კანონი 8:1—20
8 „ყოველი მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, გულდასმით დაიცავით,+ რათა იცოცხლოთ,+ გამრავლდეთ, შეხვიდეთ და დაეუფლოთ იმ მიწას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+
2 გახსოვდეთ მთელი გზა, რომელზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გატარათ უდაბნოში ეს ორმოცი წელი,+ რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა,+ გამოეცადეთ+ და გაეგო, რა გქონდათ გულში,+ დაიცავდით თუ არა მის მცნებებს.
3 ის თავმდაბლობას გასწავლიდათ, მშივრებს+ გატარებდათ და მანანას+ გაჭმევდათ, რაც თქვენთვისაც უცხო იყო და თქვენი მამა-პაპისთვისაც, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.+
4 ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხები არ დაგსიებიათ ეს ორმოცი წელი.+
5 გულით კარგად იცით, რომ როგორც კაცი არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
6 იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებები დაიცავით: მისი გზით იარეთ+ და გეშინოდეთ მისი.+
7 შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი მადლიან მიწაზე,+ სადაც წყალუხვი ხევებია, სადაც ველებზე+ და მთებში წყაროები და ღრმა წყლები მოედინება,
8 მიწაზე, სადაც ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი და ბროწეულია,+ ზეთისხილის ზეთისა და თაფლის მიწაზე,+
9 მიწაზე, სადაც პურის ნაკლებობა არ გექნებათ და არაფერი მოგაკლდებათ, მიწაზე, სადაც ქვები რკინითაა სავსე და სადაც მთებში სპილენძს მოიპოვებთ.
10 როცა შეჭამთ და გაძღებით,+ აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწის გამო, რომელიც მოგცათ.+
11 ფრთხილად იყავით, რომ არ დაივიწყოთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არ მიატოვოთ მისი მცნებები, სამართალი და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ,+
12 რათა, როცა შეჭამთ და გაძღებით, აიშენებთ სახლებს და იცხოვრებთ,+
13 გაგიმრავლდებათ ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი და მთელი ქონება,
14 არ გადიდგულდეთ+ და არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან;+
15 ვინც გამოგატარათ დიდი და საშიში უდაბნო,+ უწყლო მიწა, შხამიან გველებსა+ და მორიელებს შორის; ვინც კაჟივით მაგარი კლდიდან წყალი გადმოგიჩქეფათ;+
16 ვინც უდაბნოში მანანით+ გკვებავდათ, რაც თქვენი მამებისთვის უცხო იყო, რათა თქვენთვის თავმდაბლობა+ ესწავლებინა და გამოეცადეთ, რომ სიკეთე გაეკეთებინა თქვენთვის მომავალში;+
17 და არ თქვათ გულში, ჩემმა ძალამ და ჩემი ხელის ღონემ შემძინა ეს სიმდიდრეო.+
18 გახსოვდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რადგან ის გაძლევთ ძალას სიმდიდრის შესაძენად,+ რომ შეასრულოს თავისი შეთანხმება, რომელიც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა, როგორც დღეს.+
19 თუ დაივიწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სხვა ღმერთებს გაჰყვებით, დაუწყებთ მათ მსახურებასა და თაყვანისცემას, გიმოწმებთ დღეს, რომ მთლიანად ამოწყდებით.+
20 იეჰოვა როგორც სხვა ხალხებს ანადგურებს თქვენ წინაშე, თქვენც ისე ამოგწყვეტთ, რადგან არ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“.+