კანონი 17:1—20
17 „არ შესწირო იეჰოვას, შენს ღმერთს ხარი ან ცხვარი, რომელსაც ნაკლი აქვს ან რაიმე სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+
2 თუ ერთ-ერთ იმ ქალაქში, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, ვინმე, ქალი ან კაცი, ბოროტებას ჩაიდენს იეჰოვას, შენი ღვთის თვალში და დაარღვევს მის შეთანხმებას,+
3 წავა და თაყვანს სცემს სხვა ღმერთებს, დაემხობა მათ წინაშე ან მზის, მთვარის ან ციური მხედრობის წინაშე,+ რაც არ მიბრძანებია,+
4 შენ კი გაიგებ, მოისმენ, საგულდაგულოდ გამოიკვლევ და ეს სიმართლე აღმოჩნდება,+ სისაძაგლე მომხდარა ისრაელში!
5 კაცი იქნება თუ ქალი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, გაიყვანე კარიბჭეებთან და ჩაქოლე, გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი; ის უნდა მოკვდეს.+
6 ორი ან სამი მოწმის ჩვენებით*+ მოკვდეს. ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.+
7 ჯერ მოწმეებმა აღმართონ ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა;+ ამოძირკვე ბოროტება შენგან.+
8 თუ შენი კარიბჭის შიგნით რაიმე საქმე განსასჯელად მეტისმეტად რთული იქნება შენთვის,+ ისეთი საქმე, რომელიც სისხლის ღვრას უკავშირდება,+ და საჩივარიც წარდგენილია,+ ან ძალადობას ეხება, სადავო საქმეა,+ ადექი და წადი იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს;+
9 მიდი მღვდლებთან,+ ლევიანებთან და მსაჯულთან,+ ვინც იმ დროს იქნება, ჰკითხე და ისინი გამოგიცხადებენ სამართალს.+
10 რასაც ისინი გეტყვიან იეჰოვას მიერ ამორჩეულ ადგილზე, შენც ისე მოიქეცი. რასაც ისინი მოგითითებენ, ყველაფერი გულდასმით გააკეთე.
11 იმ კანონის თანახმად მოიქეცი, რომელზეც მოგითითებენ, და იმ სამართლის თანახმად, რომელსაც გამოგიცხადებენ.+ არ გადაუხვიო მათ ნათქვამ სიტყვას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+
12 ვინც გაკადნიერდება და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც იმისთვის არის დაყენებული, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს ემსახუროს, ან მსაჯულს,+ უნდა მოკვდეს.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან.+
13 გაიგებს ხალხი, შეეშინდებათ+ და კადნიერად აღარ მოიქცევიან.
14 როცა შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, დაეუფლები მას და იცხოვრებ+ და იტყვი, დავისვამ მეფეს მეზობელი ერების მსგავსადო,+
15 მხოლოდ ის მეფე დაისვი, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოარჩევს.+ შენი ძმებიდან დაისვი მეფე; უფლება არა გაქვს, უცხოელი დაისვა, ვინც არ არის შენი ძმა.
16 ოღონდ არ მოამრავლოს ცხენები+ და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად,+ რადგან იეჰოვამ გითხრათ, აღარასოდეს დაბრუნდეთო ამ გზით.
17 არც ბევრი ცოლი იყოლიოს, რათა არ ცდუნდეს მისი გული;+ არც დიდძალი ოქრო-ვერცხლი დაიგროვოს.+
18 როცა სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს კანონი მღვდლებისგან, ლევიანებისგან.+
19 თან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე,+ რათა ისწავლოს იეჰოვას, თავისი ღვთის შიში და დაიცვას და შეასრულოს ამ კანონის ყველა სიტყვა და ეს წესები,+
20 რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს+ და არ გადაუხვიოს მცნებიდან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა დღეგრძელი იყოს ისრაელში, თავის სამეფოში,+ ისიც და მისი ვაჟებიც“.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — პირით.