იოანე 18:1—40

18  ეს რომ თქვა, იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის+ გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო. ისინი ბაღში შევიდნენ.+  მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ.+  ამიტომ წაიყვანა იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და უფროს მღვდელთა და ფარისეველთა მცველები და მივიდნენ იქ ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით.+  იესომ იცოდა, რაც მოელოდა.+ ამიტომ წინ გავიდა და ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“  მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს“.+ მან უთხრა: „მე ვარ“. მისი გამცემი იუდაც+ მათთან იდგა.  როცა უთხრა, მე ვარო, მათ უკან დაიხიეს+ და მიწაზე დაეცნენ.  მაშინ ისევ ჰკითხა: „ვის ეძებთ?“ მათ უპასუხეს: „იესო ნაზარეთელს“.  იესომ მიუგო: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“,  რათა შესრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „მათგან, ვინც შენ მომეცი, არც ერთი არ დამიკარგავს“.+ 10  მაშინ სიმონ-პეტრემ მახვილი ამოიღო, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.+ მონას მალქე ერქვა. 11  იესომ პეტრეს უთხრა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში!+ განა არ უნდა შევსვა სასმისი,+ რომელიც მამამ მომცა?“ 12  მაშინ ჯარისკაცთა რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მცველებმა შეიპყრეს იესო, შებოჭეს 13  და პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას სიმამრთან. კაიაფა იმ წელს მღვდელმთავრად მსახურობდა.+ 14  ეს ის კაიაფაა, რომელმაც იუდეველებს ურჩია, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა, ერთი ადამიანი მომკვდარიყო ხალხისთვის.+ 15  იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და ერთი სხვა მოწაფე.+ ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში, 16  პეტრე კი გარეთ იდგა, კართან.+ მაშინ ის მოწაფე, რომელიც მღვდელმთავრის ნაცნობი იყო, გარეთ გამოვიდა, კართან მსახურს დაელაპარაკა და პეტრეც შიგნით შეიყვანა. 17  კართან მსახურმა გოგონამ პეტრეს ჰკითხა: „შენც ამ კაცის მოწაფე არა ხარ?“ პეტრემ მიუგო: „არა“.+ 18  იქვე იდგნენ მონები და მცველები. რაკი ციოდა, ნახშირით+ ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა. 19  უფროსმა მღვდელმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა. 20  იესომ უპასუხა: „მე ცხადად ველაპარაკებოდი ქვეყნიერებას. ყოველთვის სინაგოგასა და ტაძარში ვასწავლიდი,+ სადაც იუდეველები იკრიბებიან. ფარულად არაფერი მილაპარაკია. 21  მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მათ, ვინც ისმენდა, რასაც ველაპარაკებოდი. მათ იციან, რასაც ვამბობდი“. 22  ეს რომ თქვა, ერთმა იქ მდგომმა მცველმა სილა გააწნა+ იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ უფროს მღვდელს?“ 23  იესომ მიუგო: „თუ არასწორად ვთქვი, დაამოწმე, რა არის არასწორი, და თუ სწორად ვთქვი, რატომ მცემ?“ 24  მაშინ ის ანამ შებოჭილი გაუგზავნა მღვდელმთავარ კაიაფას.+ 25  სიმონ-პეტრე იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: „შენც მისი მოწაფე არა ხარ?“ მან უარყო: „არა“.+ 26  მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმ კაცის ნათესავმა, ვისაც პეტრემ ყური ჩამოათალა,+ უთხრა: „შენ არ იყავი, ბაღში რომ გნახე მასთან ერთად?“ 27  პეტრემ კვლავ უარყო და მამალმაც იყივლა.+ 28  ამის შემდეგ იესო კაიაფასგან მმართველის სასახლეში წაიყვანეს.+ ახალი გათენებული იყო. თვითონ არ შესულან სასახლეში, რომ არ წაბილწულიყვნენ+ და პასექის ჭამა შეძლებოდათ. 29  მაშინ პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“+ 30  მათ მიუგეს: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით“. 31  პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენი კანონის მიხედვით გაასამართლეთ“.+ იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“.+ 32  ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო იესოს სიტყვა, რომლითაც მიანიშნა, თუ როგორი სიკვდილით მოკვდებოდა.+ 33  პილატე კვლავ სასახლეში შევიდა, იესოს მოუხმო და ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ 34  იესომ უპასუხა: „ამას შენით ამბობ თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“+ 35  პილატემ მიუგო: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და უფროსმა მღვდლებმა გადმომცეს შენი თავი.+ რა ჩაიდინე?“ 36  იესომ უპასუხა:+ „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის.+ ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ,+ რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“. 37  მაშინ პილატემ ჰკითხა მას: „ესე იგი, მეფე ხარ?“ იესომ მიუგო: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ.+ მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ+ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა,+ ისმენს ჩემს ხმას“.+ 38  პილატემ ჰკითხა: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს რომ თქვა, კვლავ იუდეველებთან გამოვიდა და უთხრა მათ: „ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს.+ 39  თანაც ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ.+ გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ 40  მაშინ ისინი კვლავ აყვირდნენ: „ეგ არა, ბარაბა!“ ბარაბა ყაჩაღი+ იყო.

სქოლიოები