იგავები 13:1—25
13 მამის დარიგება* შვილს აბრძენებს,+ დამცინავი კი არ ისმენს გაკიცხვას.+
2 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით სიკეთეს მოიმკის,+ ვერაგთა სული კი ძალადობით არის სავსე.+
3 ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, თავის სულს იცავს,+ პირმორღვეული კი დაიღუპება.+
4 ზარმაცს სურს, მაგრამ არაფერი აქვს,+ მუყაითებს კი სიუხვე ექნებათ.+
5 მართალს სძულს ცრუ სიტყვა,+ ბოროტები კი სამარცხვინოდ იქცევიან და თავს ირცხვენენ.+
6 უმწიკვლო გზით მავალს სიმართლე იცავს,+ ცოდვილს კი ბოროტება დაამხობს.+
7 ზოგს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;+ ზოგს კი თავი არაფრის მქონედ მოაქვს, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონია.
8 მდიდარი კაცი თავის სულს სიმდიდრით გამოისყიდის,+ ღარიბს კი არ ესმის გაკიცხვა.+
9 მართლებს თავიანთი სინათლე გაახარებს,+ ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.+
10 კადნიერება უთანხმოებას იწვევს,+ მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.+
11 ამაოებით მოპოვებული ძვირფასეულობა დაცოტავდება,+ ხელით შემგროვებელი კი მეტს მოიხვეჭს.+
12 ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს,+ ასრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა.+
13 ვინც სიტყვას არაფრად აგდებს,+ გირაოს დაკარგავს, კანონის* მოშიში კი დაჯილდოვდება.+
14 ბრძენის კანონი სიცოცხლის წყაროა,+ სიკვდილის მახისთვის გვერდს ააქცევინებს კაცს.+
15 მას, ვისაც წვდომის უნარი აქვს, კეთილგანწყობით ეპყრობიან,+ ვერაგთა გზა კი დაბრკოლებებითაა სავსე.+
16 წინდახედული ცოდნით იმოქმედებს,+ უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს.+
17 ბოროტ მაცნეს ცუდად წაუვა საქმე,+ ერთგული დესპანი კი მკურნალია.+
18 დარიგების უგულებელმყოფელი გაღარიბდება და დამცირდება,+ შეგონების მომსმენი კი განდიდდება.+
19 ასრულებული სურვილი სულს სიამოვნებას ჰგვრის;+ უგუნურებისთვის სისაძაგლეა ბოროტებისგან განრიდება.+
20 ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება,+ სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება.+
21 ცოდვილებს უბედურება სდევთ თან,+ მართლები კი ყოველივე კარგით დაჯილდოვდებიან.+
22 კარგი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას დაუტოვებს, ცოდვილთა სიმდიდრე კი მართალთათვის შეინახება.+
23 ღარიბს უხვად მისცემს საკვებს მოხნული მიწა,+ ზოგი კი თავისი უსამართლობის გამო აღიგვება.+
24 ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი,+ ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის* მას.+
25 მართალი გაძღომამდე შეჭამს,+ ბოროტს კი მუცელი ცარიელი ექნება.+