იერემია 22:1—30
22 აი რას ამბობს იეჰოვა: «ჩადი იუდას მეფის სასახლეში და იქ თქვი ეს სიტყვა,
2 თქვი, ისმინე-თქო იეჰოვას სიტყვა, დავითის ტახტზე მჯდომო იუდას მეფეო,+ ისმინე შენს მსახურებთან და შენს ხალხთან ერთად, რომლებიც ამ კარიბჭეების გავლით შემოდიხართ.+
3 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ქმენით სამართალი და სიმართლე, გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული; ცუდად ნუ მოექცევით ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს;+ ნუ ავნებთ+ მათ და ნუ დაღვრით ამ ადგილზე უდანაშაულო სისხლს.+
4 თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ ამ სახლის კარიბჭეთა გავლით შემოვლენ დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი, შემოვა მეფე თავის მსახურებთან და თავის ხალხთან ერთად“.+
5 მაგრამ თუ არ დაემორჩილებით ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ,+ — ამბობს იეჰოვა, — გაპარტახდება ეს სახლი.+
6 აი რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფის სახლზე: „გალაადივით ხარ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალივით.+ უდაბნოდ გაქცევ;+ ყველა ქალაქი გაუკაცრიელდება.+
7 მოგივლენ* ამაოხრებლებს,+ თითოეულს თავისი იარაღით;+ გაგიჩეხენ საუკეთესო კედრებს+ და ცეცხლს მისცემენ.+
8 მრავალი ხალხი ჩაუვლის ამ ქალაქს და ჰკითხავენ ერთმანეთს, რატომ მოექცაო იეჰოვა ასე ამ დიდ ქალაქს?+
9 იტყვიან: იმიტომ, რომ მიატოვესო იეჰოვას, თავიანთი ღვთის, შეთანხმება,+ სხვა ღმერთების წინაშე ემხობოდნენ და ემსახურებოდნენო მათ“.+
10 ნუ დაიტირებთ მკვდარს+ და ნუ იგლოვებთ მას; წამსვლელი იტირეთ, რადგან ის ვეღარ დაბრუნდება და ვეღარ იხილავს თავისი ნათესავების მიწას.
11 აი რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე შალუმზე*,+ იოშიას ძეზე, რომელიც თავისი მამის,+ იოშიას ნაცვლად მეფობს და წასულია ამ ადგილიდან: „ის ვეღარ დაბრუნდება.
12 მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს, და ვეღარ იხილავს ამ მიწას“.+
13 ვაი მას, ვინც იშენებს სახლს,+ მაგრამ არა სიმართლით, და ზემოთა ოთახებს, მაგრამ არა სამართლიანობით, მუქთად ამუშავებს თავის მოძმეს, გასამრჯელოს არ აძლევს,+
14 ვინც ამბობს: „ავიშენებ დიდ სახლს, ფართოზემოთაოთახებიანსა+ და განიერსარკმლებიანს. კედრით იქნება ის მოპირკეთებული+ და ალისფერი საღებავით შეღებილი“.+
15 განა კვლავაც იმეფებ, რადგან კედრით მოგაქვს თავი?! განა მამაშენი არ ჭამდა, არ სვამდა და თან არ აღასრულებდა სამართალსა და სიმართლეს?!+ ამიტომაც მოემართა ხელი.+
16 ის გამოესარჩლა საწყალსა და ღარიბს სასამართლოში+ და კიდეც მოემართა ხელი. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცნობდა?! — ამბობს იეჰოვა. —
17 შენ კი თვალი და გული მხოლოდ უკანონო შემოსავლისკენ+ და უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ მიგიწევს,+ ფიქრობ, ვის რა გამოსტყუო და გამოსძალო.
18 ამიტომ, ასე ამბობს იეჰოვა იუდას მეფე იეჰოიაკიმზე,+ იოშიას ძეზე: „არ იგლოვებენ მას, ვაი, ჩემო ძმაო, ვაი, ჩემო დაოო! არ იგლოვებენ მას, ვაი, ბატონო, ვაი მის დიდებასო!+
19 მამალი ვირივით დაიმარხება ის+ — წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეებს იქით გადააგდებენ“.+
20 ადი ლიბანზე+ და იყვირე, ხმა აიმაღლე ბაშანში!+ აბარიმიდან+ იყვირე, რადგან დაეცა ყველა, ვისაც ძლიერ უყვარდი!+
21 გელაპარაკე, როცა უზრუნველი იყავი,+ შენ კი თქვი, არ დაგემორჩილებიო.+ ასეთია შენი გზა შენი ახალგაზრდობიდან, არ ემორჩილებოდი ჩემს ხმას.+
22 ქარი დამწყემსავს ყველა შენს მწყემსს.+ ისინი, ვისაც ძლიერ უყვარხარ, ტყვეობაში წავლენ;+ მაშინ შერცხვები და დამცირდები მთელი შენი უბედურების გამო.+
23 ლიბანში დამკვიდრებულო,+ კედრებში დაბუდებულო,+ ო, რა ოხვრას მოჰყვები, როცა მშობიარობის ტკივილები დაგეწყება,+ როცა მშობიარე ქალის ტკივილები შეგიპყრობს!»+
24 «ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა, — ქონია*,+ იუდას მეფეო, იეჰოიაკიმის+ ძეო, საბეჭდავი ბეჭედიც+ რომ იყო ჩემს მარჯვენაზე, წაგიძრობდი!+
25 ჩაგაგდებ მათ ხელში, ვინც შენს სულს დაეძებს+, ვისიც გეშინია და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისა და ქალდეველთა ხელში.+
26 გადაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას+ სხვა ქვეყანაში, სადაც არ დაბადებულხართ, და იქ მოკვდებით.+
27 ვერ დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, სადაც სული გაუწევთ.+
28 ნუთუ არაფრად ჩასაგდები, დამსხვრეული+ ნაკეთობაა ეს კაცი, ქონია?!+ ნუთუ უსარგებლო ჭურჭელია?!+ რატომ უნდა იყოს ის და მისი შთამომავალი დანარცხებული და გადაგდებული უცხო ქვეყანაში?+
29 დედამიწავ, დედამიწავ, დედამიწავ, ისმინე იეჰოვას სიტყვა!+
30 აი რას ამბობს იეჰოვა: „ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უშვილო,+ კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხელი არ მოემართება. მისი შთამომავლებიდან არც ერთს არ მოემართება ხელი,+ რომ დაჯდეს დავითის ტახტზე+ და იმეფოს იუდაში“».
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — განვწმენდ.
^ იგივე იეჰოახაზი.
^ სეპტუაგინტის, სირიული თარგმანისა და ვულგატის მიხედვით — იექონია, 2 მფ. 24:6—15-ში — იეჰოიაქინი.