იოანე 20:1—31

20  კვირის პირველ დღეს,+ დილით ადრე მაგდალელი მარიამი სამარხთან მივიდა და დაინახა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ.+  გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან,+ რომელიც იესოს უყვარდა, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან+ და არ ვიცით, სად დაასვენეს“.  მაშინ პეტრე+ და ის მოწაფე გარეთ გამოვიდნენ და სამარხისკენ გაემართნენ.  ორივე ერთად გაიქცა, მაგრამ მეორე მოწაფემ პეტრეს გაუსწრო და სამარხთან პირველი მივიდა.  დაიხარა და დაინახა დაყრილი სახვევები,+ მაგრამ შიგნით არ შესულა.  სიმონ-პეტრეც ფეხდაფეხ მიჰყვა, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი სახვევები+  და ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ეფარა. ის სახვევებთან კი არ ეგდო, არამედ ცალკე, ერთ ადგილას იდო დახვეული.  იმ დროს შიგნით შევიდა ის მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა სამარხთან, დაინახა და ირწმუნა.  ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წმინდა წერილში დაწერილს, რომ ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.+ 10  მოწაფეები თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. 11  მარიამი კი სამარხთან იდგა და ტიროდა. ამ დროს დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა, 12  და იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი:+ ერთი თავთით იჯდა, მეორე — ფერხთით. 13  ჰკითხეს მას: „რატომ ტირი?“ მან მიუგო: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს“. 14  ეს რომ თქვა, უკან მიბრუნდა და დაინახა იქვე მდგომი იესო, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ იესო იყო.+ 15  იესომ ჰკითხა მას: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“+ მას მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ“. 16  იესომ უთხრა: „მარიამ!“+ ის კი მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“+ (რაც ნიშნავს „მოძღვარო!“). 17  იესომ უთხრა: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან+ და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან+ და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან+ და თქვენს ღმერთთან“.+ 18  მივიდა მაგდალელი მარიამი და მოწაფეებს ახალი ამბავი აუწყა, უფალი ვიხილეო, და ისიც, რაც მან უთხრა.+ 19  იმავე დღეს, კვირის პირველ დღეს,+ როცა უკვე გვიანი იყო და მოწაფეები იუდეველთა შიშით+ კარჩაკეტილში იყვნენ, იესო მივიდა,+ მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა“.+ 20  ეს რომ თქვა, მათ ხელები და ფერდი აჩვენა.+ მოწაფეებმა გაიხარეს+ უფლის ნახვით. 21  მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა. როგორც მამამ გამომგზავნა,+ ისე მე გგზავნით თქვენ“.+ 22  ეს რომ თქვა, შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული.+ 23  ვისაც აპატიებთ ცოდვებს,+ ეპატიება, ვისაც დაუტოვებთ, დარჩება“.+ 24  ტყუპისცალად წოდებული თომა,+ ერთი თორმეტთაგანი, არ იყო მათთან, როცა იესო მივიდა. 25  მას სხვა მოწაფეებმა უთხრეს: „უფალი ვნახეთ!“ მან მიუგო: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და შიგ თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში+ კი — ხელს, არ ვირწმუნებ“.+ 26  რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ სახლში იყვნენ, თომაც მათთან იყო. თუმცა კარები ჩაკეტილი ჰქონდათ, იესო შევიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა“.+ 27  შემდეგ თომას უთხრა: „დამადე თითი და ნახე ჩემი ხელები. მოდი, ჩამიყავი ხელი+ ფერდში. ურწმუნო ნუღარ იქნები, ირწმუნე“. 28  თომამ მიუგო: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“+ 29  იესომ უთხრა: „იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე? ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ“.+ 30  იესომ მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოახდინა, რომლებიც ამ გრაგნილზე არ დაწერილა.+ 31  მაგრამ ესენი დაიწერა,+ რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით+ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით.

სქოლიოები