ლუკა 24:1—53
24 კვირის პირველ დღეს დილაუთენია გაემართნენ სამარხისკენ და თან წაიღეს მომზადებული სურნელოვანი მცენარეები.+
2 ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.+
3 შიგნით რომ შევიდნენ, უფალ იესოს ცხედარი ვეღარსად ნახეს.+
4 შეფიქრიანდნენ და აი, მათ წინაშე წარდგა ორი მამაკაცი ელვარე სამოსელში.+
5 ქალებს შეეშინდათ და თავები დახარეს. კაცებმა უთხრეს მათ: „რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
6 [[ის აქ არ არის, აღდგა]].+ გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში+ იყო:
7 კაცის ძე ცოდვილთა ხელში გადაეცემა, ბოძზე გააკრავენ, მესამე დღეს კი აღდგებაო“.+
8 მათ გაახსენდათ მისი სიტყვები,+
9 დაბრუნდნენ სამარხიდან და ეს ამბავი თერთმეტსა და დანარჩენებს შეატყობინეს.+
10 ამის შესახებ მოციქულებს უყვებოდნენ მაგდალელი მარიამი, იოანა,+ იაკობის დედა მარიამი და მათთან მყოფი სხვა ქალები.+
11 მათ კი ეს სიტყვები უაზრობად მოეჩვენათ და არ დაუჯერეს+ ქალებს.
12 [[პეტრე კი ადგა და სამარხისკენ გაიქცა, მაგრამ რომ დაიხარა, სახვევების მეტი ვერაფერი დაინახა და გაკვირვებული გამობრუნდა]].
13 იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელ ემაუსში, რომელიც თერთმეტი კილომეტრით იყო დაშორებული იერუსალიმიდან,
14 და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მომხდარის შესახებ.+
15 როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მივიდა+ მათთან და დაემგზავრა.
16 მაგრამ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.+
17 იესომ ჰკითხა: „რაზე კამათობთ?“ ისინი დაღვრემილები შეჩერდნენ.
18 ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო: „ნუთუ შენთვის ცხოვრობ უცხოელივით იერუსალიმში? არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?“
19 მან ჰკითხა: „რა მოხდა?“ „იესო ნაზარეთელზე+ ვლაპარაკობთ, რომელიც წინასწარმეტყველი+ გახდა და ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე ძლიერი იყო საქმითა და სიტყვით,
20 როგორ გადასცეს იგი ჩვენმა უფროსმა მღვდლებმა და მმართველებმა სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად და ბოძზე გააკრეს.+
21 ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს.+ უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
22 თან ჩვენგან ზოგიერთმა ქალმა+ განგვაცვიფრა. დილით ადრე მივიდნენ სამარხთან,
23 მაგრამ ვერ ნახეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ზებუნებრივი ჩვენება იხილეს — ანგელოზები, რომლებსაც მასზე უთქვამთ, ცოცხალიაო.
24 შემდეგ ზოგიერთი ჩვენგანი წავიდა სამარხთან+ და ნახეს, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ქალები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს“.
25 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, არა გწამთ, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!+
26 განა ასე არ უნდა დატანჯულიყო+ ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“+
27 მოსედან დაიწყო+ და ყველა წინასწარმეტყველის+ წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი.
28 ბოლოს მიადგნენ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, მან კი ისე დაიჭირა თავი, თითქოს გზა უნდა გაეგრძელებინა.
29 ისინი კი არ უშვებდნენ: „დარჩი ჩვენთან, უკვე საღამოა, დღე იწურება“. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.
30 როცა მათთან ერთად სუფრასთან იყო, აიღო პური, ილოცა, დაამტვრია და მიაწოდა მათ.+
31 მაშინ აეხილათ თვალები და იცნეს, ის კი გაუჩინარდა.+
32 მათ ერთმანეთს უთხრეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“
33 მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში დაბრუნდნენ, მონახეს თერთმეტი და მათთან ერთად შეკრებილები,
34 რომლებიც ამბობდნენ: „უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენა!“+
35 მათაც უამბეს, რაც გზაში შეემთხვათ და ის, თუ როგორ იცნეს იგი პურის გატეხვით.+
36 ამას ლაპარაკობდნენ, როცა იესო მათ შორის ჩადგა [[და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა“]].
37 ისინი კი შეძრწუნდნენ და შეშინდნენ,+ ეგონათ, სულს* ხედავდნენ.
38 მან უთხრა მათ: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები?
39 შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ. შემეხეთ+ და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი+ არა აქვს, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“.
40 [[ეს თქვა და ხელები და ფეხები აჩვენა]].
41 მაგრამ, რადგან სიხარულისგან ვერ იჯერებდნენ+ და გაკვირვებულები იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ რამე საჭმელი?“+
42 მათ შემწვარი თევზის ნაჭერი მიაწოდეს.+
43 მანაც აიღო და მათ თვალწინ შეჭამა.+
44 მაშინ უთხრა მათ: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი:+ ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა+ და ფსალმუნებში+ ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“.
45 მაშინ სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა,+
46 და უთხრა მათ: „ასე წერია, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო,+
47 და იერუსალიმიდან დაწყებული+ ყველა ხალხისთვის+ უნდა ექადაგათ მისი სახელით მონანიება ცოდვების მისატევებლად.+
48 თქვენ ამ ყველაფრის მოწმეები+ უნდა იყოთ.
49 აი, გიგზავნით მამაჩემის მიერ დაპირებულს. თქვენ კი ქალაქში დარჩით, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ“.+
50 ბეთანიაში მიიყვანა, ხელები აღმართა და აკურთხა ისინი.+
51 კურთხევისას გაშორდა მათ და ცაში იქნა აყვანილი.+
52 მათ კი მდაბლად თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.+
53 მუდამ ტაძარში იყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.