იერემია 17:1—27
17 „რკინის კალმითაა ნაწერი+ იუდას ცოდვა, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე+ და მათი სამსხვერპლოების რქებზე,+
2 მათ ვაჟებსაც ახსოვთ სამსხვერპლოები ფოთოლხშირი ხეების გვერდით და მაღალ გორებზე მდგარი წმინდა ბოძები,+
3 მთებზე მინდვრად. დავატაცებინებ შენს სიმდიდრესა და მთელ შენს განძს,+ დავატაცებინებ შენს მაღლობებს მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვის გამო.+
4 შენ თვითონ გაუშვი ხელიდან მემკვიდრეობა, რომელიც მოგეცი,+ და მეც შენი მტრების მსახურად გაქცევ უცხო მიწაზე;+ ცეცხლად აგანთოთ ჩემმა რისხვამ.+ მარადიულად იგიზგიზებს ის“.
5 აი რას ამბობს იეჰოვა: „წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს,+ ხორციელის მკლავს ენდობა+ და ვისი გულიც შორდება იეჰოვას.+
6 ხრიოკ მიწაზე მდგომ ერთადერთ ხეს დაემსგავსება ის და ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას;+ დამკვიდრდება უდაბნოს გადახრუკულ ადგილზე, მარილიან მიწაზე, რომელზეც არავინ მკვიდრობს.+
7 კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს და ენდობა იეჰოვას.+
8 იქნება ის წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს; არ იხილავს პაპანაქების დადგომას და ხშირი ფოთლებით შეიმოსება.+ არ შეწუხდება გვალვიან წელს+ და არც ნაყოფის გამოღებას შეწყვეტს.
9 გული ყველაზე ვერაგი და უმართავია.+ ვინ შეიცნობს მას?
10 მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს+ და ვამოწმებ თირკმელებს,+ რათა თითოეულს თავისი გზისამებრ+ და თავის საქმეთა ნაყოფისამებრ მივუზღა.+
11 კაცი, რომელიც უსამართლობით იგროვებს სიმდიდრეს, ჰგავს კაკაბს, იმას რომ აგროვებს, რაც არ დაუდვია.+ თავისი დღეების შუაგზაზე მიატოვებს+ მას და ბოლოს უგუნური აღმოჩნდება“.+
12 დიდებული ტახტი დასაბამიდანვე ამაღლებულია;+ ისაა ჩვენი საწმინდრის ადგილსამყოფელი.+
13 ო, იეჰოვა, ისრაელის იმედო,+ შერცხვება ყველა შენი მიმტოვებელი;+ ჩემგან* განდგომილნი+ მიწის მტვერზე დაიწერებიან, რადგან ტოვებენ ცოცხალი წყლის წყაროს, იეჰოვას.+
14 განმკურნე, იეჰოვა, და განვიკურნები,+ გადამარჩინე და გადარჩენილი ვიქნები,+ რადგან შენ გაქებ!+
15 აი მეუბნებიან: „სად არის იეჰოვას სიტყვა?+ მოვიდეს!“
16 არ მიმიტოვებია მწყემსობა და მოგყვებოდი, არ მსურდა უბედური დღის დადგომა. შენ იცი, რასაც ამბობს ჩემი ბაგე, ჩემი სიტყვები შენ თვალწინაა.
17 ნუ შემაძრწუნებ,+ შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დროს.+
18 შერცხვნენ ჩემი მდევნელები,+ მე კი ნუ შევრცხვები!+ დაე, თავზარი დაეცეთ მათ, მე კი ნუ დამეცემა თავზარი! უბედურება დაატეხე მათ,+ ორმაგი დაქცევით დააქციე!+
19 აი რა მითხრა იეჰოვამ: «წადი და დადექი ხალხის ძეთა კარიბჭესთან, საიდანაც შედიან და საიდანაც გადიან იუდას მეფეები, იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან დადექი+
20 და უთხარი მათ, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდა და იერუსალიმის მკვიდრნო, რომლებიც ამ კარიბჭეების გავლით შემოდიხართ!+
21 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „იფხიზლეთ თქვენს სულებზე,+ არანაირი ტვირთი არ იტვირთოთ შაბათ დღეს და არ შეიტანოთ იერუსალიმის კარიბჭეებით,+
22 არ გამოიტანოთ ტვირთი თქვენი სახლებიდან შაბათ დღეს; არანაირი საქმე არ აკეთოთ.+ წმინდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამა-პაპას;+
23 მაგრამ არ მისმენდნენ ისინი და ყურს არ მიგდებდნენ,+ ჯიუტობდნენ,+ რომ არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება“.+
24 „თუ ყველაფერში დამემორჩილებით,+ — ამბობს იეჰოვა, — შაბათ დღეს არანაირ ტვირთს არ შეიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებით და წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს+ იმით, რომ ამ დღეს არანაირ საქმეს არ გააკეთებთ,+
25 მაშინ ამ კარიბჭეების გავლით შევლენ დავითის ტახტზე+ მსხდომი მეფეები და მათი მთავრები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი; შევლენ მეფეები და მათი მთავრები, იუდას ხალხი და იერუსალიმის მკვიდრნი; და მარადიულად დასახლებული იქნება ეს ქალაქი.
26 მოვა ხალხი იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან,+ ბარიდან,+ მთიდან+ და ნეგებიდან;+ მოიტანენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს,+ მსხვერპლს,+ მარცვლეულ შესაწირავსა+ და გუნდრუკს,+ და სამადლობელ მსხვერპლს მიიტანენ იეჰოვას სახლში.+
27 მაგრამ თუ არ დამემორჩილებით — არ წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს, მაინც ატარებთ ტვირთს+ და შაბათ დღეს ტვირთით შეხვალთ იერუსალიმის კარიბჭეების გავლით, ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში,+ შთანთქავს ის იერუსალიმის საცხოვრებელ კოშკებს+ და არ ჩაქრება“».+
სქოლიოები
^ იერემია ლაპარაკობს იეჰოვას სახელით.