ლევიანები 25:1—55
25 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინას მთაზე:
2 „უთხარი ისრაელის ძეებს: როცა შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ,+ დაიცვას იმ მიწამ შაბათი იეჰოვასთვის.+
3 ექვს წელიწადს თესე თესლი შენს მინდორში, ექვს წელიწადს სხალი შენი ვენახი და აიღე მიწის ნაყოფი,+
4 მეშვიდე წელიწადი კი სრული დასვენების შაბათია მიწისთვის,+ შაბათი იეჰოვასთვის. არ დათესო თესლი შენს მინდორში და არ გასხლა შენი ვენახი;
5 არ მომკა ნაგერალი და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. მიწისთვის ეს სრული დასვენების წელიწადია.
6 რაც შაბათს მოვა მიწაზე, ის გქონდეთ საჭმელად შენ, შენს მონას, შენს მხევალს, შენს მოჯამაგირეს, შენს მდგმურს და შენთან მცხოვრებ ხიზანს,
7 შენს შინაურ ცხოველს და გარეულ ცხოველს, რომელიც შენს მიწაზე ბინადრობს. მთელი მიწის ნაყოფი გქონდეთ საჭმელად.
8 გადაითვალეთ შვიდი შაბათის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, რომ ორმოცდაცხრა წელს ითვლიდეს შვიდი შაბათის წლები.
9 მეშვიდე თვის მეათე დღეს+ ძლიერად ჩაჰბერე საყვირს;+ გამოსყიდვის დღეს+ მთელ თქვენს მიწაზე ისმოდეს საყვირის ხმა.
10 განწმინდე ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადე იმ მიწაზე თავისუფლება მისი ყველა მკვიდრისთვის.+ იუბილე იქნება ეს+ თქვენთვის. დააბრუნეთ ყველა თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ოჯახში.+
11 ორმოცდამეათე წელი იუბილე იქნება თქვენთვის.+ არც თესლი დათესოთ, არც ნაგერალი მომკათ და არც ყურძენი მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან,+
12 რადგან იუბილეა. ის წმინდა უნდა იყოს თქვენთვის. შეგიძლიათ ჭამოთ მინდორში მოსული მიწის ნაყოფი.+
13 იუბილის წელს დააბრუნეთ თითოეული თავის სამკვიდროში.+
14 თუ შენს მოძმეს რამეს მიჰყიდი ან შენი მოძმის ხელიდან იყიდი რამეს, უსამართლოდ არ მოექცეთ ერთმანეთს.+
15 იუბილის შემდგომი წლების რიცხვის მიხედვით იყიდე შენი მოძმისგან; მოსავლის აღების წლების რიცხვის მიხედვით მოგყიდოს.+
16 რაც მეტია წლები, მით მეტი უნდა იყოს გასაყიდი ფასი,+ და რაც ნაკლებია წლები, მით ნაკლები უნდა იყოს გასაყიდი ფასი, რადგან მოსავლის აღების წლების მიხედვით უნდა მოგყიდოს.
17 უსამართლოდ არ მოექცეთ თქვენს მოძმეს,+ გეშინოდეთ თქვენი ღვთისა,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
18 შეასრულეთ ჩემი წესები, დაიცავით და აღასრულეთ ჩემი სამართალი და უსაფრთხოდ იცხოვრებთ იმ მიწაზე.+
19 მოგცემთ მიწა ნაყოფს,+ ძღომამდე შეჭამთ და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.+
20 თუ იტყვით, რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, თუ თესლს არ დავთესავთ და მოსავალს არ ავიღებთო,+
21 მოგივლენთ ჩემს კურთხევას მეექვსე წელიწადს და სამი წლის მოსავალს მოიყვანს.+
22 დათესეთ თესლი მერვე წელს და მეცხრე წლამდე ძველი მოსავლიდან ჭამეთ; ახალ მოსავლამდე ძველი ჭამეთ.
23 მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს,+ რადგან ჩემია.+ თქვენ ჩემი ხიზნები და მდგმურები ხართ.+
24 მთელ თქვენს მიწაზე უნდა შეიძლებოდეს მიწის გამოსყიდვა.+
25 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და გაყიდის თავისი მიწის ნაწილს, მივიდეს მისი ახლო ნათესავი, გამომსყიდველი, და გამოისყიდოს ის, რაც მისმა მოძმემ გაყიდა.+
26 თუ გამომსყიდველი არ გამოუჩნდება, მაგრამ თვითონ იშოვის იმდენს, რომ გამოისყიდოს,
27 დაითვალოს, რამდენი წელია გასული გაყიდვის შემდეგ, დარჩენილი ფული მყიდველს დაუბრუნოს და დაბრუნდეს თავის სამკვიდროში.+
28 თუ უკან დასაბრუნებლად ვერ იშოვის იმდენს, რამდენიც საჭიროა, იუბილის წლამდე გაყიდული მყიდველს დარჩება,+ იუბილის წელს კი მიწა პატრონს გადაეცემა და დაუბრუნდება იგი თავის სამკვიდროს.+
29 თუ კაცი გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, გამოსყიდვის უფლება+ ექნება გაყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში, მთელი წელი.
30 მაგრამ თუ ერთი წლის ბოლომდე ვერ გამოისყიდა, სახლი გალავნიან ქალაქში მყიდველის სამუდამო საკუთრება გახდება მის თაობებში. იუბილის წელს არავის გადაეცემა.
31 ქვეყნის უგალავნო დასახლებაში სახლები მინდვრის ნაწილად ჩაითვლება. მათი გამოსყიდვის უფლება+ შენარჩუნდება და იუბილის წელს+ პატრონს გადაეცემა.
32 რაც შეეხება ლევიანთა ქალაქებსა და სახლებს მათ სამკვიდრებელ ქალაქებში,+ ლევიანებს ყოველთვის ექნებათ გამოსყიდვის უფლება.+
33 თუ ლევიანთა სამკვიდრო არ გამოსყიდულა, მის სამკვიდრო ქალაქში გაყიდული სახლი იუბილეზე უნდა გათავისუფლდეს,+ რადგან ისრაელის ძეებს შორის ლევიანების ქალაქებში სახლები მათივე საკუთრებაა.+
34 მათი ქალაქების საძოვრების+ გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო საკუთრებაა.
35 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და გაუჭირდება,+ მხარში ამოუდექი.+ ხიზანივით და მდგმურივით+ იცხოვროს შენთან.
36 არ გამოართვა არც სარგებელი და არც ვახში+ და გეშინოდეს შენი ღვთისა.+ შენთან იცხოვროს შენმა ძმამ.
37 არც ფული მისცე სარგებლით+ და არც საჭმელი — ვახშით.
38 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ მოგცეთ ქანაანის მიწა+ და თქვენი ღმერთი ვიყო.+
39 თუ შენი მოძმე შენ თვალწინ გაღარიბდება და თავს მოგყიდის,+ მონასავით არ ამუშაო.+
40 გყავდეს, როგორც მოჯამაგირე,+ როგორც მდგმური. იუბილის წლამდე გემსახუროს.
41 წავიდეს შენგან ის თავის ვაჟებთან ერთად, დაუბრუნდეს ოჯახს და მამაპაპისეულ სამკვიდროს,+
42 რადგან ჩემი მონები არიან ისინი, ვინც ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე;+ მონასავით არ უნდა გაიყიდონ თავი.
43 უმოწყალოდ+ არ მოექცე მას, გეშინოდეს შენი ღვთისა.+
44 შეგიძლიათ იყიდოთ მონა და მხევალი თქვენი მეზობელი ხალხებისგან,
45 შეგიძლიათ იყიდოთ თქვენთან ხიზნებად მცხოვრები მდგმურებისგან+ და მათი ოჯახებისგან, რომლებიც თქვენთან არიან, თქვენს მიწაზე არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყვნენ ისინი.
46 მემკვიდრეობად გადაეცით თქვენს ვაჟებს, რომ სამარადისო საკუთრებად აქციოთ.+ ისინი ამუშავეთ, თქვენს ძმებს კი, ისრაელის ძეებს, ულმობლად არ მოექცეთ.+
47 თუ შენთან მცხოვრები ხიზანი ან მდგმური გამდიდრდა, მის გვერდით მცხოვრები შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა შენთან მცხოვრებ ხიზანს ან მდგმურს, ან ხიზნის ოჯახის წევრს,
48 მიყიდვის შემდეგ+ გამოსყიდვის უფლება არ წაერთმევა.+ მის ერთ-ერთ ძმას შეუძლია მისი გამოსყიდვა.+
49 მისი გამოსყიდვა შეუძლია ბიძასაც, ბიძაშვილსაც ან რომელიმე სისხლით ნათესავს+ მისი ოჯახიდან.
ხოლო თუ თვითონ გამდიდრდა, თვითონვე გამოისყიდოს თავი.+
50 უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როცა მიეყიდა, იუბილის+ წლამდე. მისი ყიდვის საფასური წლების რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს.+ უანგარიშოს მოჯამაგირის სამუშაო დღეები და ისე მოექცეს მას.+
51 თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, ამის მიხედვით გადაუხდის გამოსასყიდს მიყიდვის დროს აღებული ფულიდან.
52 თუ ცოტა წელია დარჩენილი იუბილის+ წლამდე, იანგარიშოს და წლების მიხედვით გადაიხადოს გამოსასყიდის საფასური.
53 წლიდან წლამდე ისე მოექცეს მას, როგორც მოჯამაგირეს.+ უმოწყალოდ არ მოექცეს+ შენ თვალწინ.
54 თუ ასეთი პირობით ვერ გამოისყიდის თავს, იუბილის წელს გათავისუფლდება+ თავის ვაჟებთან ერთად.
55 ისრაელის ძეები ჩემი მონები არიან.+ ისინი ჩემი მონები არიან, რომლებიც ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+