იერემია 26:1—24
26 იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა გამოცხადდა იეჰოვასგან:
2 «აი რას ამბობს იეჰოვა: „დადექი იეჰოვას სახლის ეზოში+ და იუდას ყველა ქალაქზე, რომლებიც იეჰოვას სახლში თაყვანსაცემად მოდიან, წარმოთქვი ყველა სიტყვა, რასაც მათთვის სათქმელად გიბრძანებ,+ ერთი სიტყვაც არ დააკლო.+
3 იქნებ მოგისმინონ და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან+ და მეც გადავიფიქრო ის უბედურება, რომლის დატეხვასაც ვუპირებ მათ მათი ბოროტი საქმეების გამო.+
4 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: თუ არ მომისმენთ და არ ივლით+ ჩემი მოცემული კანონით+
5 და არ მოისმენთ, რასაც გეუბნებიან ჩემი მსახური წინასწარმეტყველები, რომლებსაც გიგზავნით, ადრე ვდგები და გიგზავნით, მაგრამ არ უსმენთ,+
6 მაშინ მეც შილოსავით გავხდი ამ სახლს,+ ამ ქალაქს კი დედამიწაზე მცხოვრები ხალხების დასაწყევლად ვაქცევ“».+
7 მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა მოისმინეს სიტყვები, რომლებსაც იერემია წარმოთქვამდა იეჰოვას სახლში.+
8 როცა იერემიამ დაასრულა მთელი ხალხისთვის იმის გადაცემა, რაც იეჰოვამ უბრძანა, შეიპყრეს ის მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა და უთხრეს: „მოსაკლავი ხარ!+
9 რატომ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით, შილოსავით+ გახდებაო ეს სახლი, ეს ქალაქი კი გაპარტახდება და გაუკაცრიელდებაო?“ მთელი ხალხი იეჰოვას სახლში იერემიას გარშემო იკრიბებოდა.
10 გაიგეს ეს სიტყვები იუდას მთავრებმაც, მეფის სასახლიდან იეჰოვას სახლში+ ავიდნენ და იეჰოვას ახალი კარიბჭის შესასვლელთან დასხდნენ.+
11 მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა უთხრეს მთავრებსა და მთელ ხალხს: „ეს კაცი სიკვდილს იმსახურებს,+ რადგან ის წინასწარმეტყველებს ამ ქალაქზე, როგორც მოისმინეთ კიდეც საკუთარი ყურით“.+
12 მაშინ იერემიამ მიმართა მთავრებსა და მთელ ხალხს: „იეჰოვამ გამომგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველებინა ამ სახლსა და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რაც მოისმინეთ.+
13 გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები,+ დაემორჩილეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას ხმას და იეჰოვაც გადაიფიქრებს იმ უბედურების მოხდენას, რომელსაც თქვენზე წარმოთქვამს.+
14 აი, მე თქვენს ხელში ვარ;+ ის მიყავით, რაც კარგი და სწორია თქვენს თვალში;+
15 ოღონდ იცოდეთ, რომ თუ მომკლავთ, უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენც, ეს ქალაქიც და მისი მკვიდრნიც,+ რადგან ნამდვილად იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან ყველა ამ სიტყვის სათქმელად“.+
16 მაშინ მთავრებმა+ და მთელმა ხალხმა უთხრეს მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს: „ეს კაცი არ იმსახურებს სიკვდილს,+ რადგან ჩვენი ღვთის, იეჰოვას სახელით გველაპარაკება“.+
17 წამოდგა ქვეყნის ზოგიერთი უხუცესი და მიმართა მთელ კრებულს:+
18 «მორეშეთელი+ მიქა+ წინასწარმეტყველებდა იუდას მეფე ხიზკიას+ დროს და იუდას მთელ ხალხს ეუბნებოდა, აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მინდორივით გადაიხვნება სიონი,+ ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი,+ ტყიან მაღლობად — ტაძრის მთა“.+
19 განა მოკლეს იგი იუდას მეფე ხიზკიამ და იუდას ხალხმა?! განა არ შეეშინდა მას იეჰოვასი, გული არ მოულბო იეჰოვას+ და იეჰოვამაც არ გადაიფიქრა იმ უბედურების მოხდენა, რაც მათზე ჰქონდა წარმოთქმული?!+ ასე დიდ უბედურებას მოვუტანთ ჩვენს სულებს.+
20 იყო კიდევ ერთი კაცი, რომელიც იეჰოვას სახელით წინასწარმეტყველებდა — ურია, შემაიას ძე, კირიათ-იეარიმიდან.+ იერემიას სიტყვების მსგავსად ისიც ამ ქალაქისა და ამ მიწის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებდა.
21 მეფე იეჰოიაკიმმა,+ მთელმა მისმა ძლიერმა ხალხმა და მთავრებმა მოისმინეს მისი სიტყვები; მეფემ მოსაკლავად დაუწყო მას ძებნა.+ როგორც კი ეს ურიამ გაიგო, შეეშინდა,+ გაიქცა და ეგვიპტეში ჩავიდა.
22 მეფე იეჰოიაკიმმა კაცები გაგზავნა ეგვიპტეში — ელნათანი, აქბორის ძე,+ და სხვა კაცებიც მასთან ერთად.
23 წამოიყვანეს ეგვიპტიდან ურია და მიჰგვარეს მეფე იეჰოიაკიმს, რომელმაც დაჰკრა მას მახვილი+ და მისი გვამი უბრალო ხალხის სასაფლაოზე დააგდო».
24 ახიკამის,+ შაფანის+ ძის, ხელიც იფარავდა იერემიას, რომ არ ჩავარდნილიყო ხალხის ხელში და არ მოეკლათ იგი.+