კანონი 24:1—22
24 „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი პატრონი გახდება, მაგრამ აღარ მოეწონება, რადგან რაღაც უწესოს უპოვის,+ დაუწეროს გაყრის მოწმობა,+ ხელში მისცეს და გაუშვას სახლიდან.+
2 დატოვოს ქალმა სახლი, წავიდეს და სხვა კაცს გაჰყვეს.+
3 თუ მეორე კაციც შეიძულებს მას, გაყრის მოწმობას დაუწერს, ხელში მისცემს და გაუშვებს სახლიდან ან თუ ეს კაცი, რომელმაც ის ცოლად მოიყვანა, მოკვდება,
4 მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, არ ექნება უფლება, ხელახლა შეირთოს ის გაუწმინდურებული ქალი;+ ეს სისაძაგლეა იეჰოვასთვის. ცოდვაში არ გახვიოთ ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ.
5 თუ კაცს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს,+ არ უნდა წავიდეს სალაშქროდ და არც არაფერი უნდა დაეკისროს მას. ერთი წელი თავისუფალი უნდა იყოს, თავის სახლში იყოს და ცოლი გაახაროს.+
6 არავინ წაიღოს გირაოდ ხელსაფქვავი ან ზედა დოლაბი,+ რადგან კაცის სულს* წაიღებს გირაოდ.
7 თუ აღმოჩნდება ისეთი კაცი, რომელმაც მოიტაცა+ ისრაელის ძე, თავისი მოძმე*, ულმობლად მოექცა და გაყიდა,+ მომტაცებელი უნდა მოკვდეს. ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
8 კეთრის წყლულს+ უფრთხილდი. დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ლევიანი მღვდლები გასწავლიან.+ გულმოდგინედ+ შეასრულეთ ის, რაც მათ ვუბრძანე.
9 გახსოვდეთ, რა გაუკეთა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მირიამს გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.+
10 თუ შენს მოძმეს რაიმეს ასესხებ,+ არ შეხვიდე მის სახლში გირაოს წამოსაღებად.+
11 გარეთ იდექი და ვისაც ასესხე, თვითონ გამოგიტანოს გირაო.
12 თუ კაცი გაჭირვებულია, არ დაიძინო მისი გირაოთი.+
13 მზის ჩასვლისას დაუბრუნე გირაო,+ რათა თავისი ტანსაცმლით დაიძინოს+ და გაკურთხოს.+ ეს სიმართლედ ჩაგეთვლება იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+
14 არაფერი გამოსტყუო გაჭირვებულ და ღარიბ მოჯამაგირეს შენს მიწაზე, შენი კარიბჭეების შიგნით, გინდ შენი ძმა იყოს ის და გინდ ხიზანი.+
15 იმავე დღეს მიეცი გასამრჯელო,+ მზის ჩასვლამდე, რადგან გაჭირვებულია და მისი სული მის გასამრჯელოზეა დამოკიდებული, რათა არ შეღაღადოს იეჰოვას შენზე+ და ცოდვა არ დაგედოს.+
16 მამები არ უნდა დაიხოცონ შვილების გამო და შვილები — მამების გამო.+ თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს.+
17 არ გაუმრუდო სამართალი არც ხიზანსა+ და არც უმამო ბავშვს+ და არ გამოართვა ქვრივს გირაოდ ტანსაცმელი.+
18 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგისყიდა იქიდან.+ ამიტომ გიბრძანებ, რომ ასე მოიქცე.
19 როცა სამკალს მომკი+ და მინდორში ძნა დაგრჩება, არ წახვიდე მის წამოსაღებად; ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს დაუტოვე,+ რათა გაკურთხოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა შენი ხელის ყოველ საქმეში.+
20 როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ნუღარ მიუბრუნდები ტოტებს; ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს დაუტოვე.+
21 როცა ვენახში ყურძენს დაკრეფ, ნუღარ მოიმცვრევ; ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს დაუტოვე.
22 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე.+ ამიტომ გიბრძანებ, რომ ასე მოიქცე“.+
სქოლიოები
^ ანუ სიცოცხლეს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — მოძმის სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.