ესაია 5:1—30
5 ვუმღერებ მას, ვინც მიყვარს, სიმღერას მის ვენახზე.+ მას, ვინც მიყვარს, ვენახი ჰქონდა ნაყოფიერ ფერდობზე.
2 დაბარა, ქვისგან გაწმინდა და საუკეთესო წითელი ვაზი ჩაყარა, მის შუაგულში კი კოშკი ააშენა.+ საწნახელიც ამოკვეთა+ და ელოდა, რომ ვაზი ყურძენს მოისხამდა,+ მაგრამ ველური ყურძენი მოისხა.+
3 „ახლა კი თქვენ, იერუსალიმის მკვიდრნო და იუდას ხალხო, განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი.+
4 რაღა უნდა გავუკეთო ჩემს ვენახს იმაზე მეტი, რაც გავუკეთე?+ რატომ მოისხა ველური ყურძენი, როცა კარგ ყურძენს ველოდი?
5 ახლა გეტყვით, რას ვუზამ ჩემს ვენახს: ღობეს მოვუნგრევ+ და გადასაბუგავად გაიწირება,+ დავუნგრევ ქვის კედელს და გასათელად გაიწირება,+
6 გავანადგურებ+ მას და აღარც გაისხვლება და აღარც გაითოხნება,+ ეკლიანი ბუჩქები და სარეველა მოედება;+ ღრუბლებს ვუბრძანებ, რომ აღარ აწვიმონ მას.+
7 ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ვენახი+ ისრაელის სახლია; იუდას ხალხი ნარგავია, რომელიც მას უყვარდა.+ სამართალს ელოდა,+ მაგრამ ირღვევა კანონი; სიმართლეს ელოდა, მაგრამ ღაღადი ისმის“.+
8 ვაი მათ, ვინც სახლს სახლს უმატებს+ და ვინც ყანას ყანაზე იტაცებს და ადგილს არ ტოვებს.+ თქვენღა ცხოვრობთ ამ ქვეყანაში!
9 ჩემ გასაგონად დაიფიცა იეჰოვამ, რომ მრავალი დიდი და კარგი სახლი გაოგნებას გამოიწვევს; არავინ იცხოვრებს მათში.+
10 ოთხ ჰექტარ+ ვენახში ერთი ბათი მოვა,+ ერთი ხომერი თესლიდან — ერთი ეფა.+
11 ვაი მათ, ვინც დილით ადრე დგება მათრობელი სასმლის საძებნელად,+ ვინც გვიანობამდე, დაბინდებამდე ღვინით ხურდება!+
12 ქნარი და სხვა სიმებიანი საკრავი, დაირა, სალამური და ღვინო აქვთ ლხინში;+ იეჰოვას საქმეებს არ უკვირდებიან და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.+
13 გადასახლებაში წავა ჩემი ხალხი, რადგან არ მიცნობს;+ მათი დიდებულები დაიმშევიან+ და უბრალო ხალხი წყურვილისგან გამოიფიტება.+
14 გაფართოვდა სამარე* და უზომოდ დააღო პირი;+ მასში ჩავა ყველაფერი, რაც საუცხოოა იერუსალიმში, ასევე მისი ბრბო, ყაყანი და მხიარული ხალხი.+
15 ქედს მოიხრის კაცი და დამდაბლდება. ამაღლებულთა თვალები დამცირდება.+
16 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი განდიდდება განაჩენის აღსრულებით;+ ჭეშმარიტი ღმერთი, წმინდა,+ თავს განიწმინდავს სიმართლით.+
17 ბატკნები მოძოვენ თითქოსდა თავიანთ საძოვარზე, უცხოები შეჭამენ გაპარტახებული ადგილების ნაყოფს, სადაც ერთ დროს ნასუქი პირუტყვი ძოვდა.+
18 ვაი მათ, ვინც დანაშაულს სიცრუის თოკებით მიათრევს და ცოდვას — ურმის თასმებით,+
19 ვინც ამბობს: „დაჩქარდეს მისი საქმე; დაჩქარდეს, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს და შესრულდეს ისრაელის წმინდის განზრახვა, რომ გავიგოთ ის!“+
20 ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს — კარგს,+ ვინც სიბნელეს სინათლით ცვლის და სინათლეს — სიბნელით, ვინც ტკბილს მწარით ცვლის და მწარეს — ტკბილით!+
21 ვაი მათ, ვინც ბრძენია საკუთარ თვალში და გამჭრიახი — საკუთარი სახის წინაშე!+
22 ვაი მათ, ვინც ღვინის სმაში მაგარია, და ვაი ვაჟკაცებს, მათრობელ სასმელს რომ აზავებენ,+
23 ვინც ქრთამის+ გამო ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!+
24 როგორც ცეცხლის ენა ჭამს ნამჯას+ და ალი შთანთქავს თივას, ისე იქცევა შმორის სუნად+ მათი მთავარი ფესვი და მტვერივით გაიფანტება მათი ყვავილი, რადგან უარყვეს ლაშქართა ღვთის, იეჰოვას კანონი+ და არაფრად ჩააგდეს ისრაელის წმინდის სიტყვა.+
25 ამიტომ აღიგზნო იეჰოვას რისხვა თავისი ხალხის წინააღმდეგ;+ ის ხელს გაიწვდის მათ წინააღმდეგ+ და დაჰკრავს მათ. შეიძვრებიან მთები და მათი გვამები ქუჩებში დაყრილ ნაგვად იქცევა.+
ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.
26 მან ნიშანი აღუმართა შორს მცხოვრებ დიდ ერს,+ სტვენით მოიხმო იგი დედამიწის კიდეებიდან;+ სწრაფად, ჩქარა მოვა იგი.+
27 მათ შორის არავინ არის დაღლილი და არავინ ბორძიკობს, არავინ თვლემს და არავის სძინავს. არ შეეხსნებათ თეძოებზე შემორტყმული სარტყელი, არ დაუწყდებათ სანდლებზე თასმები;
28 წვერწამახულია მათი ისრები და მოზიდულია მათი მშვილდები.+ მათ ცხენებს კაჟივით ჩლიქები ექნებათ+ და მათი ბორბლები ქარიშხალს დაემსგავსება.+
29 მათი ღრიალი ლომის ღრიალს ჰგავს, ფაფრიანი ლომებივით ღრიალებენ.+ ბრდღვინვას დაიწყებენ, მსხვერპლს დაიჭერენ და დაუბრკოლებლად წაიყვანენ; არავინ იქნება მხსნელი.+
30 იმ დღეს დაუღრიალებენ მას, როგორც ზღვა ღრიალებს.+ შეხედავს კაცი ქვეყანას და დამამწუხრებელი სიბნელე იქნება იქ.+ სინათლეც კი დაბნელდება მასზე დაცემული წვიმის წვეთების გამო.
სქოლიოები
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.