იერემია 19:1—15
19 აი რა თქვა იეჰოვამ: «წადი და გამოართვი მეთუნეს+ თიხის დოქი. მოუხმე ხალხიდან რამდენიმე უხუცესს და მღვდლებიდანაც რამდენიმე უხუცესს.
2 გადი ჰინომის ძის ველზე,+ რომელიც თიხის ნატეხების კარიბჭის* შესასვლელთანაა, და იქ გამოაცხადე სიტყვები, რომლებსაც გეტყვი.+
3 თქვი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო და იერუსალიმის მკვიდრნო,+ აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი:
„ისეთ უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, რომ მის გამგონეს ყურები შუილს დაუწყებს,+
4 რადგან მიმატოვეს,+ ეს ადგილი ისეთი გახადეს, რომ აღარ იცნობა,+ შესაწირავს უბოლებენ აქ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ+ არც თვითონ, არც მათი მამა-პაპა და არც იუდას მეფეები; უდანაშაულოთა სისხლით ავსებენ ამ ადგილს.+
5 ააშენეს ბაალის მაღლობები, რომ თავიანთი ვაჟები ცეცხლში დაუწვან ბაალს, როგორც მთლიანად დასაწვავი შესაწირავი,+ რაც არც მიბრძანებია, არც მითქვამს+ და გულშიც არ გამივლია“.+
6 „ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ამ ადგილს აღარ უწოდებენ თოფეთს+ და ჰინომის ძის ველს,+ არამედ — სასაკლაო ველს.
7 ამ ადგილზე ჩავშლი იუდასა და იერუსალიმის ზრახვას,+ მახვილით დავცემ მათ თავიანთი მტრების წინაშე და მათი სულის მძებნელთა ხელით.+ მათ გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივცემ საჭმელად.+
8 გამაოგნებელსა და დასასტვენს გავხდი ამ ქალაქს.+ ყოველი გამვლელი შეხედავს მას და გაოგნდება; სტვენას მოჰყვებიან მთელი მისი უბედურების გამო.+
9 საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს ვაჭმევ მათ; თითოეული თავისი მოძმის ხორცს შეჭამს შევიწროებასა და გაჭირვებაში, რომლებშიც მტრები და მათი სულის მძებნელები ჩაყრიან მათ“.+
10 შენთან ერთად წამოსული კაცების თვალწინ დაამსხვრიე დოქი
11 და უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ისევე დავამსხვრევ ამ ხალხსა და ამ ქალაქს, როგორც ამსხვრევს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომლის გამთელებაც შეუძლებელია;+ თოფეთში+ მანამდე დამარხავენ ხალხს, სანამ იქნება იქ დასამარხი ადგილი“.+
12 ასე მოვექცევი ამ ადგილს, — ამბობს იეჰოვა, — და მის მკვიდრებს, რომ თოფეთს+ დავამსგავსო ეს ქალაქი.
13 თოფეთივით გაუწმინდურდება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები,+ გაუწმინდურდება ყველა სახლი, რომლის ბანზეც შესაწირავს უბოლებდნენ ცის მთელ ლაშქარს+ და დასაღვრელ შესაწირავს უღვრიდნენ სხვა ღმერთებს».+
14 წამოვიდა იერემია თოფეთიდან,+ სადაც გაგზავნილი ჰყავდა ის იეჰოვას, რომ ეწინასწარმეტყველა, დადგა იეჰოვას სახლის ეზოში და მიმართა მთელ ხალხს:+
15 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, დავატეხ ამ ქალაქს და ყველა მის ქალაქს მთელ იმ უბედურებას, რაც მის შესახებ მითქვამს, რადგან გაჯიუტდნენ* და არ ემორჩილებიან ჩემს სიტყვებს“».+