ლუკა 7:1—50
7 მსმენელებთან ლაპარაკი როცა დაასრულა, კაპერნაუმში+ შევიდა.
2 ერთი ასისთავის საყვარელი მონა იმ დროს ავად იყო და კვდებოდა.+
3 იესოს შესახებ რომ მოისმინა, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა, რათა ეთხოვათ, მასთან მისულიყო და მონა გადაერჩინა.
4 ისინი მივიდნენ იესოსთან და შეეხვეწნენ: „იგი ღირსია, ეს რომ გაუკეთო,
5 რადგან უყვარს ჩვენი ერი,+ სინაგოგაც კი აგვიშენა“.
6 იესო გაჰყვა მათ და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები გაუგზავნა, რომ ეთქვათ: «ბატონო, ნუ წუხდები, რადგან არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.+
7 ამის გამო თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური;
8 ვინაიდან მეც სხვისი ძალაუფლების ქვეშა ვარ და ხელქვეითადაც მყავს ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: „წადი!“ და ისიც მიდის, მეორეს — „მოდი!“ და მოდის, ჩემს მონას — „ეს გააკეთე!“ და აკეთებს».+
9 იესო გაოცდა ამ სიტყვების მოსმენაზე, მიუბრუნდა ხალხს, რომელიც უკან მიჰყვებოდა, და უთხრა: „გეუბნებით: ისრაელშიც კი არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა“.+
10 გაგზავნილებს სახლში დაბრუნებისას ის მონა გამოჯანმრთელებული დახვდათ.+
11 ამის შემდეგ იესო ქალაქ ნაინში წავიდა. მას თან მიჰყვებოდნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
12 როცა ქალაქის კარიბჭეს უახლოვდებოდა, დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ,+ დედისერთა+ ბიჭს. დედამისი ქვრივი იყო. მას დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა ქალაქიდან.
13 უფალმა რომ დაინახა, გული დაეწვა+ და უთხრა: „ნუ ტირი“.+
14 შემდეგ მივიდა და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“+
15 მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. იესომ ის დედამისს ჩააბარა.+
16 შიშმა+ შეიპყრო ყველა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი+ გამოჩნდა ჩვენ შორის“, „ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“.+
17 ეს ამბავი მის შესახებ მთელ იუდეასა და მის შემოგარენში გავრცელდა.
18 იოანეს თავისმა მოწაფეებმა ყველაფერი შეატყობინეს.+
19 მან თავის ორ მოწაფეს მოუხმო და უფალთან გაგზავნა, რომ ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“+
20 ისინი მივიდნენ მასთან და უთხრეს: «იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან, რომ გვეკითხა: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“»
21 მაშინ მან მრავალი განკურნა სნეულებებისა+ და მძიმე დაავადებებისგან, გაათავისუფლა ბოროტი სულებისგან და ბევრ უსინათლოს აუხილა თვალი.
22 ამიტომ მიუგო იმ ორს: „წადით+ და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს+ თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა+ ეუწყებათ.+
23 ბედნიერია ის, ვინც არ ბრკოლდება ჩემ გამო“.+
24 როცა იოანეს მაცნეები წავიდნენ, იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი: «რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან რხეული ლერწმისა?+
25 აბა, რის სანახავად გახვედით? რბილი ქსოვილის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცისა?+ ვისაც მდიდრულად აცვია და ვინც ფუფუნებაში ცხოვრობს, ისინი ხომ სამეფო სასახლეებში არიან?+
26 მაშ, რის სანახავად გახვედით? წინასწარმეტყველისა?+ გეუბნებით: წინასწარმეტყველზე ბევრად მეტისაც.+
27 მასზეა დაწერილი: „აი, ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს,+ რომელიც გზას მოგიმზადებს“.+
28 გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი,+ მაგრამ ის, ვინც მცირეა ღვთის სამეფოში, მასზე დიდია».+
29 (ეს რომ მოისმინეს, მთელმა ხალხმა და გადასახადების ამკრეფებმა აღიარეს, რომ ღმერთი მართალია,+ რადგან იოანეს ნათლობით იყვნენ მონათლულნი.+
30 ფარისევლებმა და კანონის მცოდნეებმა კი არაფრად ჩააგდეს ღვთის რჩევა,+ რადგან არ მოინათლნენ იოანეს მიერ).
31 «ვის შევადარო ეს თაობა? ვის ჰგვანან ისინი?+
32 ისინი ჰგვანან ბავშვებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: „სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ ტიროდით“.+
33 მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, თქვენ კი ამბობთ, დემონი ჰყავსო.+
34 მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, თქვენ კი ამბობთ: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი!“+
35 სიბრძნის+ სიმართლეს მისი შვილები ამტკიცებენ».+
36 ამის შემდეგ ერთი ფარისეველი იესოს სთხოვდა, ჩემთან ისადილეო. ისიც შევიდა ფარისევლის სახლში+ და სუფრასთან მიიპატიჟეს.
37 ერთმა ქალმა, რომელსაც ქალაქში ცოდვილის სახელი ჰქონდა, გაიგო, რომ იესო ფარისევლის სახლში მიეპატიჟებინათ და მიიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონის+ ჭურჭლით.
38 ქალი მის ფერხთით დაჯდა, ტიროდა, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თმით უმშრალებდა, თან ფეხებს ნაზად უკოცნიდა და ნელსაცხებლით უზელდა.
39 ამის დანახვაზე ფარისეველმა მასპინძელმა გაიფიქრა: „ეს კაცი რომ წინასწარმეტყველი+ იყოს, ეცოდინებოდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, ის ხომ ცოდვილია“.+
40 იესომ კი უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მინდა გითხრა“. მან უთხრა: „ბრძანე, მოძღვარო!“
41 „ერთ გამსესხებელს ორი მოვალე ჰყავდა. ერთს ხუთასი დინარი+ ემართა, მეორეს — ორმოცდაათი.
42 ვინაიდან გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, მან მთელი გულით აპატია+ ორივეს. მითხარი, ვინ უფრო მეტად შეიყვარებს მას?“
43 სიმონმა უპასუხა: „ჩემი აზრით, ის, ვისაც უფრო მეტი აპატია“. იესომ მიუგო: „სწორად განსაჯე“.
44 შემდეგ ქალს მიუბრუნდა და სიმონს უთხრა: „ხედავ ამ ქალს? მე შენს სახლში შემოვედი, შენ წყალიც არ მომეცი+ ფეხების დასაბანად, ამ ქალმა კი ფეხები ცრემლებით დამისველა და თავისი თმით შემიმშრალა.
45 შენ არც მაკოცე,+ ეს ქალი კი იმ საათიდან, რაც შემოვედი, ნაზად მიკოცნის ფეხებს.
46 შენ ზეთიც არ გიცხია ჩემთვის თავზე,+ ამ ქალმა კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.
47 ამიტომ გეუბნები, თუმცა ბევრი ცოდვა აქვს, ეპატია,+ რადგან მეტად შეიყვარა. ვისაც ცოტა ეპატიება, ცოტათი უყვარს“.
48 შემდეგ ქალს უთხრა: „გეპატია ცოდვები“.+
49 ამაზე სუფრასთან მყოფნი ერთმანეთში ალაპარაკდნენ: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ პატიობს?“+
50 მან უთხრა ქალს: „შენმა რწმენამ გიხსნა,+ წადი მშვიდობით“.+