იერემია 23:1—40
23 „ვაი მწყემსებს, რომლებიც სპობენ და ფანტავენ ჩემი საძოვრის ცხვარს!“+ — ამბობს იეჰოვა.
2 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იმ მწყემსებზე, რომლებიც მწყემსავენ ჩემს ხალხს: „თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, მიმოფანტეთ ის და არ აქცევდით მას ყურადღებას“.+
„აი, განგიკითხავთ თქვენი ბოროტი საქმეების გამო“,+ — ამბობს იეჰოვა.
3 „მე თვითონ მოვუყრი თავს ჩემს დარჩენილ ცხვარს ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტე ისინი.+ დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე,+ ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან.+
4 დავუყენებ მათ მწყემსებს, რომლებიც დამწყემსავენ მათ.+ აღარ შეეშინდებათ, აღარც თავზარი დაეცემათ+ და აღარც დაიკარგებიან“, — ამბობს იეჰოვა.
5 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა დავითს აღვუდგენ მართალ ყლორტს.+ იმეფებს მეფე,+ გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.+
6 მის დროს გადარჩება იუდა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი.+ აი სახელი, რომელსაც უწოდებენ მას: იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“.+
7 «ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ იტყვიან, ცოცხალიაო იეჰოვა, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანაო ისრაელის ძეები.+
8 არამედ იტყვიან: „ცოცხალია იეჰოვა, რომელმაც აიყვანა და გამოიყვანა ისრაელის სახლის შთამომავალი ჩრდილოეთის მიწიდან და ყველა იმ მიწიდან, სადაც გაფანტული მყავდაო ისინი“ და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე».+
9 გული გამიტეხეს წინასწარმეტყველებმა. ყველა ძვალი შემეძრა. იეჰოვამ და მისმა წმინდა სიტყვებმა მთვრალ კაცს დამამსგავსა,+ ღვინომორეულ ვაჟკაცს.
10 მრუშებით+ აივსო ეს ქვეყანა.+ წყევლის გამო გლოვობს მიწა,+ გადახმა საძოვრები უდაბურ ადგილზე.+ ბოროტია მათი საქციელი, თავიანთ ძალას არასწორად იყენებენ.
11 „გაუწმინდურდა წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც.+ ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ბოროტებას,+ — ამბობს იეჰოვა. —
12 ამიტომ მათი გზა სიბნელეში მოლიპულ ადგილს დაემსგავსება,+ სადაც ხელს ჰკრავენ და დაეცემიან“.+
„უბედურებას მოვაწევ მათზე მათი განკითხვის წელს,+ — ამბობს იეჰოვა. —
13 უწესობას ვხედავ სამარიის წინასწარმეტყველთა+ შორის. ისინი ბაალის მიერ აღძრული წინასწარმეტყველები არიან+ და ჩემს ხალხს, ისრაელს ახეტიალებენ.+
14 საშინელებასა+ და მრუშობას+ ვხედავ იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორის, და ვხედავ, რომ სიცრუით დადიან;+ ხელს უმართავენ ბოროტმოქმედებს, რომ არ მობრუნდნენ+ თავიანთი ბოროტებიდან. ჩემთვის სოდომივითაა+ ყოველი მათგანი, მისი მკვიდრნი კი — გომორასავით“.+
15 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა წინასწარმეტყველებზე: „აი, აბზინდას ვაჭმევ მათ და მოწამლულ წყალს დავალევინებ,+ რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან ვრცელდება განდგომილება+ მთელ ქვეყანაში“.
16 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ.+ ამაოებისკენ მიჰყავხართ მათ.+ საკუთარი გულის ხილვას ლაპარაკობენ+ და არა იმას, რაც იეჰოვას ბაგიდან მომდინარეობს.+
17 მათ, ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა, ისინი კვლავ და კვლავ ეუბნებიან, იეჰოვა ამბობს, მშვიდობა გექნებათო.+ ყველას, თავისი ჯიუტი გულით მოსიარულეს,+ ეუბნებიან, უბედურება არ შეგემთხვევათო.+
18 ვინ დგას მათ შორის, ვინც ახლოს+ არის იეჰოვასთან, რომ დაინახოს და ისმინოს მისი სიტყვა?+ ვინ უგდებს ყურს მის სიტყვას, რომ გაიგონოს?+
19 აი, ქარიშხალივით გამოვა იეჰოვას რისხვა, ქარბორბალასავით+ და ბოროტთა თავზე დატრიალდება.+
20 არ დაცხრება იეჰოვას რისხვა, სანამ არ შეასრულებს,+ სანამ არ აახდენს იმას, რაც მან გულში განიზრახა.+ უკანასკნელ დღეებში დაუკვირდებით ამას და შეიგნებთ.+
21 მე არ გამომიგზავნია ეს წინასწარმეტყველები, ისინი კი გამორბოდნენ; არ მილაპარაკია მათთან, ისინი კი წინასწარმეტყველებდნენ.+
22 მათ შორის რომ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც ახლოს არიან+ ჩემთან, მაშინ გააგებინებდნენ ჩემს ხალხს ჩემს სიტყვებს, მოაბრუნებდნენ მათ ბოროტი გზიდან და ბოროტი საქმეებისგან“.+
23 „განა მხოლოდ ახლოს ვარ ღმერთი?! განა შორსაც ღმერთი არა ვარ?!“+ — ამბობს იეჰოვა.
24 „განა დამემალება კაცი სამალავში და განა ვერ დავინახავ?!“+ — ამბობს იეჰოვა.
„განა მე არ ვავსებ ცასა და დედამიწას?!+ — ამბობს იეჰოვა. —
25 მესმის, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველები, სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით:+ სიზმარი ვნახე, სიზმარი ვნახეო!+
26 როდემდე უნდა ჰქონდეთ ეს გულში წინასწარმეტყველებს, სიცრუის წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთი გულის მზაკვრობას წინასწარმეტყველებენ?+
27 ცდილობენ, ჩემს ხალხს ჩემი სახელი დაავიწყონ თავიანთი სიზმრებით, რომლებსაც ერთმანეთს უყვებიან,+ როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაალის გამო.+
28 წინასწარმეტყველმა, რომელმაც სიზმარი ნახა, მოყვეს ის; მან კი, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, სწორად ილაპარაკოს ჩემი სიტყვა“.+
„რა უნდა ბზეს მარცვალთან?“+ — ამბობს იეჰოვა.
29 „განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა,+ — ამბობს იეჰოვა, — და უროსავით, კლდეს რომ ამტვრევს?!“+
30 „ამიტომაც ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა, — თითოეული თავის მოძმეს რომ ჰპარავს ჩემს სიტყვას“.+
31 „წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომლებიც ენას იმისთვის იყენებენ, რომ თქვან, სიტყვა მაქვსო მისგან!“+
32 „ცრუ სიზმრების წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომლებიც ყვებიან სიზმრებს და ჩემს ხალხს თავიანთი სიცრუითა+ და კვეხნით ახეტიალებენ“.+
„მე არ გამომიგზავნია ისინი, მათთვის არაფერი მიბრძანებია. ვერაფერს არგებენ ამ ხალხს“,+ — ამბობს იეჰოვა.
33 «როცა ეს ხალხი, წინასწარმეტყველი ან მღვდელი გკითხავს, რა არისო იეჰოვას ტვირთი*,+ მაშინ უთხარი მათ: „თქვენ ხართ ტვირთი* და თანაც როგორი!+ მიგატოვებთ მე“,+ — ამბობს იეჰოვა. —
34 იმ წინასწარმეტყველს, მღვდელს ან ხალხს, რომელიც ამბობს, ესაა იეჰოვას ტვირთიო, განვიკითხავ, მასაც და მის სახლეულობასაც.+
35 აი რას ეკითხება თითოეული თქვენგანი თავის მოძმეს და თავის ძმას: რა გვიპასუხა იეჰოვამ და რა თქვაო იეჰოვამ?+
36 იეჰოვას ტვირთს+ კი ნუღარ ახსენებთ,+ რადგან ყველას თავისი სიტყვა ექცა ტვირთად.+ თქვენ ცვლით+ ცოცხალი ღვთის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ჩვენი ღვთის სიტყვებს.
37 აი რას ჰკითხავ წინასწარმეტყველს: რა გიპასუხაო იეჰოვამ? რა თქვაო იეჰოვამ?+
38 თუ კვლავ ილაპარაკებთ, აი, იეჰოვას ტვირთიო, მაშინ აი რას ამბობს იეჰოვა: „რადგან ამბობთ, ეს სიტყვა იეჰოვას ტვირთიაო, თუმცა შემოგითვალეთ, ნუ იტყვით, იეჰოვას ტვირთიო,
39 აი, აქა ვარ! საბოლოოდ უგულებელგყოფთ,+ მიგატოვებთ თქვენცა და ქალაქსაც, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.+
40 მოგაწევთ მარადიულ სირცხვილსა და დამცირებას, რომელიც არ მიეცემა დავიწყებას“».+
სქოლიოები
^ აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა მასსას მეორე მნიშვნელობა არის ცნობა.
^ „თქვენ ხართ ტვირთი“ — ებრაულად ეთ-მაჰ-მასსა. ხალხისთვის პასუხის გასაცემად იერემიამ, მითითებისამებრ, სიტყვათა თამაშს მიმართა.