იერემია 21:1—14
21 იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა იერემიას, როცა მეფე ციდკიამ+ გაგზავნა მასთან ფაშხური,+ მალქიას ძე, და მღვდელი ცეფანია,+ მაასეიას ძე, და დააბარა:
2 „დაეკითხე ჩვენთვის იეჰოვას,+ რადგან გვეომება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი.+ იქნებ ადრინდელივით მოიმოქმედოს ჩვენთვის იეჰოვამ საოცარი საქმეები და გაგვეცალოს ნაბუქოდონოსორი“.+
3 იერემიამ მიუგო მათ: «ასე უთხარით ციდკიას,
4 ასე ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ წინააღმდეგ შემოვაბრუნებ იმ საომარ იარაღს, ხელში რომ გიჭირავთ და რითაც ებრძვით ბაბილონის მეფესა+ და ქალდეველებს,+ რომლებმაც თქვენს გალავანს ალყა შემოარტყეს; შევაგროვებ მათ ქალაქის შუაგულში.+
5 მე შეგებრძოლებით+ გაწვდილი ხელითა და ძლიერი მკლავით, რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით.+
6 დავკრავ ამ ქალაქის მკვიდრებს, კაცსაც და პირუტყვსაც და დიდი ჭირით დაიხოცებიან“.+
7 „ამის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — იუდას მეფე ციდკიას, მის მსახურებს, ხალხსა და მათ, ვინც ამ ქალაქში დარჩება, ჭირისგან, მახვილისა და შიმშილისგან გადარჩენილებს, ჩავყრი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ხელში, მათი მტრებისა და მათი სულის მძებნელთა ხელში. ის დაჰკრავს მათ მახვილით;+ არ შეიბრალებს მათ, არც თანაუგრძნობს და არც შეიწყალებს“.+
8 ამ ხალხს კი უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „აი, თქვენ წინაშე ვდებ სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას.+
9 ვინც ქალაქში დარჩება, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება,+ ხოლო ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომლებიც ალყაში გაქცევენ, იცოცხლებს; ნადავლად თავისი სული ექნება“.+
10 „მიბრუნებული მაქვს პირი ამ ქალაქისკენ მის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ,+ — ამბობს იეჰოვა. — ხელში ჩაუვარდება ის ბაბილონის მეფეს,+ რომელიც ცეცხლს მისცემს მას“.+
11 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა იუდას მეფის სახლეულობაზე!+
12 დავითის სახლო,+ აი რას ამბობს იეჰოვა: „სამართლიანი განაჩენი+ გამოიტანეთ ყოველ დილით+ და გამომძალველის ხელიდან დაიხსენით გაძარცული,+ რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა+ და არ აგიზგიზდეს, რასაც ვერავინ ჩააქრობს“.+
13 „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ველის მკვიდრო ქალო,+ ვაკის კლდეო, — ამბობს იეჰოვა. — თქვენც, ვინც ამბობთ, ვინ გამოვაო ჩვენ წინააღმდეგ, ვინ შემოვაო ჩვენს სამყოფელში,+
14 თქვენც მოგთხოვთ პასუხს+ თქვენი საქმეების ნაყოფისამებრ,+ — ამბობს იეჰოვა. — ცეცხლს გავაჩენ მის ტყეში+ და შთანთქავს ის ყველაფერს მის გარშემო“».+