ესთერი 1:1—22
1 ახაშვეროშის*+ დროს — იმ ახაშვეროშისა, რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდი სამთავროს მეფე იყო+ —
2 იმ დროს, როცა მეფე ახაშვეროში იჯდა თავის სამეფო ტახტზე,+ შუშანის+ ციხე-დარბაზში,+
3 თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი+ გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს, სპარსეთისა+ და მიდიის+ მხედართმთავრებს, წარჩინებულებსა+ და სამთავროთა მთავრებს.+ მასთან იყვნენ ისინი
4 და ის უჩვენებდა მათ თავისი დიდებული სამეფოს სიმდიდრეს,+ მოწიწების მომგვრელ+ სიდიადესა და თავის ბრწყინვალებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს.
5 ამის შემდეგ, მეფემ სასახლის ბაღის ეზოში შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა ყველას, ვინც შუშანის ციხე-დარბაზში იყო, დიდსა თუ პატარას.
6 სელისა და საუკეთესო ბამბის ქსოვილები, ასევე ლურჯი+ ქსოვილები წმინდა ძაფებით დამზადებული თოკებით იყო დამაგრებული; მოშინდისფრო+ შალის ზონრები ვერცხლის რგოლებში იყო გაყრილი და მარმარილოს სვეტებზე მიმაგრებული, ოქროსა და ვერცხლის ტახტები+ იდგა პორფირის*, მარმარილოს, სადაფისა და შავი მარმარილოს ქვაფენილზე.
7 ღვინოს ოქროს სასმისებით+ აწვდიდნენ, ნაირ-ნაირი სასმისებით; უხვად იყო სამეფო ღვინო,+ როგორც მეფეს შეეფერებოდა.
8 სმის დროს არავის აძალებდნენ დალევას, როგორც ეს კანონით მოითხოვებოდა, რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი სახლის დიდებულებისთვის, რომ თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ.
9 დედოფალმა ვაშთიმაც+ გამართა ნადიმი ქალთათვის მეფე ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.
10 მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული,+ უთხრა მან მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას,+ ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს — შვიდ კარისკაცს, რომლებიც თვით მეფე ახაშვეროშს ემსახურებოდნენ,+
11 რომ მეფესთან მიეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო თავსაბურავით ხალხთათვის და მთავართათვის მისი სილამაზის საჩვენებლად, რადგან თვალტანადი იყო იგი.+
12 მაგრამ არ ისურვა+ დედოფალმა ვაშთიმ მისვლა მეფის სიტყვისამებრ, კარისკაცებმა რომ გადასცეს, რის გამოც ძლიერ განრისხდა მეფე და რისხვით აენთო.+
13 ჰკითხა მეფემ დროთა მცოდნე+ ბრძენკაცებს+ (რადგან ასე განიხილებოდა მეფის საქმეები კანონისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე;
14 მასთან ყველაზე დაახლოებული პირები იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი — სპარსეთისა და მიდიის შვიდი+ მთავარი, რომლებსაც მეფესთან შესვლის უფლება+ ჰქონდათ და სამეფოში პირველი ადგილები ეკავათ):
15 „კანონის თანახმად რა უნდა ვუყოთ დედოფალ ვაშთის იმისთვის, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის სიტყვა, კარისკაცების მიერ გადაცემული?“
16 თქვა მემუქანმა+ მეფისა და მთავრების წინაშე: „დედოფალი ვაშთი არა მხოლოდ მეფეს მოექცა ცუდად,+ არამედ მეფე ახაშვეროშის სამთავროებში მცხოვრებ ყველა მთავარსა და ყველა ხალხს.
17 რადგან მიუვა დედოფლის ამბავი ყველა ცოლს, ისინიც აითვალწუნებენ+ თავიანთ ქმრებს+ და იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა ბრძანა, რომ მასთან მიეყვანათ დედოფალი ვაშთი, მაგრამ ის არ მისულაო.
18 ახლა სპარსეთისა და მიდიის მთავრების ცოლები, რომლებმაც შეიტყვეს დედოფლის ამბავი, ასევე შეეპასუხებიან მეფის მთავრებს, ამას კი დიდი სიძულვილი და რისხვა მოჰყვება.+
19 თუ მეფე ინებებს,+ გამოვიდეს მისგან სამეფო სიტყვა და ჩაიწეროს ის სპარსეთისა და მიდიის კანონებში,+ რათა არ გაუქმდეს,+ და აღარ დაიშვას ვაშთი მეფე ახაშვეროშთან; მისი სამეფო ღირსება კი მეფემ გადასცეს სხვა ქალს, მასზე უკეთესს.
20 წაიკითხონ მეფის დადგენილება მთელ მის სამეფოში (რადგან ვრცელია ის), და ყველა ცოლი, დიდებული თუ მდაბიო, პატივს მიაგებს+ თავის პატრონს“.+
21 მოეწონათ მეფესა+ და მთავრებს ეს წინადადება, და მეფეც მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა.
22 დაგზავნა მან წერილები+ სამეფოს ყველა სამთავროში, თითოეულ სამთავროში+ თავისი დამწერლობით, ყველა ხალხთან თავიანთ ენაზე, რომ ყველა ქმარი თავისი სახლის+ მთავარი ყოფილიყო და თავისი ხალხის ენაზე ელაპარაკა.
სქოლიოები
^ სეპტუაგინტის მიხედვით არტაქსერქსე. ფიქრობენ, რომ ეს არის ქსერქსე I, დარიოს I-ის ვაჟი.
^ ძვირად ღირებული, მაგარი ქვა, ჩვეულებრივ მუქი წითელი, თეთრი წინწკლებით.