იერემია 8:1—22
8 „იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ხალხი გამოიტანს იუდას მეფეების ძვლებს, მისი მთავრების ძვლებს, მღვდლების ძვლებს, წინასწარმეტყველებისა და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი სამარხებიდან.+
2 გაფანტავენ მათ მზის, მთვარისა და ცის მთელი ლაშქრის წინაშე, რომლებიც უყვართ და რომლებსაც ემსახურებიან, მიჰყვებიან,+ ეძებენ და რომელთა წინაშეც ემხობიან.+ არ შეაგროვებენ მათ და არ დამარხავენ. ნეხვივით ეყრება ისინი მიწის პირზე“.+
3 „ამ ბოროტი ოჯახიდან დარჩენილები სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ+ ყველგან, სადაც კი გავფანტავ მათ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
4 «ასე უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „დაეცემიან და აღარ ადგებიან?!+ თუ ერთი მობრუნდა, განა მეორეც არ მობრუნდება?!+
5 რატომ იქცევა მუდამ ორგულად ეს ხალხი, იერუსალიმი? მზაკვრობას ჩასჭიდებიან,+ უარს ამბობენ მობრუნებაზე.+
6 ყურს ვუგდებდი+ და ვუსმენდი.+ არასწორად ლაპარაკობდნენ. კაციშვილი არ ინანიებდა თავის ბოროტებას+ და არ ამბობდა, ეს რა ჩავიდინეო. თითოეული, როგორც ბრძოლაში შევარდნილი ცხენი, უბრუნდება იმ გზას, რომლითაც სხვები დადიან.+
7 ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი დრო,+ გვრიტი,+ ნამგალა და შაშვიც ზუსტად იცავენ მოფრენის დროს, ჩემმა ხალხმა კი არ იცის იეჰოვას სამართალი“.+
8 როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ და იეჰოვას კანონიაო ჩვენთან?!+ მწერალთა ცრუ კალამი+ აშკარა სიცრუეს წერს.
9 ბრძენები შერცხვნენ, შეძრწუნდნენ;+ შეიპყრობენ მათ. აი, ისინი იეჰოვას სიტყვას უარყოფენ და რაღა სიბრძნე აქვთ?!+
10 ამიტომ მივცემ მათ ცოლებს სხვა კაცებს, მათ მინდვრებს — დამპყრობლებს,+ რადგან ყველა, დიდიან-პატარიანად, უსამართლოდ იხვეჭს+ და ყველა, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე, სიცრუით მოქმედებს.+
11 ზერელედ ცდილობენ უმკურნალონ ჩემი ხალხის ასულის მოტეხილობას+ და ამბობენ: მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა.+
12 განა შერცხვათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს?!+ არც რცხვენიათ და არც ის იციან, როგორ უნდა იგრძნონ თავი დამცირებულად.+
ამიტომ დაეცემიან მათ შორის, ვინც ეცემა. განკითხვის დროს+ წაიბორძიკებენ, — ამბობს იეჰოვა.+
13 მოსავლის აღებისას მოვაწევ განადგურებას, — ამბობს იეჰოვა.+ — არ შერჩება ვაზს ყურძენი+ და ლეღვის ხეს — ლეღვი, ფოთლებიც კი დაჭკნება. რასაც კი ვაძლევ, ყველაფერი გვერდს აუვლის მათ».
14 „რატომ ვსხედვართ მშვიდად? შევიკრიბოთ, შევიდეთ გამაგრებულ ქალაქებში+ და დავდუმდეთ იქ. იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვადუმებს,+ მოწამლულ წყალს გვასმევს,+ რადგან ვცოდავთ იეჰოვას.
15 მშვიდობის იმედი ჰქონდათ, მაგრამ კარგი არაფერი მომხდარა;+ იმედი ჰქონდათ, რომ განკურნების დრო დადგებოდა, მაგრამ, აი, ძლიერი შიში!+
16 დანიდან+ ისმის მისი ცხენების ფრუტუნი, მთელ მიწას აზანზარებს+ მისი ულაყების ჭიხვინი. მოდიან ისინი, ჭამენ მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა, ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“.
17 „აი, გიგზავნით გველებს, შხამიან გველებს,+ რომლებსაც ვერ მონუსხავთ;+ დაგგესლავენ ისინი“, — ამბობს იეჰოვა.
18 დაუძლეველმა მწუხარებამ მომიცვა,+ გული დამიავადდა.
19 შორეული ქვეყნიდან ისმის ჩემი ხალხის ასულის ხმა, შველას რომ ითხოვს:+ „განა სიონში არაა იეჰოვა?!+ განა მისი მეფე არ არის იქ?!“+
„რატომ შეურაცხმყოფენ ქანდაკებებით, უსარგებლო უცხო ღმერთებით?“+
20 „სამკალმა ჩაიარა, ზაფხული მიიწურა, ჩვენ კი არ გადავრჩენილვართ!“+
21 ჩემი ხალხის ასულის მოტეხილობამ+ შემაძრწუნა.+ დავნაღვლიანდი და გავოგნდი.+
22 ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?!+ ნუთუ აღარც მკურნალია იქ?!+ მაშ, რატომ არ იკურნება+ ჩემი ხალხის ასული?+