იოანე 6:1—71
6 ამის შემდეგ იესო გალილეის ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა გავიდა.+
2 მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან ხედავდნენ ნიშნებს, როცა ის ავადმყოფებს კურნავდა.+
3 იესო მთაზე ავიდა.+ ის იქ თავის მოწაფეებთან ერთად იჯდა.
4 ახლოვდებოდა პასექი,+ იუდეველთა დღესასწაული.
5 როცა იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან, ფილიპეს უთხრა: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“+
6 მაგრამ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
7 ფილიპემ უპასუხა: „ორასი დინარის პურიც კი არ ეყოფათ, თითოეულს ცოტა მაინც რომ შეხვდეს“.+
8 ერთმა მოწაფემ, სიმონ-პეტრეს ძმამ, ანდრიამ უთხრა მას:
9 „აქ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ხუთი ქერის პური+ და ორი პატარა თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“+
10 იესომ თქვა: „დასხით ხალხი“.+ იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო და ხალხიც დასხდა, დაახლოებით ხუთი ათასი კაცი.+
11 იესომ აიღო პურები, ღმერთს მადლობა გადაუხადა და იქ მსხდომთ ჩამოურიგა; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.+
12 როდესაც გაძღნენ,+ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მოაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გაფუჭდეს“.
13 მათაც მოაგროვეს და თორმეტი კალათი აავსეს იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.+
14 იესოს მიერ მოხდენილი ნიშნების მხილველები ამბობდნენ: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია,+ ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“.
15 იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა+ მთაზე.
16 როცა მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვისკენ დაეშვნენ,+
17 ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გაემართნენ. ჩამობნელდა, მაგრამ იესო ჯერაც არ იყო მისული მათთან.
18 ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა აღელდა.+
19 როცა ხუთი-ექვსი კილომეტრი გაცურეს და დაინახეს, რომ იესო ზღვის ზედაპირზე მათკენ მიდიოდა და ნავს უახლოვდებოდა, შეეშინდათ.+
20 მან უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+
21 მოწაფეებს უნდოდათ, ნავში ჩაესვათ იგი, ნავი კი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, რომლისკენაც მიდიოდნენ.+
22 მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ მხოლოდ ერთი პატარა ნავი იყო, და რომ იესო არ ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.
23 იმ ადგილის მახლობლად, სადაც ხალხმა პური ჭამა მას შემდეგ, რაც უფალმა ღმერთს მადლობა გადაუხადა, ტიბერიადიდან მომავალი ნავები მივიდნენ.
24 როცა ხალხმა დაინახა, რომ არც იესო და არც მისი მოწაფეები იქ არ იყვნენ, ჩასხდნენ პატარა ნავებში და კაპერნაუმში მივიდნენ იესოს საძებნელად.+
25 ზღვის გაღმა იპოვეს ის და უთხრეს: „რაბი,+ აქ როდის მოხვედი?“
26 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ ნიშნები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და დაძეხით.+
27 ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება,+ არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება+ და რომელსაც კაცის ძე მოგცემთ, რადგან მას დაასვა მოწონების ბეჭედი მამამ, ღმერთმა“.+
28 მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმეები ვაკეთოთ?“
29 იესომ მიუგო: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ+ ის, ვინც მან გამოგზავნა“.+
30 მათ უთხრეს: «რა ნიშანს+ მოახდენ, რომ დავინახოთ და გირწმუნოთ? რას გააკეთებ?
31 ჩვენი მამა-პაპა მანანას+ ჭამდა უდაბნოში, როგორც დაწერილია: „ზეციდან მისცა მათ საჭმელად პური“».+
32 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან,+
33 რადგან ღვთის პური ის არის, ვინც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას“.
34 მაშინ უთხრეს მას: „უფალო, ყოველთვის მოგვეცი ეს პური“.+
35 იესომ უთხრა მათ: „მე სიცოცხლის პური ვარ. ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება, და ვისაც მე ვწამვარ, არასოდეს მოსწყურდება.+
36 ეს ყველაფერი გითხარით, მიხილეთ კიდეც, მაგრამ მაინც არა გწამთ.+
37 ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა და ჩემთან მოსულს არავითარ შემთხვევაში არ გავაძევებ,+
38 რადგან ზეციდან+ ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+
39 ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არაფერი დავკარგო, არამედ ყველაფერი აღვადგინო+ უკანასკნელ დღეს,
40 რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს,+ და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“.+
41 მაშინ იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს მის ნათქვამზე, ზეციდან ჩამოსული პური ვარო,+
42 და ამბობდნენ:+ „ეს იესო არ არის, იოსების ვაჟი,+ რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“
43 იესომ უთხრა მათ პასუხად: «გეყოთ დრტვინვა.
44 ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა,+ და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.+
45 წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“.+ ყველა, ვინც მოუსმინა მამას და ისწავლა, ჩემთან მოდის.+
46 იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს უხილავს მამა,+ გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა. მან იხილა მამა.+
47 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს.+
48 მე სიცოცხლის პური+ ვარ.
49 თქვენი მამა-პაპა უდაბნოში მანანას ჭამდა,+ მაგრამ მაინც დაიხოცნენ.
50 ეს არის პური, რომელიც ზეციდან ჩამოდის, რათა თითოეულმა ჭამოს და არ მოკვდეს.
51 მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია,+ რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ».+
52 მაშინ იუდეველებმა კამათი დაიწყეს ერთმანეთში: „როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?“
53 იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ+ და მის სისხლს არ სვამთ,+ სიცოცხლე არა გაქვთ+ თქვენში.
54 ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს და მე აღვადგენ+ მას უკანასკნელ დღეს,
55 რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი.
56 ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან.+
57 როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა+ მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს.+
58 ეს ზეციდან ჩამოსული პურია. ისეთი კი არა, თქვენმა მამა-პაპამ რომ ჭამა და მაინც დაიხოცა. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს“.+
59 მან ყოველივე ეს თქვა კაპერნაუმში, როცა შეკრებილ ხალხს ასწავლიდა.
60 ამის მოსმენაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“+
61 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ამაზე დრტვინავდნენ და უთხრა მათ: „ეს გაბრკოლებთ?+
62 მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო?+
63 სული აცოცხლებს,+ ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული+ და სიცოცხლეა.+
64 მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ“. იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, ვისაც არ სწამდა და ვინ გასცემდა მას.+
65 შემდეგ მან თქვა: „ამიტომ გითხარით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის ნება“.+
66 ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა+ და აღარ დაჰყვებოდა მას.+
67 მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“
68 სიმონ-პეტრემ+ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ?+ შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები.+
69 ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“.+
70 იესომ უპასუხა მათ: „თორმეტი არ აგირჩიეთ?+ ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია“.+
71 ამას იუდაზე, სიმონ ისკარიოტელის ვაჟზე ამბობდა, რადგან ის იესოს გაცემას აპირებდა,+ თუმცა თორმეტს შორის იყო.