იოანე 7:53—8:59
სინურ და ვატიკანის კოდექსებსა და სინა-სირიის ხელნაწერში არ გვხვდება ტექსტი 53-ე მუხლიდან მე-8 თავის მე-11 მუხლის ჩათვლით, სადაც ნათქვამია (მცირე განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა ბერძნულ ტექსტსა და თარგმანში):
53 და ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.
8 იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 გათენებისას ის კვლავ გამოჩნდა ტაძარში და მთელი ხალხი მასთან მიდიოდა. ისიც დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მიიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, შუაში ჩააყენეს იგი და
4 იესოს უთხრეს: „მოძღვარო, ამ ქალს მრუშობაზე წაასწრეს.
5 კანონში მოსემ ასეთების ჩაქოლვა დაგვიწესა. შენ რას იტყვი?“
6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რომ რამენაირად ბრალი დაედოთ მისთვის. იესო დაიხარა და მიწაზე თითით დაიწყო წერა.
7 რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, გაიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველმა იმან ესროლოს ქვა“.
8 კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
9 ვინც ეს მოისმინა, უხუცესებიდან დაწყებული, ყველა სათითაოდ გაიკრიფა. დარჩნენ მარტო იესო და ქალი, რომელიც შუაში იდგა.
10 იესო გაიმართა და უთხრა მას: „სად წავიდნენ? არავინ დაგდო მსჯავრი?“
11 „არავინ, ბატონო“, — უპასუხა ქალმა. იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“.
12 იესომ კვლავ მიმართა მათ და უთხრა: „მე ქვეყნიერების სინათლე+ ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში+ აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“.
13 მაშინ ფარისევლებმა უთხრეს: „შენ საკუთარ თავზე მოწმობ. შენი დამოწმება არ არის ჭეშმარიტი“.
14 იესომ მიუგო: «ჩემ თავზეც რომ ვმოწმობდე,+ ჩემი დამოწმება ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ.+ თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 თქვენ ხორცის მიხედვით ასამართლებთ.+ მე არავის ვასამართლებ;+
16 და თუ ვასამართლებ, ჩემი სასამართლო ჭეშმარიტია, რადგან მარტო არა ვარ, არამედ ჩემთან არის მამა, რომელმაც გამომგზავნა.+
17 თქვენს კანონშიც წერია, რომ „ორი კაცის დამოწმება ჭეშმარიტია“.+
18 ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამა, რომელმაც გამომგზავნა».+
19 მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?“ იესომ უპასუხა: „თქვენ არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს;+ მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“.+
20 ეს სიტყვები მან საგანძურში+ თქვა, როცა ტაძარში ასწავლიდა, მაგრამ არავის შეუპყრია იგი,+ რადგან მისი საათი+ ჯერ არ იყო დამდგარი.
21 მან კვლავ უთხრა მათ: „მე მივდივარ. ძებნას დამიწყებთ,+ მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით.+ სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“.
22 მაშინ იუდეველები ალაპარაკდნენ: „თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რომ ამბობს, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთო?“+
23 მან კი უთხრა მათ: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან.+ თქვენ ამ ქვეყნიერებიდან ხართ,+ მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან.+
24 ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი,+ რადგან, თუ არ ირწმუნებთ, რომ მე ვარ ის, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით“.+
25 მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ შენ?“ იესომ უთხრა: „ნეტავ რატომ გელაპარაკებით?
26 ბევრი რამ მაქვს თქვენზე სათქმელი და ბევრი რამისთვის მყავხართ გასასამართლებელი. ჩემი გამომგზავნელი ჭეშმარიტია და რაც მისგან მომისმენია, ქვეყნიერებაშიც იმას ვლაპარაკობ“.+
27 ისინი ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ელაპარაკებოდა.
28 ამიტომ იესომ უთხრა: „როცა აამაღლებთ+ კაცის ძეს,+ მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ ის+ და ჩემით არაფერს ვაკეთებ,+ არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ.+
29 ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას მარტო არ დავუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“.+
30 როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.+
31 მაშინ იმ იუდეველებს, რომლებსაც სწამდათ იგი, იესომ უთხრა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით,+ ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ,
32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას+ და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“.+
33 მათ უპასუხეს: „ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ+ და არასოდეს ვყოფილვართ მონები.+ როგორღა ამბობ, გათავისუფლდებითო?“
34 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა.+
35 გარდა ამისა, ოჯახში მონა სამუდამოდ არ რჩება; სამუდამოდ რჩება ძე.+
36 ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.+
37 ვიცი, რომ აბრაამის შთამომავლები ხართ, მაგრამ მოკვლას მიპირებთ,+ რადგან ჩემი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში.+
38 მე იმას ვლაპარაკობ,+ რაც მამაჩემთან მინახავს,+ თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენისგან მოგისმენიათ“.
39 მათ მიუგეს: „ჩვენი მამა აბრაამია“.+ იესომ უთხრა: „თუ აბრაამის შვილები ხართ,+ აბრაამის საქმეები აკეთეთ,
40 მაგრამ ახლა მოკვლას მიპირებთ მე, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე.+ აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.+
41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“. მათ უთხრეს: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს+ — ღმერთი“.
42 იესომ უთხრა მათ: „ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით,+ რადგან მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ.+ არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა.+
43 რატომ არ გესმით, რასაც ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა.+
44 თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ+ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ.+ ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო+ და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა.+
45 ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას გეუბნებით, არა გწამთ ჩემი.+
46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვაში?+ თუ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47 ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს.+ თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“.+
48 იუდეველებმა პასუხად უთხრეს: „განა მართალს არ ვამბობთ, რომ სამარიელი+ ხარ და დემონი გყავს?“+
49 იესომ უპასუხა: „დემონი კი არა მყავს, მამაჩემს ვცემ პატივს,+ თქვენ კი შეურაცხმყოფთ.
50 მე არ ვეძებ დიდებას ჩემთვის.+ არის ის, ვინც ეძებს და ასამართლებს.+
51 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იხილავს“.+
52 იუდეველებმა უთხრეს მას: „ახლა კი ვიცით, რომ დემონი გყავს.+ აბრაამიც მოკვდა+ და წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ,+ შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იგემებსო.+
53 განა შენ მამაჩვენ აბრაამზე დიდი ხარ,+ რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ.+ ვინ გგონია შენი თავი?“
54 იესომ უპასუხა: „თუ მე ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი,+ ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთიაო
55 და არც კი იცნობთ მას,+ მე კი ვიცნობ.+ რომ ვთქვა, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენისთანა მატყუარა უნდა ვიყო, მაგრამ მე ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.+
56 მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა.+ იხილა კიდეც და გაიხარა“.+
57 მაშინ იუდეველებმა უთხრეს მას: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“
58 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“.+
59 იუდეველებმა ქვები აიღეს, რომ დაეშინათ მისთვის,+ მაგრამ იესო მიიმალა და ტაძრიდან გავიდა.