იერემია 39:1—18
39 იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს,+ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით მოადგა იერუსალიმს და ალყა შემოარტყა მას.+
2 ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, გატყდა ქალაქი.+
3 ბაბილონის მეფის ყველა მთავარი შევიდა იქ და დასხდნენ ისინი შუა კარიბჭესთან:+ ნერგალ-შარეცერი, სამგარ-ნებუ, სარსექიმი, რაბსარისი*, რაბმაგი* ნერგალ-შარეცერი და ბაბილონის მეფის ყველა სხვა მთავარი.
4 როგორც კი იუდას მეფე ციდკიამ და ყველა მეომარმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ+ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით,+ ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, და დაადგნენ არაბას+ გზას.
5 დაედევნა მათ ქალდეველთა ჯარი+ და დაეწია ციდკიას იერიხონის ხრიოკ ველზე.+ აიყვანეს ის და მიჰგვარეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რიბლაში,+ ხამათის მიწაზე,+ რომ მას განაჩენი გამოეტანა მისთვის.+
6 რიბლაში ბაბილონის მეფემ თვალწინ+ დაუხოცა+ ვაჟები ციდკიას და დახოცა იუდას ყველა წარჩინებული;+
7 ციდკია კი დააბრმავა+ და სპილენძის ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანა.
8 ქალდეველებმა გადაწვეს მეფის სასახლე და ხალხის სახლები+ და დაანგრიეს იერუსალიმის გალავანი.+
9 ნებუზარადანმა,+ მცველთა უფროსმა,+ ქალაქში დარჩენილი ხალხი, მის მხარეზე გადასულები და სხვა დარჩენილი ხალხი ბაბილონში გადაასახლა.+
10 ზოგიერთები, მდაბიო ხალხი, რომელსაც არაფერი ებადა, ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, იუდას მიწაზე დატოვა,+ მისცა მათ ვენახები და სავალდებულო სამუშაო დააკისრა იმ დღეს.+
11 ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ნებუზარადანის, მცველთა უფროსის პირით ბრძანა იერემიაზე:
12 „წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, ნურაფერს ავნებ.+ როგორც გეტყვის, ისე მოექეცი“.+
13 ხალხი გაგზავნეს მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა,+ რაბსარისმა ნებუშაზბანმა, რაბმაგმა ნერგალ-შარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა გავლენიანმა პირმა;
14 გაგზავნეს და მცველების ეზოდან+ მოაყვანინეს იერემია და ჩააბარეს გედალიას,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძეს, რათა თავის სახლში წაეყვანა და ხალხთან ერთად ეცხოვრა.
15 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას, როცა ის მცველების ეზოში+ იყო დამწყვდეული:
16 «წადი და უთხარი ეთიოპ ებედ-მელექს,+ აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, შევასრულებ ჩემს სიტყვებს ამ ქალაქის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ,+ შენ თვალწინ შესრულდება ეს სიტყვები იმ დღეს“.+
17 „გიხსნი იმ დღეს,+ — ამბობს იეჰოვა, — და არ ჩავარდები მათ ხელში, ვისიც გეშინია.+
18 გადაგარჩენ და არ დაეცემი მახვილით. ნადავლად შენი სული გექნება,+ რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული,+ — ამბობს იეჰოვა“».
სქოლიოები
^ სამეფო კარის მთავარი მოხელის ტიტული.
^ ანუ მთავარი ჯადოქარი (მკითხავი, ასტროლოგი); დიდებულთა მთავარი.