იოანე 11:1—57
11 იმ დროს ავად იყო ლაზარე, რომელიც ბეთანიაში, მარიამისა და მისი დის, მართას+ სოფელში ცხოვრობდა.
2 ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო+ და ფეხები თავისი თმით შეუმშრალა.+ მისი ძმა ლაზარე იყო ავად.
3 ამიტომ მისმა დებმა იესოს შეუთვალეს: „უფალო, ის, ვინც გიყვარს,+ ავად არის“.
4 ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღვთის სადიდებლად,+ რათა ამით განდიდდეს ღვთის ძე“.
5 იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც.
6 როდესაც გაიგო, რომ ლაზარე ავად იყო, ორი დღე დარჩა იქ, სადაც იმყოფებოდა.
7 ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ“.
8 მოწაფეებმა უთხრეს: „რაბი,+ იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ+ და ისევ იქ მიდიხარ?“
9 იესომ უპასუხა: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით+ დადის, არაფერს ეჯახება, რადგან ხედავს ამ ქვეყნიერების სინათლეს,
10 მაგრამ ვინც ღამით+ დადის, ისე ვერ გაივლის, თუ არაფერს დაეჯახა, რადგან სინათლე არ არის მასში“.
11 ამის შემდეგ უთხრა მათ: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“.+
12 მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“.
13 მაგრამ იესო მის სიკვდილზე საუბრობდა. მათ კი ეგონათ, რომ ჩვეულებრივ ძილზე ლაპარაკობდა.
14 მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა.+
15 მიხარია თქვენ გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. წავიდეთ მასთან“.
16 მაშინ თომამ, რომელსაც ტყუპისცალს უწოდებდნენ, სხვა მოწაფეებს უთხრა: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“.+
17 როცა იესო მივიდა, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღე სამარხში ესვენა.+
18 ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან, დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილზე.
19 ამიტომ ბევრი იუდეველი მივიდა მართასა და მარიამის სანუგეშებლად+ მათი ძმის გამო.
20 როცა გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას, მარიამი+ კი სახლში იჯდა.
21 მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა,+
22 მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რაც უნდა სთხოვო ღმერთს,+ ღმერთი მოგცემს“.
23 იესომ უთხრა მას: „აღდგება შენი ძმა“.+
24 მართამ მიუგო: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას,+ უკანასკნელ დღეს“.
25 იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.+ ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება,+
26 და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება.+ გწამს ეს?“
27 მართამ მიუგო: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, ქვეყნიერებაში მომავალი“.+
28 ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს დაუძახა და ჩუმად უთხრა: „მოძღვარია+ მოსული და გეძახის“.
29 ამის გაგონებაზე ის სწრაფად წამოდგა და მისკენ გაემართა.
30 იესო ჯერ არ იყო სოფელში შესული. ისევ იქ იყო, სადაც მართა შეეგება.
31 იუდეველები, რომლებიც მარიამთან იყვნენ სახლში+ და ანუგეშებდნენ, იმის დანახვაზე, რომ ის სწრაფად ადგა და გარეთ გავიდა, უკან გაჰყვნენ მას, რადგან ეგონათ, რომ სამარხთან+ მიდიოდა სატირლად.
32 როცა მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და დაინახა იგი, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.+
33 როდესაც იესომ დაინახა, რომ ისიც ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, სულით* ამოიოხრა და აფორიაქდა.+
34 შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე“.
35 იესო აცრემლდა.+
36 იუდეველები ამბობდნენ: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“+
37 ზოგი მათგანი ამბობდა: „ნუთუ ამ კაცმა, რომელმაც ბრმას თვალი აუხილა,+ ვერაფერი იღონა, რომ ის არ მომკვდარიყო?“
38 იესომ კვლავ ამოიოხრა და სამარხთან მივიდა.+ ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი+ ჰქონდა მიდებული.
39 იესომ თქვა: „მოაშორეთ ლოდი“.+ მიცვალებულის დამ, მართამ უთხრა: „უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“.
40 იესომ უთხრა მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“+
41 მაშინ მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო+ და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე.+
42 ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხისთვის ვთქვი,+ რათა ირწმუნონ, რომ შენ გამომგზავნე“.+
43 ეს თქვა და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“+
44 კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით+ ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს“.
45 მაშინ ბევრმა იუდეველმა, რომლებიც მარიამთან მივიდნენ და იხილეს, რაც იესომ გააკეთა, ირწმუნა იგი.+
46 ზოგი მათგანი კი წავიდა და რაც იესომ გააკეთა, ფარისევლებს შეატყობინა.+
47 უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი*+ შეკრიბეს და ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს?+
48 თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას,+ მოვლენ რომაელები+ და წაგვართმევენ ადგილსაც*+ და ერსაც“.
49 მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელს მღვდელმთავარი იყო,+ უთხრა მათ: „არ გესმით
50 და ვერ მიმხვდარხართ, რომ თქვენთვის უკეთესია, ერთი ადამიანი მოკვდეს+ ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“.+
51 ეს თავისით არ უთქვამს, არამედ, რადგან მღვდელმთავარი იყო იმ წელს, იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის უნდა მომკვდარიყო,
52 და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული+ შვილები ერთად შეეკრიბა.+
53 იმ დღეს მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი.+
54 ამიტომ იესო ცხადად+ აღარ დადიოდა იუდეველებს შორის,+ არამედ იქიდან წავიდა უდაბნოს ახლომდებარე მხარეში, ქალაქ ეფრემში,+ და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.
55 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი+ და მთელი ქვეყნიდან მრავალი ავიდა პასექის წინ იერუსალიმში, რათა განწმენდილიყვნენ ჩვეულების თანახმად.+
56 ხალხი იესოს ეძებდა და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?“
57 უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს კი ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ, თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო იგი, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.