იესო ნავეს ძე 3:1—17
3 ადგა დილით ადრე იესო ნავეს ძე, დაიძრნენ ის და ისრაელის ძეები შიტიმიდან+ და იორდანეს მიადგნენ; იმ ღამეს იქ დარჩნენ, სანამ გაღმა გავიდოდნენ.
2 მესამე დღის ბოლოს+ თავკაცებმა+ ბანაკი მოიარეს
3 და ხალხს უბრძანეს: „როცა დაინახავთ, რომ ლევიანი მღვდლები იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმების კიდობანს წაიღებენ,+ თქვენც დაიძარით და გაჰყევით მას,
4 ოღონდ დაახლოებით ორი ათასი წყრთის* მოშორებით,+ არ მიუახლოვდეთ მას, რათა იცოდეთ, რომელი გზით წახვიდეთ, რადგან იმ გზაზე ჯერ არ გაგივლიათ“.
5 უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „განიწმინდეთ,+ რადგან ხვალ იეჰოვა საოცრებებს მოიმოქმედებს თქვენ შორის“.+
6 შემდეგ იესო ნავეს ძემ მღვდლებს მიმართა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი+ და ხალხს წინ წაუძეხით“. მათაც აიღეს კიდობანი და ხალხს წაუძღვნენ.
7 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეს განგადიდებ მთელი ისრაელის თვალში,+ რათა იცოდნენ, რომ შენთანაც ისე ვიქნები,+ როგორც მოსესთან ვიყავი.+
8 უბრძანე+ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებენ: იორდანის წყალს რომ მიადგებით, გაჩერდით-თქო“.+
9 უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებს: „მოდით და მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სიტყვებს“.
10 იესო ნავეს ძემ თქვა: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის;+ ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.+
11 აი, თქვენ წინ შედის იორდანეში მთელი დედამიწის უფლის შეთანხმების კიდობანი.
12 თორმეტი კაცი აირჩიეთ ისრაელის ტომებიდან, თითო კაცი თითო ტომიდან.+
13 როგორც კი მღვდლები, რომლებიც იეჰოვას, მთელი დედამიწის უფლის კიდობანს ატარებენ, იორდანის წყალში ჩადგამენ ფეხს, გაიყოფა წყალი და ზემოდან მომდინარე წყალი კედლად აღიმართება“.+
14 დაიძრნენ თავიანთი კარვებიდან იორდანეზე გადასასვლელად ისრაელის ძეები და მღვდლები, რომლებიც წინ მიუძღოდნენ ხალხს და შეთანხმების კიდობანი+ მიჰქონდათ,
15 და როგორც კი მიადგნენ იორდანეს მღვდლები, რომლებიც კიდობანს ატარებდნენ, და ჩადგეს ფეხი წყალში (მკის დროს ნაპირებიდან+ გადმოდის იორდანე),
16 გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი და კედლად აღიმართა+ შორს, ქალაქ ადამთან, ცარეთანის+ გადასწვრივ; ხოლო არაბას ზღვისკენ, მარილოვანი ზღვისკენ+ მიმდინარე წყალი დაშრა. გაიყო წყალი და ხალხმა იერიხონისკენ დაიწყო გადასვლა.
17 შუა იორდანეში მშრალ მიწაზე+ უძრავად იდგნენ მღვდლები, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, და მთელი ისრაელი მშრალად+ გადადიოდა, სანამ მთელმა ერმა არ გადაკვეთა იორდანე.
სქოლიოები
^ დაახლოებით 890 მეტრი.