ლევიანები 19:1—37
19 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
2 «უთხარი ისრაელის ძეების კრებულს: „იყავით წმინდები,+ რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
3 დედის და მამის გეშინოდეთ;+ დაიცავით ჩემი შაბათები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
4 არ მიმართოთ არაფრის მაქნის ღმერთებს+ და არ ჩამოისხათ ღმერთები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
5 თუ მშვიდობის მსხვერპლს შესწირავთ იეჰოვას,+ შესწირეთ ის მოწონების მოსაპოვებლად.+
6 შეწირული მსხვერპლი პირველ და მეორე დღეს შეიჭამოს, მესამე დღისთვის დარჩენილი კი ცეცხლში დაიწვას.+
7 თუ მესამე დღესაც შეიჭმება, ეს სიბილწეა;+ ის არ იქნება მიღებული.+
8 ვინც შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე,+ რადგან შებღალა ის, რაც წმინდაა იეჰოვასთვის. ის* უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
9 როცა მოიმკით მოსავალს თქვენს მიწაზე, სრულად არ მომკათ თქვენი მინდვრის ნაპირები, და არ აკრიფოთ მოსავლის აღების დროს დაცვენილი.+
10 არ მოიმცვრიოთ+ ვენახი და დაცვენილი ყურძენი არ აკრიფოთ; საწყლისთვის და ხიზნისთვის დატოვეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
11 არ მოიპაროთ+ და არ მოიტყუოთ;+ არ მოექცეთ ვერაგულად თქვენს მოძმეს.+
12 არ დაიფიცოთ ჩემი სახელით ტყუილზე,+ რათა არ შებღალოთ თქვენი ღვთის სახელი. მე ვარ იეჰოვა.
13 არაფერი გამოსძალო მოძმეს+ და არ გაძარცვო;+ დილამდე არ დაიტოვო მოჯამაგირის გასამრჯელო.+
14 არ დასწყევლო ყრუ და ბრმას არაფერი დაუდო დასაბრკოლებლად.+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
15 უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში. არ გამოიჩინო მიკერძოება,+ არ არჩიო მდიდარი ღარიბს.+ სიმართლით გაასამართლე შენი მოძმე.
16 არ შემოიარო შენი ხალხი იმისათვის, რომ ცილი დასწამო ვინმეს;+ არ განიზრახო შენი მოძმის სისხლის დაღვრა.+ მე ვარ იეჰოვა.
17 არ გქონდეს გულში სიძულვილი შენი ძმისადმი;+ აუცილებლად შეაგონე შენი მოძმე,+ რათა მასთან ერთად შენც არ შესცოდო.
18 არ იძიო შური+ და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი;+ საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე.+ მე ვარ იეჰოვა.
19 დაიცავით ჩემი წესები: არ შეაჯვაროთ ორი სხვადასხვა შინაური ცხოველი; არ დათესოთ ორი სხვადასხვა თესლი+ თქვენს მინდორში და არ ჩაიცვათ ორი ერთმანეთში შერეული ძაფით მოქსოვილი ტანსაცმელი.+
20 თუ კაცი მოახლე ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული და არც გამოსყიდულია და არც გათავისუფლებული, ამას სასჯელი უნდა მოჰყვეს, თუმცა არ უნდა მოკლან ისინი, რადგან ის გათავისუფლებული არ ყოფილა.
21 შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიუტანოს მან იეჰოვას დანაშაულის შესაწირავი ვერძი.+
22 შეასრულოს მღვდელმა მისთვის გამოსყიდვის წესი ჩადენილი ცოდვის გამო დანაშაულის შესაწირავი ვერძით იეჰოვას წინაშე და ეპატიება მას ჩადენილი ცოდვა.+
23 როცა შეხვალთ იმ მიწაზე და დარგავთ ნაყოფის მომცემ რომელიმე ხეს, უწმინდური იყოს თქვენთვის მისი ნაყოფი, როგორც წინადაუცვეთელი, რადგან ის სამი წელი იქნება წინადაუცვეთელი თქვენთვის; იქიდან არ უნდა ჭამოთ.
24 მეოთხე წელს კი წმინდა იქნება მისი ნაყოფი+ იეჰოვას სადღესასწაულო მხიარულებისთვის.+
25 მეხუთე წელს შეგიძლიათ ჭამოთ მისი ნაყოფი, რათა შეგემატოთ ის.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
26 სისხლიანად არაფერი ჭამოთ.+
არ დაიწყოთ მისნობა+ და ჯადოქრობა.+
27 არ შეიკრიჭოთ თმა საფეთქლებთან და არ დაიმახინჯოთ წვერის კიდეები.+
28 არ დაისეროთ სხეული მკვდრის* გამო+ და ზედ არაფერი დაიხატოთ. მე ვარ იეჰოვა.
29 არ აქციო მეძავად შენი ასული,+ რომ არ შეურაცხყო იგი, რათა არ იმეძაოს იმ მიწამ და არ აივსოს აღვირახსნილობით.+
30 დაიცავით ჩემი შაბათები+ და ჩემი საწმინდრის შიში გქონდეთ.+ მე ვარ იეჰოვა.
31 არ მიმართოთ სულების გამომძახებლებს+ და რჩევა არ ჰკითხოთ მარჩიელებს,+ რათა არ გაგაუწმინდურონ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
32 ჭაღარას წამოუდექი,+ მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი+ და გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
33 ცუდად არ მოეპყრო შენს მიწაზე მცხოვრებ ხიზანს;+
34 არ განასხვაო შენთან მცხოვრები ხიზანი მკვიდრისგან; საკუთარი თავივით შეიყვარე იგი,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
35 უსამართლოდ არ მოიქცე სამართალში,+ ზომა-წონასა და სითხის აწყვაში;+
36 ზუსტი სასწორი,+ ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა და ზუსტი ჰინი უნდა გქონდეთ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან.
37 დაიცავით ჩემი წესები, მთელი ჩემი სამართალი და შეასრულეთ ისინი.+ მე ვარ იეჰოვა“».
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — სულის, ანუ მკვდარი სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.