ესაია 58:1—14
58 «მთელი ხმით იყვირე, თავს ნუ შეიკავებ!+ საყვირივით აიმაღლე ხმა! უთხარი ჩემს ხალხს მათი ურჩობის შესახებ+ და იაკობის სახლს — მათი ცოდვების შესახებ!
2 ყოველდღე მეძებდნენ, ჩემი გზების ცოდნა ანიჭებდათ სიამოვნებას+ როგორც ერს, რომელიც სიმართლეს მისდევს და არ მიუტოვებია თავისი ღვთის სამართალი;+ სამართლიან განაჩენს მთხოვდნენ, უახლოვდებოდნენ ღმერთს, რომელშიც სიამოვნებას პოულობდნენ.+
3 „რისთვის ვმარხულობდით, თუკი არ გვხედავდი?!+ რისთვის ვიმდაბლებდით თავს,+ თუკი ყურადღებას არ გვაქცევდი?!“+
მარხვის დღე გსიამოვნებდათ, როცა თქვენს მუშებს სამუშაოდ მიერეკებოდით.+
4 დავისთვის და უთანხმოებისთვის მარხულობდით,+ რომ ბოროტებით გერტყათ მუშტები.+ განა ისე არ მარხულობდით, რომ თქვენი ხმა შესმენილიყო მაღლა?!
5 განა ასეთი უნდა იყოს ჩემთვის სასურველი მარხვა, დღე, როცა კაცი თავს იმდაბლებს?!+ განა ეს დღე იმისთვისაა, რომ ლელქაშივით ხრიდეს ის თავს და ტახტივით იშლიდეს ჯვალოსა და ნაცარს?!+ ამას უწოდებ მარხვას და იეჰოვასთვის მისაღებ დღეს?!+
6 განა ეს არ არის ჩემთვის სასურველი მარხვა, რომ მოუშვათ ბოროტებით დადებული ბორკილები,+ გახსნათ უღლის თოკები,+ გაათავისუფლოთ+ დაჩაგრულები და გადატეხოთ უღელი?!+
7 განა იმისთვის არ არის, რომ პური გაუყო მშიერს+ და სახლში მიიყვანო დაჩაგრული და უსახლკარო,+ შიშველს თუ დაინახავ, ჩააცვა მას+ და არ დაემალო მას, ვინც შენი ხორცია?!+
8 მაშინ განთიადივით გამოანათებს შენი სინათლე+ და სწრაფად განიკურნები.+ შენ წინ ივლის შენი სიმართლე+ და იეჰოვას დიდება ზურგს გაგიმაგრებს.+
9 მაშინ მოუხმობ იეჰოვას და ისიც გიპასუხებს; შველას სთხოვ+ და გეტყვის, აქ ვარო!
თუ მოიშორებ უღელს,+ მოეშვები თითის გაშვერასა+ და სიავის ლაპარაკს;+
10 თუ მშიერს მისცემ იმას, რაც შენს სულს სწადია,+ და დაანაყრებ დაჩაგრულ სულს, მაშინ ბნელში გაანათებს შენი სინათლე და შენი წყვდიადი შუადღეს დაემსგავსება.+
11 იეჰოვა წაგიძღვება+ მუდამ+ და დააკმაყოფილებს შენს სულს გადამწვარ მიწაზე,+ ის გაგიმაგრებს ძვლებს.+ დაემსგავსები წყალუხვ ბაღსა+ და წყლის სათავეს, დაუშრობელ წყალს.
12 შენი თხოვნით ააშენებს ხალხი დიდი ხნის წინათ განადგურებულ ადგილებს.+ აღადგენ საძირკვლებს, რომლებიც დანგრეული იყო თაობიდან თაობაში.+ ბზარების შემკეთებელი+ და დასახლებულ ადგილებზე გამავალი გზების აღმდგენელი დაგერქმევა.
13 თუ შაბათის გამო უკან დაიხევ და ჩემს წმინდა დღეს+ არ გააკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს, შაბათს ნეტარებას, იეჰოვას წმინდა დღესა და განდიდებულ დღეს+ უწოდებ, განადიდებ მას ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი გზებით იარო, ეძებო ის, რაც გსიამოვნებს, და ცარიელი სიტყვები ილაპარაკო,
14 მაშინ ნეტარებას პოვებ იეჰოვაში+ და დედამიწის მაღლობებზე გატარებ.+ შენი წინაპრის, იაკობის მემკვიდრეობიდან+ გაჭმევ, რადგან იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას».+