ესაია 9:1—21
9 აღარ იქნება ბინდი, როგორც მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, როცა ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა+ მოძულებული იყო. მოგვიანებით, ის პატივდებული გახდა+ — ზღვისპირა გზა, იორდანის მხარეში მდებარე უცხოტომელთა გალილეა.+
2 ბნელში მოსიარულე ხალხმა დიდი სინათლე+ იხილა და უკუნეთის+ ქვეყანაში მცხოვრებლებს სინათლემ გაუნათა.+
3 შენ გაამრავლე ერი;+ გული გაუმხიარულე.+ შენ წინაშე ხარობდნენ ისინი როგორც მკის დროს+ ხარობენ, როგორც ნადავლის გაყოფით გახარებულები.+
4 როგორც მიდიანის დღეს,+ ისე დალეწე მათი ტვირთის უღელი,+ კეტი მათ მხრებზე და ჯოხი, რომლითაც სამუშაოდ მიერეკებოდნენ+ მათ.
5 ყოველი ჩექმა, რომლითაც ბრაგაბრუგით+ დადიან და ყოველი სისხლში ამოვლებული მოსასხამი ცეცხლის კერძად იქცა.+
6 შეგვეძინა შვილი,+ მოგვეცა ძე,+ რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა.+ დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი,+ ძლიერი ღმერთი,+ მარადიული მამა,+ მშვიდობის მთავარი.+
7 მისი ხელმწიფობა განივრცობა+ და მშვიდობას ბოლო არ ექნება+ დავითის+ ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად+ და სამართლიანობითა+ და სიმართლით+ მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას.+
8 სიტყვა გაგზავნა იეჰოვამ იაკობის წინააღმდეგ, ისრაელზე შესრულდა იგი.+
9 გაიგებს ამას ხალხი,+ ყოველი მათგანი, ეფრემი და სამარიის+ მკვიდრი, ამპარტავნობითა და კადნიერი გულით რომ ამბობენ:+
10 აგურები ჩამოცვივდა, მაგრამ თლილი ქვებით+ ავაშენებთო. სიკომოროები+ მოიჭრა, მაგრამ მას კედრებით შევცვლითო.
11 იეჰოვა რეცინის მტრებს აუმხედრებს მას და შეაგულიანებს მის მტრებს:+
12 სირიას — აღმოსავლეთიდან+ და ფილისტიმს — უკნიდან;+ დააღებენ პირს და შეჭამენ ისრაელს.+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+
13 არ დაუბრუნდა ხალხი მას, ვინც დაჰკრა მათ,+ არ ეძებდნენ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას.+
14 ერთ დღეს მოჰკვეთს იეჰოვა ისრაელს თავსა+ და კუდს,+ ყლორტსა და ლელქაშს.+
15 მოხუცებული და ღრმად პატივცემული თავია,+ ხოლო სიცრუის მასწავლებელი წინასწარმეტყველი — კუდი.+
16 ამ ხალხს წინამძღოლები ახეტიალებენ;+ დაბნეულნი არიან ისინი, ვისაც წინ მიუძღვიან.+
17 ამიტომ სიხარულს არ მიანიჭებენ იეჰოვას მათი ჭაბუკები,+ არ შეიწყალებს მათ უმამო ბავშვებსა და ქვრივებს, რადგან ყველანი განდგომილები+ და ბოროტმოქმედები არიან; ყოველი პირი უგუნურებას ლაპარაკობს. ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+
18 ცეცხლივით აგიზგიზდა ბოროტება;+ ეკლიან ბუჩქებსა და სარეველას შეჭამს იგი.+ ცეცხლი მოეკიდება ტევრებს,+ რომლებიც კვამლის სვეტებად ავა.+
19 ლაშქართა ღვთის, იეჰოვას რისხვით ცეცხლი მოეკიდა ქვეყანას, ცეცხლის კერძად იქცევა ხალხი;+ საკუთარ ძმასაც კი არავინ შეიბრალებს.+
20 ერთი მარჯვნივ მოჭრის, მაგრამ მშიერი დარჩება; მეორე მარცხნივ შეჭამს, მაგრამ ვერ გაძღება.+ თითოეული თავისი მკლავის ხორცს შეჭამს,+
21 მენაშე — ეფრემს და ეფრემი — მენაშეს. ორივენი იუდას წინააღმდეგ აღსდგებიან.+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+