კანონი 20:1—20
20 «თუ გახვალ მტერთან საბრძოლველად და დაინახავ ცხენებს, საომარ ეტლებსა+ და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთან არის იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანა.+
2 ბრძოლის დაწყების წინ მივიდეს მღვდელი ხალხთან და მიმართოს მათ,+
3 უთხრას: „მოისმინე, ისრაელო! დღეს შეებრძოლებით თქვენს მტერს. ნუ შეგიკრთებათ გული,+ ნუ შეგეშინდებათ, თავზარი ნუ დაგეცემათ და კანკალი ნუ აგიტანთ,+
4 რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტერთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ“.+
5 მთავრებმაც+ უთხრან ხალხს: „ვინ აიშენა სახლი და არ უზეიმია? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და მის მაგივრად სხვამ არ გამართოს ზეიმი.+
6 ვინ ჩაყარა ვენახი და ჯერ არ აუღია მოსავალი? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ აიღოს მოსავალი.+
7 ვინ დანიშნა ქალი, მაგრამ ჯერ არ მოუყვანია? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში,+ რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და ქალი სხვამ არ წაიყვანოს“.
8 უთხრან მთავრებმა ხალხს: „ვის ეშინია და ვინ არის მხდალი?+ წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რათა თავის ძმებსაც არ შეუკრთოს გული თავისი გულივით“.+
9 როცა დაამთავრებენ მთავრები ხალხთან ლაპარაკს, ხალხს სათავეში ლაშქრების მეთაურები ჩაუყენონ.
10 როცა ქალაქს მიადგები საბრძოლველად, ზავის პირობები გამოუცხადე.+
11 თუ მშვიდობით გიპასუხებს და შეგიშვებს, იქ მყოფი მთელი ხალხი მონებად გყავდეს და გემსახუროს.+
12 თუ არ დაგიზავდება+ და ომს გაგიმართავს, ალყა შემოარტყი,
13 ხელში ჩაგიგდებს მას იეჰოვა, შენი ღმერთი, და მახვილით ამოხოცე ყველა მამაკაცი;+
14 ოღონდ ქალები, ბავშვები,+ შინაური ცხოველები+ და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება, მთელი ნადავლი, დაიტაცე.+ ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში.+
15 ასე უყავი შენგან დაშორებულ ქალაქებს, რომლებიც იმ ხალხისა არ არის;
16 ოღონდ იმ ხალხთა ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი სამკვიდროდ გაძლევს, ცოცხალი არ დატოვო არც ერთი მსუნთქავი არსება;+
17 გაანადგურე ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები,+ როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა,
18 რომ არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც თავიანთ ღმერთებს უკეთებენ, და არ შესცოდოთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+
19 თუ ბრძოლის დროს ქალაქი დასაპყრობად დიდხანს გეყოლება ალყაში, არ გაანადგურო მისი ხეები, ცული არ მოუღერო, რადგან იმ ხეებიდან უნდა ჭამო; არ მოჭრა.+ მინდორში მდგარი ხე ადამიანი ხომ არ არის, ალყაში რომ მოაქციო?!
20 მხოლოდ ის ხე გაანადგურე, რომელიც საჭმელ ნაყოფს არ ისხამს, მოჭერი ის და ააშენე სიმაგრე+ იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ დაეცემა».