იერემია 4:1—31
4 «თუ დაბრუნდები, ისრაელო, — ამბობს იეჰოვა, — შეგიძლია დამიბრუნდე.+ თუ ჩემი გულისთვის მოიშორებ სისაძაგლეებს,+ მაშინ აღარ იხეტიალებ.
2 თუ დაიფიცებ:+ „ცოცხალია იეჰოვა, ჭეშმარიტი,+ სამართლიანი და მართალი!“+ მაშინ მისით იკურთხებიან ხალხები და მისით დაიკვეხნიან ისინი».+
3 აი რას ეუბნება იეჰოვა იუდას ხალხსა და იერუსალიმს: „დახანით სახნავი მიწა და ეკლებში ნუ დათესავთ.+
4 წინადაიცვითეთ იეჰოვასთვის, მოიცილეთ გულის ჩუჩა,+ იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა და არ აგიზგიზდეს, რასაც ვერავინ ჩააქრობს!“+
5 თქვით ეს იუდაში და გააცხადეთ იერუსალიმში,+ აუწყეთ და საყვირს ჩაჰბერეთ მთელ ქვეყანაში,+ ხმამაღლა შესძახეთ: „მოგროვდით და შევიდეთ გამაგრებულ ქალაქებში,+
6 ნიშანი აღმართეთ სიონის მხარეს, თავი შეაფარეთ, ნუ გაჩერდებით!“ ვინაიდან უბედურებასა და დიდ დაცემას ვგზავნი ჩრდილოეთიდან.+
7 ის გამოდის, როგორც ლომი ტევრიდან;+ დაიძრა ხალხთა გამანადგურებელი.+ გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გამაოგნებელი გახადოს შენი ქვეყანა. ნანგრევებად იქცევა შენი ქალაქები და არავინ იცხოვრებს იქ.+
8 ამიტომ ჯვალო შემოირტყით,+ მკერდში იცემდეთ და ღრიალებდეთ,+ რადგან არ დამცხრალა იეჰოვას რისხვა ჩვენზე.+
9 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — გული შეუდრკებათ მეფესა+ და მთავრებს. გაოგნდებიან მღვდლები და გაოცდებიან წინასწარმეტყველები“.+
10 ვთქვი: „ვაიმე, უზენაესო უფალო იეჰოვა! ნამდვილად ატყუებ ამ ხალხს+ და იერუსალიმს, როცა ეუბნები, მშვიდობა გექნებათო,+ მახვილი კი სულამდე გვწვდება“.
11 იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს: „უდაბნოს დატკეპნილი გზებიდან მწველი ქარი მოდის+ ჩემი ხალხის ასულთან.+ არც გასანიავებლად მოდის და არც გასასუფთავებლად.
12 იქიდან მთელი ძალით მოდის ქარი ჩემთან. ახლა გამოვუცხადებ მათ ჩემს განაჩენს.+
13 აი, საწვიმარი ღრუბელივით მოვა მტერი, ქარიშხალივითაა მისი ეტლები;+ მისი ცხენები არწივებზე სწრაფები არიან.+ ვაი ჩვენ, ვიძარცვებით!
14 გული გაისუფთავე, იერუსალიმო, ბოროტებისგან, რათა გადარჩე!+ როდემდე უნდა ბუდობდეს შენში მცდარი აზრები?!+
15 ხმა მოდის დანიდან+ და რაღაც საზიანოს აცხადებს ეფრემის მთიანი მხარიდან.+
16 უთხარით ეს ხალხებს, გააცხადეთ ეს იერუსალიმის წინააღმდეგ“.
„გუშაგები მოდიან შორეული ქვეყნიდან+ და ხმას იმაღლებენ იუდას ქალაქების წინააღმდეგ.
17 მინდვრის მცველებივით ყოველი მხრიდან შემოადგნენ მას,+ რადგან ის მე მეურჩება,+ — ამბობს იეჰოვა. —
18 შენი გზისა და საქმეების გამო მიიღებ საზღაურს.+ ეს არის უბედურება, რომელიც გეწია; მწარეა ის, რადგან გულამდე გწვდება“.
19 ვაი, ჩემი შიგნეული, ჩემი შიგნეული! მწვავე ტკივილი მაქვს გულში.+ შემეძრა გული,+ ვერ ვდუმდები, რადგან საყვირის დაყვირების ხმა, საბრძოლო განგაში+ ესმის ჩემს სულს.
20 დაცემა დაცემაზე ცხადდება, რადგან იძარცვება მთელი ქვეყანა.+ მოულოდნელად იძარცვება ჩემი კარვები,+ უეცრად — ჩემი კარვის ქსოვილები.
21 როდემდე უნდა ვხედავდე ნიშანს?! როდემდე უნდა მესმოდეს საყვირის ხმა?!+
22 უგუნურია ჩემი ხალხი;+ ყურადღებას არ მაქცევს.+ უგუნური ვაჟები არიან; გაგების უნარი არა აქვთ.+ ცუდის კეთებაში არიან ბრძენნი, სიკეთის კეთება კი არ იციან.+
23 შევხედე ამ ქვეყანას და, აი, ცარიელი და უდაბური იყო.+ ცას ავხედე და აღარ ჰქონდა სინათლე.+
24 მთებს შევხედე და, აი, იძვროდნენ ისინი და ირყეოდნენ გორები.+
25 შევხედე და, აი, კაციშვილი არ იყო; ცის ყველა ფრინველი გაფრენილიყო.+
26 შევხედე, და, აი, უდაბნოდ ქცეულიყო ბაღნარი და ყველა მისი ქალაქი დანგრეულიყო.+ ეს იეჰოვას გამო მოხდა, მისი მრისხანების გამო.
27 აი რას ამბობს იეჰოვა: „გაპარტახდება მთელი ქვეყანა.+ განა ბოლომდე არ შევმუსრავ მას?!+
28 ამიტომ იგლოვებს ქვეყანა+ და მაღლა ცა დაბნელდება.+ ეს იმიტომ, რომ მე ვამბობ, მე ვწყვეტ და არ ვნანობ, არც გადავიფიქრებ.+
29 მხედრებისა და მშვილდოსნების ხმაზე მთელი ქალაქი გარბის;+ ტევრებში შედიან და კლდეებზე ადიან.+ მიტოვებულია ყველა ქალაქი, არავინ ცხოვრობს იქ“.
30 ალისფერი ტანსაცმლით იმოსებოდი, ოქროს სამკაულებით ირთვებოდი, თვალებს შავი საღებავით იდიდებდი,+ მაგრამ ახლა რაღას იზამ, როცა გაძარცული ხარ?! ფუჭად ილამაზებდი თავს.+ მათ უარგყვეს, ვინც ვნებით ილტვოდა შენკენ, შენს სულს დაეძებენ.+
31 მესმის ხმა, რომელიც ავადმყოფი ქალის ხმას ჰგავს, პირველად მშობიარე ქალის გაჭირვების ხმას,+ სიონის ასულის ხმას, ძლივს რომ სუნთქავს. ხელებს იშვერს+ ის და ამბობს: „ვაიმე, რადგან სული დამიტანჯეს მკვლელებმა!“+