იოანე 13:1—38
13 იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ამ ქვეყნიერებიდან მამასთან გადასვლის+ საათი დამდგარი+ იყო, და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ,+ ბოლომდე უყვარდა ისინი.
2 ვახშმის დროს ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა ისკარიოტელის,+ სიმონის ძის გულში იესოს გაცემა.+
3 ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელში,+ რომ ღვთისგან გამოვიდა და ღმერთთან მიდიოდა,+
4 სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.+
5 ტაშტში წყალი ჩაასხა, დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა+ და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება.
6 სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“+
7 იესომ მიუგო: „ახლა არ გესმის, რასაც ვაკეთებ. მერე გაიგებ“.+
8 პეტრემ უთხრა მას: „ეს არ მოხდება, არ დაგაბანინებ ფეხებს“. იესომ უპასუხა: „თუ არ დამაბანინებ,+ ჩემთან არ გექნება წილი“.
9 სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, მაშინ მარტო ფეხებს კი არა, ხელებსა და თავსაც დაგაბანინებ“.
10 იესომ უთხრა: „დაბანილს+ ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“.
11 მან იცოდა, ვინ გასცემდა.+ ამიტომაც თქვა, ყველა არა ხართო სუფთა.
12 როცა მათ ფეხები დაბანა, მოსასხამი მოისხა, კვლავ მაგიდასთან მივიდა თავის ადგილზე და უთხრა მათ: «იცით, რა გაგიკეთეთ?
13 თქვენ მოძღვარსა+ და უფალს+ მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის.+
14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები,+ თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.+
15 ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ.+
16 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე დიდი.+
17 თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით.+
18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, ვიცი, ვინც ამოვირჩიე,+ მაგრამ უნდა შესრულდეს წმინდა წერილში დაწერილი:+ „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“.+
19 ახლა გეუბნებით, სანამ ეს მოხდებოდეს,+ რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ, რომ ეს მე ვარ.
20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემგან გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს,+ ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს».+
21 ეს რომ თქვა, იესოს სული* აუფორიაქდა და დაამოწმა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს“.+
22 დაბნეულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს, ვისზე თქვაო.+
23 იესოს გვერდით სუფრასთან იყო ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც უყვარდა მას.+
24 მაშინ სიმონ-პეტრემ თავით ანიშნა მას და უთხრა: „თქვი, ვინ არის, ვისზე ამბობს“.
25 ის კი მკერდზე მიეყრდნო იესოს და ჰკითხა: „უფალო, ვინ არის?“+
26 იესომ უპასუხა: „ის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ“.+ ასე რომ, ჩააწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს.
27 ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში.+ მაშინ იესომ უთხრა მას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“.
28 მაგრამ მათგან, ვინც მაგიდასთან იყო, არავინ იცოდა, რატომ უთხრა ეს.
29 ვინაიდან ყულაბა იუდას ჰქონდა,+ ზოგს ეგონა, რომ იესო ეუბნებოდა, იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან რაიმე მიეცი ღარიბებსო.+
30 იუდამ ლუკმა გამოართვა და გარეთ გავიდა. ღამე იყო.+
31 მისი გასვლის შემდეგ, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე+ და მისით განდიდდა ღმერთი.
32 თვითონ ღმერთი განადიდებს მას,+ დაუყოვნებლივ განადიდებს.
33 შვილებო,+ ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ; რაც იუდეველებს ვუთხარი — სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას+ — თქვენც იმავეს გეუბნებით.
34 ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ,+ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.+
35 ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.+
36 სიმონ-პეტრემ ჰკითხა მას: „სად მიდიხარ, უფალო?“ იესომ უპასუხა: „სადაც მე მივდივარ, იქ ახლა ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“.+
37 პეტრემ უთხრა მას: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? სულს* გავწირავ შენთვის“.+
38 იესომ უპასუხა: „სულს გასწირავ ჩემთვის? ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ“.+