იოანე 4:1—54
4 როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათლავს,+ ვიდრე იოანეო,
2 თუმცა, სინამდვილეში, თვითონ იესო კი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები,
3 დატოვა იუდეა და ისევ გალილეაში წავიდა.
4 მას სამარიაზე უნდა გაევლო.+
5 მივიდა სამარიის ქალაქ სიქარში, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა თავის ვაჟს, იოსებს მისცა.+
6 იქ იყო იაკობის წყარო.+ გზით დაქანცული იესო წყაროსთან იჯდა. მეექვსე საათი იქნებოდა.
7 ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად მივიდა. იესომ უთხრა მას: „წყალი დამალევინე“
8 (მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად).
9 სამარიელმა ქალმა უთხრა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“ (იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან).+
10 იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის უსასყიდლო ძღვენი+ და ვინ+ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა“.+
11 ქალმა უთხრა: „ბატონო, წყლის ამოსაღები ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდანა გაქვს სიცოცხლის წყალი?
12 განა შენ ჩვენს წინაპარ იაკობზე დიდი+ ხარ, ვინც ეს ჭა მოგვცა და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ვაჟებიც და მისი საქონელიც?“
13 იესომ მიუგო: „ვინც ამ წყალს დალევს, ისევ მოსწყურდება,
14 მაგრამ, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება,+ არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის+ მოჩუხჩუხე წყაროდ+ გადაიქცევა მასში“.
15 ქალმა უთხრა: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“.
16 იესომ უთხრა: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი“.
17 ქალმა მიუგო: „არა მყავს ქმარი“. იესომ უთხრა მას: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,
18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის. ეგ მართალი თქვი“.
19 ქალმა მიუგო: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.+
20 ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს,+ თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“.+
21 იესომ უთხრა მას: „მერწმუნე, მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს+ და აღარც იერუსალიმში.+
22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს,+ ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა,+
23 მაგრამ მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა+ და ჭეშმარიტებით+ სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.+
24 ღმერთი სულია*+ და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.+
25 ქალმა უთხრა: „ვიცი, რომ მოდის მესია,+ ქრისტედ წოდებული.+ როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“.
26 იესომ უთხრა მას: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“.+
27 ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალს ელაპარაკებოდა. თუმცა არ უთქვამთ, რა გინდა ან რატომ ელაპარაკებიო.
28 ქალმა კი დატოვა თავისი ჭურჭელი, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა:
29 „წამოდით, ნახეთ ის კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია. ის ხომ არ არის ქრისტე?“+
30 ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 მოწაფეები სთხოვდნენ მას: „რაბი,+ ჭამე“.
32 მან კი უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“.
33 მოწაფეები კი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“
34 იესომ უთხრა მათ: «ჩემი საჭმელი+ ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო+ და მისი საქმე დავასრულო.+
35 განა თქვენ არ ამბობთ, მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეაო? მე კი გეუბნებით: ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად.+ უკვე
36 იღებს მომკელი გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის,+ რათა მთესველმა+ და მომკელმა ერთად გაიხარონ.+
37 ამ შემთხვევაში მართლაც ჭეშმარიტია სიტყვები: „მთესველი სხვაა, მომკელი — სხვა“.
38 თქვენ იმის მოსამკელად გაგგზავნეთ, რაზეც არ გიშრომიათ.+ სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში».
39 იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა+ იგი იმ ქალის სიტყვით, რომელმაც დაამოწმა: ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებიაო.+
40 ამიტომ, როცა სამარიელები მასთან მივიდნენ, სთხოვდნენ, მათთან დარჩენილიყო. ისიც ორ დღეს დარჩა იქ.+
41 მისი ლაპარაკის შედეგად კიდევ ბევრმა ირწმუნა.+
42 ისინი ეუბნებოდნენ იმ ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი აღარა გვწამს, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ+ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია“.+
43 ორი დღის შემდეგ იქიდან ის გალილეაში წავიდა.+
44 იესო თვითონ მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივს არ სცემენ,+
45 მაგრამ როცა გალილეაში მივიდა, გალილეელებმა მიიღეს იგი, რადგან ნანახი ჰქონდათ ყველაფერი, რაც მან იერუსალიმში დღესასწაულზე გააკეთა,+ ვინაიდან თვითონაც იყვნენ იმ დღესასწაულზე.+
46 ასე რომ, ის კვლავ მივიდა გალილეის კანაში,+ სადაც წყალი ღვინოდ აქცია.+ იქ იყო მეფის მოხელე, რომელსაც ვაჟი ავად ჰყავდა კაპერნაუმში.+
47 როდესაც ამ კაცმა გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და ევედრებოდა, რომ წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ვაჟი, რადგან მომაკვდავი იყო.
48 მაგრამ იესომ უთხრა მას: „თუ ნიშნებსა+ და საკვირველებებს+ არ იხილავთ, არ ირწმუნებთ“.
49 მეფის მოხელემ უთხრა: „უფალო, წამოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი შვილი“.
50 იესომ მიუგო: „წადი,+ ცოცხალია შენი შვილი“.+ კაცმა ირწმუნა იესოს სიტყვა და წავიდა.
51 როცა ჯერ კიდევ გზაში იყო, თავისი მონები შეეგებნენ და უთხრეს, რომ მისი ბიჭი ცოცხალი იყო.+
52 მაშინ ჰკითხა მათ, რომელ საათზე გამოკეთდაო. მათ კი უთხრეს, გუშინ მეშვიდე* საათისთვის დაუვარდაო სიცხე.+
53 მამა მიხვდა, რომ ეს სწორედ ის საათი+ იყო, როცა იესომ უთხრა, შენი შვილი ცოცხალიაო, და ირწმუნა მან და ყველა მისმა შინაურმა.+
54 ეს მეორე ნიშანი+ იყო, რომელიც იესომ იუდეიდან გალილეაში მოსვლის შემდეგ მოახდინა.
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
^ დაახლოებით დღის 1 საათი, მეშვიდე საათი მზის ამოსვლიდან.