტნენ ერები.+
4 თქვენი ნაძარცვი+ ტარაკნებივით შეგროვდება, მას თავს დაესხმიან ისე, როგორც კალიების გუნდი ესხმის ადამიანს.+
5 ამაღლებული იქნება იეჰოვა,+ რადგან სიმაღლეში მკვიდრობს.+ ის აავსებს სიონს სამართლიანობითა და სიმართლით.+
6 შენი დროების საიმედოობა ხსნის სიმდიდრე+ იქნება — სიბრძნე და ცოდნა,+ იეჰოვას შიში,+ რაც მისი საგანძურია.
7 აი, მათი გმირები ქუჩაში ყვირიან; მწარედ იტირებენ მშვიდობის მაცნეები.+
8 გაპარტახდა გზები;+ აღარავინ დადის ბილიკზე.+ მან დაარღვია შეთანხმება,+ შეიჯავრა ქალაქები,+ არაფრად ჩააგდო მოკვდავი კაცი.+
9 გლოვობს ქვეყანა, გადახმა იგი.+ შერცხვა და დალპა ლიბანი;+ უკაცრიელ ველად იქცა შარონი;+ ბაშანსა და ქარმელს ფოთლები სცვივათ.+
10 «ახლა აღვდგები,+ — ამბობს იეჰოვა, — ახლა განვდიდდები,+ ახლა ავმაღლდები.+
11 თივა ჩაგესახათ,+ ნამჯას გააჩენთ. ცეცხლივით+ შეგჭამთ თქვენივე სული.+
12 კირის ნამწვს დაემსგავსებიან ხალხები; გაკაფული ეკლებივით მოეკიდებათ ცეცხლი.+
13 მოისმინეთ, შორს მყოფნო, რას გავაკეთებ!+ იცოდეთ, ახლოს მყოფნო, ჩემი ძლევამოსილება!+
14 შიშმა შეიპყრო ცოდვილები სიონში,+ აკანკალდნენ განდგომილები:+ „რომელი ჩვენგანი იცხოვრებს შთამნთქმელ ცეცხლთან,+ თუნდაც ცოტა ხანს? რომელი ჩვენგანი იცხოვრებს ხანგრძლივ ხანძართან,+ თუნდაც ცოტა ხანს?“
15 არის ის, ვინც მუდმივად სიმართლით დადის+ და სიმართლეს ლაპარაკობს,+ ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე,+ ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე,+ ვინც ყურს იხშობს, რომ არ მოისმინოს სისხლის ღვრის შესახებ, ვინც თვალებს ხუჭავს, რომ არ შეხედოს ბოროტებას.+
16 ის დამკვიდრდება სიმაღლეებში;+ მიუვალი კლდოვანი თავშესაფარი ექნება მაღლობზე.+ თავისივე პური მიეცემა მას.+ წყლის მარაგი არ გაუთავდება».+
17 შენი თვალები იხილავს მეფეს თავისი მშვენებით,+ იხილავს შორეულ ქვეყანას.+
18 ჩუმად იტყვი გულში+ საშინელ რამეზე: „სად არის მწიგნობარი? სად არის გადამხდელი?+ სად არის კოშკების დამთვლელი?“+
19 არ იხილავ თავხედ ხალხს, გაურკვევლად, გაუგებარი ენით მოლაპარაკეს.+
20 იხილე სიონი,+ ჩვენი დღესასწაულების ქალაქი!+ შენი თვალები იხილავს იერუსალიმს, მყუდრო საცხოვრებელს, კარავს, რომელსაც არავინ აშლის.+ არასოდეს ამოაძრობენ ამ კარვის პალოებს და არ გაწყდება მისი თოკები.+
21 იმ ადგილზე დიდებული ღმერთი,+ იეჰოვა დაგვიცავს მდინარეებივით+ და განიერი არხებივით. არ გაივლიან მათზე ნიჩბებიანი ხომალდები და საუცხოო გემები არ გადაკვეთენ მათ.
22 იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე,+ იეჰოვაა ჩვენთვის წესების დამდგენი,+ იეჰოვაა ჩვენი მეფე;+ ის გვიხსნის.+
23 მოეშვება შენი თოკები, ვეღარ დაიჭერს ანძას; ვერ გაშლიან ისინი იალქანს.
იმ დროს განაწილდება უხვი ნაძარცვი, ბევრს დაიტაცებენ კოჭლები.+
24 არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო.+ იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული.+