კანონი 26:1—19
26 «როცა შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს სამკვიდროდ, დაეუფლები მას და იქ იცხოვრებ,+
2 აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი,+ რომელსაც მოიწევ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, ჩადე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად.+
3 მიდი მღვდელთან,+ რომელიც იმ დროს იქნება, და უთხარი: „ვაცხადებ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე, რომ შემოვედი მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ ჩვენს მამა-პაპას დაუფიცა“.+
4 გამოგართმევს მღვდელი ხელიდან კალათას და იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოს წინ დადებს,
5 შენ კი თქვი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე: „მამაჩემი მომაკვდავი სირიელი+ იყო; ჩავიდა ეგვიპტეში+ მცირერიცხოვან ხალხთან ერთად+ და იქაურობას შეეხიზნა, მაგრამ დიდ, ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხად იქცა.+
6 ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე, მონურ სამუშაოს გვაკისრებდნენ.+
7 შევღაღადეთ იეჰოვას, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს+ და ისმინა იეჰოვამ ჩვენი ხმა;+ დაინახა ჩვენი ჩაგვრა, გაჭირვება და ტანჯვა-წამება.+
8 ბოლოს გამოგვიყვანა იეჰოვამ ეგვიპტიდან ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავით,+ შიშის ზარით,+ ნიშნებითა და სასწაულებით.+
9 მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+
10 აი მოვიტანე იეჰოვასგან მოცემული მიწის პირველმოწეული ნაყოფი“.+
დადე ის იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე და თაყვანი ეცი იეჰოვას, შენს ღმერთს.+
11 გაიხარე+ იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოგცათ შენ და შენს სახლეულობას, შენ, ლევიანებსა და შენთან მცხოვრებ ხიზნებს.+
12 როცა დაასრულებ შენი მოსავლიდან მთელი მეათედის+ გადადებას მესამე წელს,+ მეათედის წელს, მიეცი ის ლევიანებს, ხიზნებს, ქვრივებსა და უმამო ბავშვებს; ჭამონ მათ შენი კარიბჭეების შიგნით და გაძღნენ.+
13 თქვი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე: „გამოვიტანე სახლიდან, რაც წმინდა იყო, და მივეცი ლევიანებს, ხიზნებსა და ქვრივ-ობლებს+ შენი მცნების თანახმად, რომელიც მიბრძანე. არ დამირღვევია შენი მცნებები, არც დამვიწყებია.+
14 გლოვის დროს იქიდან არ მიჭამია, არც არაფერი გამომიტანია გაუწმინდურებულს, და არც მკვდრისთვის გამიცია. მოვუსმინე იეჰოვას, ჩემი ღვთის ხმას. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ გქონდა ნაბრძანები.
15 გადმოიხედე შენი წმინდა სამყოფლიდან,+ ზეციდან, და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი,+ და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცე,+ მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“.+
16 გიბრძანებს დღეს იეჰოვა, შენი ღმერთი, რომ შეასრულო ეს წესები და სამართალი,+ დაიცვა და შეასრულო ისინი მთელი გულითა+ და სულით.+
17 გაიგო იეჰოვამ თქვენი პასუხი და გითხრათ, რომ თქვენი ღმერთი იქნება, ვიდრე ივლით მისი გზით და დაიცავთ მის წესებს,+ მცნებებსა+ და სამართალს,+ და მოუსმენთ მის ხმას.+
18 თქვენ კი იმის გამო, რაც იეჰოვამ გააკეთა, თქვით, რომ მისი ხალხი იქნებით, გამორჩეული საკუთრება,+ როგორც დაგპირდათ კიდეც,+ და დაიცავთ მის მცნებებს;
19 აგამაღლებთ იგი ყველა სხვა ხალხებზე მეტად, რომლებიც მან შექმნა,+ და იქცევით ქებად, სახელად და მშვენებად, სანამ წმინდა ხალხი იქნებით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ როგორც დაგპირდათ».