ესაია 42:1—25
42 აი ჩემი მსახური,+ რომელსაც მხარს ვუჭერ!+ ჩემი რჩეული,+ რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა*!+ ჩემი სული* ჩავდე მასში.+ სამართალს გაუჩენს ხალხებს.+
2 არ იყვირებს და ხმას არ აუწევს, ქუჩაში ვერ გაიგონებენ მის ხმას.+
3 გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს+ და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს. ჭეშმარიტებით აღასრულებს სამართალს.+
4 არ ჩაიბჟუტება და არ მოიდრიკება, სანამ სამართალს არ აღასრულებს დედამიწაზე.+ მის კანონს დაელოდებიან კუნძულები.+
5 აი რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, ცის შემოქმედი+ და მისი დიდებული გადამჭიმავი,+ დედამიწისა+ და მისი ნაყოფის გადამშლელი,+ მასზე მცხოვრები ხალხისთვის+ სუნთქვის მიმცემი+ და მასზე მოარულთათვის სულის ჩამდგმელი:+
6 „მე, იეჰოვამ, მოგიხმე სიმართლით+ და ჩაგჭიდე ხელი.+ დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის,+ სინათლედ — ერებისთვის,+
7 რათა თვალები აეხილოთ ბრმებს,+ დილეგიდან გამოვიდნენ პატიმრები+ და სატუსაღოდან გამოვიდნენ სიბნელეში მსხდომნი.+
8 მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი.+ ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას,+ არც ჩემს ქებას+ — ქანდაკებებს.+
9 თავდაპირველი შესრულდა,+ მაგრამ ახლა ახალ რამეს ვამბობ. სანამ გამოჩნდება, გაგაგებინებთ“.+
10 უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+ ქება — დედამიწის კიდეებიდან,+ თქვენ, ვინც საზრდოობთ ზღვით+ და ყოველივეთი, რაც მასშია, და თქვენ, კუნძულებო და მასზე მცხოვრებნო!+
11 ხმა აღიმაღლოს უდაბნომ+ და მისმა ქალაქებმა, სადაც კედარი მკვიდრობს!+ სიხარულით იყიჟინონ კლდოვანი+ ადგილების მკვიდრებმა! მთის მწვერვალებზე შესძახოს ხალხმა!
12 დიდება მიაგონ იეჰოვას;+ აქონ ის კუნძულებზე!+
13 ძლიერი კაცივით გამოვა იეჰოვა.+ მოშურნეობით აღივსება,+ როგორც მეომარი. ყიჟინას დასცემს, საომარ ყიჟინას.+ დასძლევს თავის მტრებს.+
14 „დიდხანს ვდუმდი.+ ჩუმად ვიყავი.+ თავს ვიკავებდი.+ მშობიარე ქალივით ავკვნესდები, ქშენას დავიწყებ და სუნთქვა შემეკვრება.+
15 გავანადგურებ+ მთებსა და გორებს, მთელ მათ მცენარეულობას გავახმობ. მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ და ამოვაშრობ ლერწმიან ტბორებს.+
16 მათთვის უცნობი გზით ვატარებ ბრმებს,+ მათთვის უცნობ სავალს დავატკეპნინებ.+ ბნელს ნათლად ვაქცევ+ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროს — ვაკედ.+ ამას გავაკეთებ მათთვის და არ მივატოვებ მათ“.+
17 უკან მობრუნდებიან, ძლიერ შერცხვებიან ისინი, ვინც გამოსახულებაზე ამყარებენ იმედს+ და ქანდაკებას ეუბნებიან, თქვენ ხართ ჩვენი ღმერთებიო.+
18 ისმინეთ, ყრუებო, და გაიხედეთ, რომ დაინახოთ, ბრმებო!+
19 ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მსახური, და ვინ არის ყრუ ჩემი მაცნესავით, რომელსაც ვგზავნი? ვინ არის დაჯილდოებულივით ან იეჰოვას მსახურივით ბრმა?+
20 ბევრი რამ ნახე, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევია.+ ყურები გახსნილი გქონდა, მაგრამ არ მოგისმენია.+
21 იეჰოვამ თავისი სიმართლის+ გულისთვის მოისურვა, რომ განედიდებინა კანონი+ და აემაღლებინა ის.
22 ეს ხალხი გაქურდული და გაძარცულია;+ ყველანი გამოქვაბულებში არიან გამომწყვდეულნი და სატუსაღოებში არიან დამალულნი.+ ნაქურდალივით არიან და არავინ არის მხსნელი,+ ნაძარცვივით არიან და არავინ ამბობს, დააბრუნეთო.
23 ვინ დაუგდებს ამას ყურს? ვინ მიაქცევს ყურადღებას და ვინ მოისმენს სამომავლოდ?+
24 ვინ მისცა იაკობი გასაქურდავად და ისრაელი — გასაძარცვავად? განა იეჰოვამ არა, რომლის წინააღმდეგაც შესცოდეს, რომლის გზითაც არ ისურვეს სიარული და რომლის კანონსაც არ მოუსმინეს?!+
25 ამიტომ რისხვას, მრისხანებას ღვრიდა მასზე და ომის სისასტიკეს,+ რაც ყოველი მხრიდან შთანთქავდა მას,+ მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა.+ მის წინააღმდეგ ბრიალებდა, მაგრამ მას გულთან ახლოს არ მიუტანია.+