ლუკა 6:1—49
6 შაბათს იესომ ყანებზე გაიარა. მისი მოწაფეები თავთავებს გლეჯდნენ,+ ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.+
2 ზოგიერთმა ფარისეველმა ჰკითხა მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის+ შაბათს?“+
3 იესომ მიუგო: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი,+ როცა მას და მასთან მყოფებს მოშივდათ,+
4 როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა წარსადგენი პური,+ რაც მხოლოდ მღვდლებისთვის არის ნებადართული, და თავისთან მყოფებსაც მისცა?“+
5 შემდეგ დასძინა: „კაცის ძე შაბათის უფალია“.+
6 სხვა შაბათს+ ის სინაგოგაში შევიდა და ასწავლიდა ხალხს. იქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.+
7 მწიგნობრები და ფარისევლები, როგორმე ბრალი რომ დაედოთ, უთვალთვალებდნენ,+ განკურნავდა თუ არა მას შაბათს.+
8 მან იცოდა მათი აზრები,+ მაგრამ მაინც უთხრა ხელგამხმარ კაცს: „ადექი და შუაში დადექი“. ისიც წამოდგა და შუაში დადგა.+
9 იესომ უთხრა მათ: „თქვენ გეკითხებით: ნებადართულია შაბათს კარგის+ ან ცუდის კეთება, სულის* ხსნა ან მოსპობა?“+
10 თვალი შეავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ ის ასეც მოიქცა და ხელი მოურჩა.+
11 ისინი კი, გაგიჟებულები, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.+
12 იმ დღეებში ის მთაზე ავიდა, რომ ელოცა,+ და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.+
13 როცა გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები+ უწოდა:
14 სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა,+ და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე,+ ფილიპე+ და ბართლომე,
15 მათე, თომა,+ ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, რომელსაც მოშურნეს ეძახიან,+
16 იუდა, იაკობის ვაჟი, და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.+
17 იესო მათთან ერთად ჩამოვიდა და ვაკეზე გაჩერდა. იქ იყო მისი უამრავი მოწაფე, აგრეთვე დიდძალი ხალხი+ მთელი იუდეიდან, იერუსალიმიდან, ტვიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან, რომლებიც მის მოსასმენად და სნეულებათაგან განსაკურნავად მოსულიყვნენ.+
18 იკურნებოდნენ უწმინდური სულებით გაწამებულებიც.
19 მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა+ იესოს, რადგან მისგან ძალა+ გამოდიოდა და ყველას კურნავდა.
20 მან თავის მოწაფეებს გადახედა და თქვა:+
„ბედნიერნი ხართ, ღარიბნო,+ რადგან თქვენია ღვთის სამეფო.
21 ბედნიერნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ,+ რადგან გაძღებით.+
ბედნიერნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან იცინებთ.+
22 ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ,+ თავიდან გიშორებენ, გლანძღავენ+ და თქვენს სახელს ბოროტად მიიჩნევენ კაცის ძის გამო.
23 იხარეთ იმ დღეს და იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, ვინაიდან მათი წინაპრები წინასწარმეტყველთაც ასევე ექცეოდნენ.+
24 მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო,+ რადგან სრულად გაქვთ მიღებული ნუგეში.+
25 ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ.+
ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ.+
26 ვაი თქვენ, თუ ყველა კარგს ლაპარაკობს თქვენზე, რადგან მათი წინაპრები ცრუწინასწარმეტყველებზეც ასე ლაპარაკობდნენ.+
27 თქვენ კი, ვინც მისმენთ, გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები,+ კარგად+ მოექეცით თქვენს მოძულეებს,
28 აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ.+
29 ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს,+ მეორეც მიუშვირე, და ვინც მოსასხამს გართმევს,+ ტანსაცმელიც მიეცი.
30 თუ ვინმე რამეს გთხოვს,+ მიეცი, და თუ ვინმე რამეს წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.+
32 თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა დამსახურებაა? ცოდვილებსაც უყვართ თავიანთი მოყვარულები.+
33 თუ კარგად ექცევით მათ, ვინც თქვენ გექცევათ კარგად, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც ასე იქცევიან.+
34 თუ სესხს სარგებლის გარეშე+ აძლევთ იმათ, ვისგანაც იმედოვნებთ, რომ უკან მიიღებთ, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც აძლევენ სესხს ცოდვილებს სარგებლის გარეშე, რომ იმდენივე დაიბრუნონ.+
35 თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, აკეთეთ კარგი,+ სარგებლის გარეშე ასესხეთ და ნუღარაფრის დაბრუნებას იმედოვნებთ და დიდი იქნება თქვენი საზღაური და უზენაესის შვილები+ იქნებით, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.+
36 ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.+
37 ნუღარ გაასამართლებთ და არც თქვენ გასამართლდებით,+ ნუღარ დასდებთ მსჯავრს და არც თქვენ დაგედებათ მსჯავრი. აპატიეთ და თქვენც გეპატიებათ.+
38 გაეცით და მოგეცემათ.+ უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“.+
39 სხვა მაგალითიც მოუყვანა: «განა შეძლებს ბრმა, ბრმას წაუძღვეს? განა ორივე ორმოში არ ჩავარდება?+
40 მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება.+
41 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ხედავ?+
42 როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენს თვალში მორს ვერ ხედავ?+ თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი+ და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.+
43 არ არსებობს კარგი ხე, რომელსაც ცუდი ნაყოფი გამოაქვს, და არ არსებობს ცუდი ხე, რომელსაც კარგი ნაყოფი გამოაქვს.+
44 თითოეული ხე თავისი ნაყოფით იცნობა.+ მაგალითად, ეკლიდან არავინ კრეფს ლეღვს, არც ეკლიანი ბუჩქიდან — ყურძენს.+
45 კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან+ კარგი გამოაქვს, ბოროტს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს, რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს.+
46 მაშ, რატომ მომმართავთ „უფალო! უფალო!“ მაგრამ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?+
47 გეტყვით, ვის ჰგავს ის, ვინც ჩემთან მოდის, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს:+
48 ის ჰგავს სახლის ამშენებელ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე ამოთხარა, ამოაღრმავა და ჩაყარა საძირკველი. წყალდიდობის+ დროს მიაწყდა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო აშენებული.+
49 ის კი, ვინც ისმენს და არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელმაც მიწაზე აიშენა სახლი უსაძირკვლოდ. მიაწყდა მას მდინარე და ისიც მაშინვე დაინგრა,+ და დიდი იყო მისი დანგრევა».+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.