კანონი 25:1—19
25 «თუ კაცებს ერთმანეთში დავა ექნებათ+ და წარდგებიან სასამართლოს წინაშე,+ განსაჯონ ისინი; მართალი მართლად აღიარონ და დამნაშავე — დამნაშავედ.+
2 თუ დამნაშავე ცემას იმსახურებს,+ დააწვინონ იგი მსაჯულის წინაშე და იმდენჯერ დაარტყან,+ რამდენსაც დანაშაულის გამო იმსახურებს.
3 ორმოცჯერ დაარტყან, მეტჯერ — არა, თუ ამაზე მეტჯერ დაარტყამენ,+ დამცირდება შენი ძმა შენს თვალში.
4 არ აუკრა პირი მლეწავ ხარს.+
5 თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთ-ერთი უშვილოდ მოკვდება, იმის ცოლი, ვინც მოკვდა, უცხო კაცს არ უნდა გაჰყვეს. მისი მაზლი უნდა მივიდეს მასთან, შეირთოს ცოლად და მაზლის ვალდებულება შეუსრულოს.+
6 პირმშო, რომელსაც ის გააჩენს, მკვდარი ძმის სახელს აღადგენს,+ რომ არ ამოიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.+
7 თუ კაცი არ მოისურვებს თავისი ძმის ქვრივის შერთვას, მისი ძმის ქვრივი წავიდეს კარიბჭესთან, უხუცესებთან+ და უთხრას: „ჩემი ქმრის ძმა უარს ამბობს ისრაელში თავისი ძმის სახელის აღდგენაზე. არ თანხმდება, რომ შემირთოს და მაზლის ვალდებულება შემისრულოს“.
8 იმ ქალაქის უხუცესებმა მოუხმონ მას და ელაპარაკონ. ის უნდა დადგეს და თქვას, რომ არ სურს მისი შერთვა.+
9 მისი ძმის ქვრივი მივიდეს მასთან უხუცესების თვალწინ, სანდალი გახადოს,+ სახეში შეაფურთხოს+ და თქვას: „ასე ექცევიან იმ კაცს, რომელიც თავისი ძმის სახლს არ აშენებს“.+
10 ისრაელში მასზე იტყვიან, სანდალგახდილის სახლიაო.
11 თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მოჩხუბრის ხელიდან ქმრის დასახსნელად და სასირცხოზე სტაცებს ხელს,+
12 მოკვეთე მას ხელი, არ შეიბრალოს შენმა თვალმა.+
13 არ გქონდეს ჩანთაში ორნაირი საწონი,+ დიდი და პატარა.
14 არ გქონდეს სახლში ორნაირი ეფა,+ დიდი და პატარა.
15 საწონიცა და ეფაც ზუსტი და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.+
16 ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის, ის სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.+
17 გახსოვდეთ, როგორ მოგექცათ ამალეკი, ეგვიპტიდან რომ გამოდიოდით,+
18 როგორ დაგიხვდათ გზაზე და როგორ შეგიტიათ ზურგიდან, როცა თქვენ დაღლილ-დაქანცულები იყავით. არ ეშინოდათ მათ ღვთისა.+
19 როცა მოგასვენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, დასაუფლებლად,+ ამოშალეთ ამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან;+ არ დაივიწყოთ».