კანონი 19:1—21
19 «როცა მოჰკვეთს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ხალხებს,+ რომელთა მიწასაც შენ გაძლევს იეჰოვა, შენი ღმერთი, განდევნი მათ და იცხოვრებ მათ ქალაქებსა და სახლებში,+
2 გამოყავი სამი ქალაქი შენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად.+
3 შეაკეთე გზები და სამ ნაწილად დაყავი მიწა, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად, და იქ გაიქცეს ყველა მკვლელი.+
4 მკვლელი იქ საცხოვრებლად მაშინ უნდა გაიქცეს, როცა: ვინმე თავის მოძმეს შემთხვევით მოკლავს, თუმცა არ სძულებია იგი;+
5 ან თუ ვინმე თავის მოძმესთან ერთად ტყეში წავა შეშის მოსატანად, აღმართავს ცულს ხის მოსაჭრელად, გასძვრება ცული ტარს,+ მოხვდება მის მოძმეს და მოკლავს. ის ერთ-ერთ იმ ქალაქში უნდა გაიქცეს და იქ იცხოვროს,+
6 რომ არ დაედევნოს სისხლის ამღები+ მკვლელს ცხელ გულზე და არ დაეწიოს, რადგან გზა დიდია. შეიძლება სასიკვდილოდ დაჰკრას მას*, თუმცა მას სასიკვდილო განაჩენი არ დაუმსახურებია,+ რადგან არ სძულებია იგი.
7 ამიტომ გიბრძანებ: „სამი ქალაქი გამოყავი“.+
8 თუ გააფართოებს იეჰოვა, შენი ღმერთი, შენს მიწას, როგორც შენს მამა-პაპას დაუფიცა,+ და მოგცემს მთელ მიწას, რომლის მიცემაც შენს მამა-პაპას აღუთქვა,+
9 რადგან დაიცავ იმ მცნებებს, რომელთა შესრულებასაც დღეს გიბრძანებ, რომ გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, და ყოველთვის მისი გზით იარო,+ იმ სამს კიდევ სამი ქალაქი დაუმატე,+
10 რათა უდანაშაულო სისხლი+ არ დაიღვაროს შენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს მემკვიდრეობად, და არ გახდე დამნაშავე სისხლის ღვრაში.+
11 მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოძმე,+ ჩაუსაფრდება, წინ გადაუდგება, დაჰკრავს მას, მოკლავს+ და გაიქცევა ერთ-ერთ იმ ქალაქში,
12 გამოაყვანინონ იქიდან იმ ქალაქის უხუცესებმა და ხელში გადასცენ სისხლის ამღებს; ის უნდა მოკვდეს.+
13 არ შეებრალოს შენს თვალს იგი;+ ამოძირკვე ისრაელიდან უდანაშაულო სისხლის ღვრით გამოწვეული დანაშაული,+ რათა ხელი მოგემართოს.
14 არ გადაუწიო შენს მოძმეს შენი წინაპრების მიერ დადგენილი მიჯნა,+ რასაც მემკვიდრეობად მიიღებ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად.
15 როცა კაცი დანაშაულს ან ცოდვას ჩაიდენს,+ მის წინააღმდეგ ერთი მოწმე არ უნდა გამოვიდეს; ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.+
16 თუ ცუდის განმზრახველი მოწმედ გამოვა ვინმეს წინააღმდეგ ურჩობაში ბრალის დასადებად,+
17 წარდგეს ის ორი მოდავე კაცი იეჰოვას წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დროს იქნებიან.+
18 მსაჯულებმა გულდასმით გამოიკვლიონ საქმე+ და თუ ის ცრუმოწმე აღმოჩნდება, ცრუდ სდებს ბრალს თავის ძმას,
19 თქვენც ის გაუკეთეთ, რაც მან განიზრახა თავისი ძმისთვის;+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
20 ვინც დარჩება, გაიგებს, შეეშინდება და მსგავს ბოროტებას აღარ ჩაიდენს თქვენ შორის.+
21 ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი+ — სულის სანაცვლოდ სული, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი, ხელის სანაცვლოდ ხელი, ფეხის სანაცვლოდ ფეხი».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მის სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.