იესო ნავეს ძე 1:1—18
1 იეჰოვას მსახურის, მოსეს სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო* ნავეს ძეს,+ მოსეს მომსახურეს+ უთხრა:
2 „მოკვდა ჩემი მსახური მოსე.+ ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ.+
3 ყოველ ადგილს, სადაც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ, როგორც მოსეს დავპირდი.+
4 უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე, ხეთელთა+ მთელი ქვეყანა, დიდ ზღვამდე*, იქამდე, სადაც მზე ჩადის, თქვენი იქნება.+
5 ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე.+ როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან,+ თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!+
6 გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ დაამკვიდრებინებ+ ამ ხალხს მიწას, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცე.+
7 ოღონდ მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი და გულდასმით შეასრულე მთელი კანონი, რაც მოსემ, ჩემმა მსახურმა გიბრძანა.+ არ გადაუხვიო არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა ბრძნულად იმოქმედო ყველგან, სადაც კი წახვალ.+
8 არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი,+ იკითხე* ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია;+ მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად.+
9 ხომ გიბრძანე,+ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები,+ რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“.+
10 უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხის მთავრებს:
11 „გაიარეთ ბანაკის შუაში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ გადაკვეთთ იორდანეს, შეხვალთ და დაეუფლებით იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ-თქო დასაუფლებლად“.+
12 უთხრა იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს:
13 «გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ:+ „იეჰოვა, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ მიწას.
14 თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი ცხვარ-ძროხა ამ მიწაზე დარჩებიან, მოსემ იორდანის გამოღმა რომ მოგცათ,+ თქვენ კი, ყველა მამაცი, ძლიერი ვაჟკაცი,+ დარაზმულები+ გაუძეხით თქვენს ძმებს და დაეხმარეთ მათ.
15 როცა თქვენს ძმებსაც თქვენსავით დაასვენებს იეჰოვა და ისინიც დაეუფლებიან იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი აძლევს მათ,+ დაუბრუნდით თქვენ-თქვენს სამკვიდროს და დაეუფლეთ მას,+ რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის გამოღმა, მზის ამოსავლის მხარეს“».+
16 მათ მიუგეს იესო ნავეს ძეს: „რაც გვიბრძანე, ყველაფერს გავაკეთებთ და სადაც გაგვგზავნი, იქ წავალთ.+
17 როგორც მოსეს ვუგონებდით ყველაფერს, შენც ისევე გაგიგონებთ, ოღონდ იეჰოვა, შენი ღმერთი იყოს შენთან,+ როგორც მოსესთან იყო.+
18 ვინც ეურჩება შენს ბრძანებას+ და არ მოუსმენს სიტყვებს, რასაც უბრძანებ, უნდა მოკვდეს,+ ოღონდ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!“+
სქოლიოები
^ ებრაულად იეჰოშუა, ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა.
^ ანუ ხმელთაშუა ზღვა.
^ ანუ დაბალი ხმით იკითხე, იფიქრე.