ლუკა 15:1—32
15 გადასახადების ამკრეფები+ და ცოდვილები+ მასთან მიდიოდნენ მოსასმენად.
2 ფარისევლები და მწიგნობრები დრტვინავდნენ: „ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს“.+
3 იესომ მათ ასეთი მაგალითი მოუყვანა:
4 „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბურ ადგილას, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს, სანამ არ იპოვის?+
5 როცა იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს.+
6 სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.+
7 გეუბნებით: ერთი მომნანიებელი ცოდვილის+ გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ.+
8 ქალს რომ ათი დრაქმა* ჰქონდეს და ერთი დრაქმა დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ მოძებნის, სანამ არ იპოვის?
9 როცა იპოვის, დაუძახებს ქალებს, თავის მეგობრებსა და მეზობლებს, და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვეო.
10 გეუბნებით: ასევე ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“.+
11 შემდეგ უთხრა მათ: «ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.+
12 უმცროსმა უთხრა მამას: „მამა, მომეცი ჩემი წილი საკუთრება“.+ მანაც გაუყო შვილებს ქონება.+
13 მოგვიანებით, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, შორეულ ქვეყანაში წავიდა და თავისი ქონება აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა.+
14 როცა ყველაფერი დახარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა დაიწყო და გაუჭირდა.
15 წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი ღორების მწყემსად გაგზავნა მინდორში.+
16 ნატრობდა, ღორების საჭმელი კერატით გამძღარიყო, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.+
17 გონს რომ მოეგო, თქვა: „მამაჩემს ამდენი მოჯამაგირე ჰყავს და ყველას უხვად აქვს პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები!
18 ავდგები, წავალ+ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე.+
19 აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას. მოჯამაგირედ დამიყენე-მეთქი“.
20 ადგა და მამამისთან წავიდა. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამისმა დაინახა და გული დაეწვა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა.
21 ვაჟმა უთხრა: „მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე.+ აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას. მოჯამაგირედ დამიყენე“.+
22 მაგრამ მამამ თავის მონებს უთხრა: „სასწრაფოდ გამოუტანეთ საუკეთესო გრძელი სამოსელი+ და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ+ და ფეხზე სანდლები ჩააცვით.
23 გამოიყვანეთ ნასუქი+ მოზვერი და დაუკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ,
24 რადგან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა,+ დაკარგული იყო და გამოჩნდა“. და დაიწყეს მხიარულება.
25 იმ დროს უფროსი ვაჟი+ მინდორში იყო და შინისაკენ მიმავალს, სახლს როცა უახლოვდებოდა, მუსიკისა და ცეკვის ხმა შემოესმა.
26 ერთ მსახურს დაუძახა და ჰკითხა, რა ხდებაო.
27 მან უპასუხა, შენი ძმა+ მოვიდა და მამაშენმა+ ნასუქი მოზვერი დაუკლა, რადგან ჯანმრთელი დაუბრუნდაო.
28 ის კი განრისხდა და არ უნდოდა შიგნით შესვლა. მამამისი გამოვიდა და ეხვეწებოდა, შემოდიო.+
29 მან მიუგო: „ამდენი წელია მონასავით გემსახურები, შენი მცნება არასდროს დამირღვევია, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან მემხიარულა.+
30 მაგრამ როგორც კი მოვიდა ეგ შენი ვაჟი,+ რომელმაც მთელი შენი ქონება მეძავებში+ გაფლანგა, ნასუქი მოზვერი დაუკალი“.+
31 მამამ უთხრა: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია,+
32 მაგრამ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“».+
სქოლიოები
^ ვერცხლის მონეტა ძველ საბერძნეთში, წონით 3,40 გრამი.