კანონი 22:1—30
22 «როცა დაინახავ, რომ შენი ძმის ხარს ან ცხვარს გზა აებნა, თავი არ აარიდო;+ შენს ძმას წაუყვანე.+
2 თუ შენი ძმა შორს არის და არ იცნობ მას, სახლში მიიყვანე და შენთან იყოს, ვიდრე შენი ძმა მოძებნიდეს, და დაუბრუნე.+
3 ასევე მოიქეცი, როცა დაინახავ მის ვირს, მოსასხამს ან ნებისმიერ რამეს, რაც შენს ძმას დაეკარგება და შენ იპოვი. არა გაქვს თავის არიდების უფლება.
4 როცა დაინახავ შენი ძმის ვირს ან ხარს, გზაზე დავარდნილს, თავი არ აარიდო, წამოაყენე.+
5 ქალმა არ ჩაიცვას კაცის ტანსაცმელი და კაცმა არ მოისხას ქალის მოსასხამი,+ რადგან ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.
6 თუ გზად ჩიტის ბუდეს დაინახავ ხეზე ან მიწაზე, და დედა აზის თავის ბარტყებს+ ან კვერცხებს, არ წაიყვანო დედა ბარტყებიანად.+
7 ბარტყები შეგიძლია წაიყვანო, მაგრამ დედა გაუშვი, რათა ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო.+
8 როცა სახლს აიშენებ, ბანს+ მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს.
9 ერთად არ ჩაყარო ორი სხვადასხვა ჯიშის ვაზი,+ რათა ჩაყრილი ვაზის მთელი მოსავალი, რასაც ვენახში მოიწევ, საწმინდრისა არ გახდეს.
10 არ მოხნა ხარითა და ვირით ერთად.+
11 არ ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელსაც შალიც ურევია და სელიც.+
12 ტანსაცმელს, რომელსაც იცვამ, ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე.+
13 თუ კაცი ცოლს მოიყვანს, დაწვება მასთან და მერე შეიძულებს,+
14 სამარცხვინო საქმის ჩადენაში დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს+ და იტყვის: ეს ქალი მოვიყვანე, დავწექი მასთან და ქალწული არ ყოფილაო,+
15 ქალის დედ-მამამ ქალაქის კარიბჭესთან მიუტანოს უხუცესებს ქალის ქალწულობის ნიშანი+
16 და უთხრას ქალის მამამ უხუცესებს: „ჩემი ასული ცოლად მივათხოვე ამ კაცს, მან კი შეიძულა+
17 და სამარცხვინო საქმის ჩადენაში სდებს ბრალს;+ ამბობს, შენი ასული ქალწული არ არისო.+ აი ჩემი ასულის ქალწულობის ნიშანი“. და გაშალონ მათ მოსასხამი ქალაქის უხუცესების წინ.
18 წაიყვანონ უხუცესებმა+ ის კაცი და დასაჯონ.+
19 დააჯარიმონ ასი შეკელი ვერცხლით და ქალის მამას მისცენ, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელის ქალწულს;+ და იყოს ის მისი ცოლი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას.
20 თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება და ქალი არ იქნება ქალწული,+
21 გაიყვანონ მამამისის სახლის შესასვლელთან და ჩაქოლონ იგი იმ ქალაქის კაცებმა; ის უნდა მოკვდეს, რადგან იმეძავა მამამისის სახლში და სამარცხვინო საქციელი+ ჩაიდინა ისრაელში.+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
22 თუ კაცს სხვის ცოლთან მწოლიარეს წაასწრებენ,+ ორივე უნდა მოკვდეს, კაციც, რომელიც ქალთან იწვა, და ქალიც.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან.+
23 თუ კაცი დანიშნულ ქალწულს+ ნახავს ქალაქში და დაწვება მასთან,+
24 გაიყვანეთ ორივე ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ; ორივე უნდა მოკვდეს, ქალი იმიტომ, რომ არ იყვირა ქალაქში, კაცი კი იმიტომ, რომ თავისი მოძმის ცოლი შეურაცხყო.+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
25 თუ კაცი მინდორში ნახავს დანიშნულ ქალს, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან, ის კაცი, რომელიც დაწვა მასთან, უნდა მოკვდეს,
26 ქალს კი არაფერი დაუშავოთ; ქალს არ ჩაუდენია სასიკვდილო ცოდვა, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოძმეს დაესხას თავს+ და მოკლას ის სული.
27 მინდორში ნახა იმ კაცმა ქალი. დანიშნული ქალი ყვიროდა, მაგრამ მშველელი არავინ იყო.
28 თუ კაცი ქალწულს ნახავს, რომელიც დანიშნული არ იქნება, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან+ და წაასწრებენ,+
29 კაცმა, რომელიც ქალთან დაწვა, ქალის მამას ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი უნდა მისცეს+ და ის მისი ცოლი გახდება, რადგან დაამცირა იგი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას.+
30 არავინ მოიყვანოს მამამისის ცოლი, რათა მამამისს ტანსაცმლის კალთა არ აუწიოს».+