ლუკა 8:1—56
8 ამის შემდეგ ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ.+ მას თან ახლდა თორმეტიც,
2 აგრეთვე რამდენიმე ქალი,+ რომლებიც ბოროტი სულებისგან გათავისუფლდნენ და სნეულებებისგან განიკურნენ: მაგდალელად წოდებული მარიამი, რომლისგანაც შვიდი დემონი გამოვიდა,+
3 იოანა,+ ჰეროდეს სახლთუხუცესის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა ქალები, რომლებიც მათ თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ.
4 როცა დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მათთან ერთად, ვინც ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა იესოს, მან მაგალითი მოუყვანა მათ:+
5 „გამოვიდა მთესველი თესლის დასათესად. თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.+
6 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა;+
7 ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკლები მათთან ერთად გაიზარდა და მოაშთო ისინი;+
8 ზოგიც კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგად გამოიღო ნაყოფი“.+ შემდეგ ხმამაღლა თქვა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს!“+
9 მოწაფეებმა ჰკითხეს მას, რას ნიშნავსო ეს მაგალითი.+
10 მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოები, დანარჩენებს კი მაგალითებით ველაპარაკები,+ რათა, თუმცა იყურებიან, ვერ დაინახონ და, თუმცა ისმენენ, ვერ მიხვდნენ.+
11 აი, რას ნიშნავს ეს მაგალითი:+ თესლი ღვთის სიტყვაა.+
12 გზის პირას დაცვენილები ისინი არიან, ვინც ისმენს,+ მაგრამ შემდეგ მოდის ეშმაკი+ და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.+
13 კლდოვან ადგილზე დაცვენილები ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ; ცოტა ხნით სწამთ, გამოცდის დროს კი განდგებიან.+
14 ეკლებში ჩაცვენილები კი ისინი არიან, ვინც მოისმინეს, მაგრამ ამ ცხოვრების საზრუნავმა, სიმდიდრემ და განცხრომამ გაიტაცა.+ ისინი სრულიად არიან მოშთობილნი და ბოლომდე არაფერი მიჰყავთ.+
15 ხოლო კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით მოისმინა სიტყვა,+ იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.+
16 ანთებულ ლამპარს არავინ აფარებს ჭურჭელს და არავინ დგამს საწოლის ქვეშ, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ შემომსვლელებმა სინათლე დაინახონ.+
17 არაფერია დაფარული,+ რომ არ გაცხადდეს, და არც საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გაიგონ და არ გამოაშკარავდეს.+
18 ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, მეტი მიეცემა,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს“.+
19 იმ დროს დედამისი და მისი ძმები+ მივიდნენ მასთან, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლეს ახლოს მისვლა.+
20 შეატყობინეს მას, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა უნდათო.+
21 მან მიუგო: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ისმენს და ასრულებს ღვთის სიტყვას“.+
22 ერთ დღესაც ის მოწაფეებთან ერთად ნავში ჩაჯდა და უთხრა მათ: „ტბის გაღმა გავიდეთ“, და გაცურეს.+
23 როცა მიცურავდნენ, იესოს ჩაეძინა. ტბაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ნავი წყლით ივსებოდა, საფრთხე ემუქრებოდათ.+
24 ბოლოს მივიდნენ მასთან, აღვიძებდნენ და ეუბნებოდნენ: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით!“+ მან გამოიღვიძა და ქარი და აბობოქრებული წყალი შერისხა.+ დაცხრა ქარი და წყალი და სიწყნარე ჩამოვარდა.
25 შემდეგ უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი კი, შიშით შეპყრობილნი და გაოცებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და წყალიც მის ბრძანებას ემორჩილება?“+
26 მიადგნენ ნაპირს გერასელთა მხარეში, რომელიც გალილეის პირდაპირ მდებარეობს.+
27 როცა ნაპირზე გადავიდა, შეხვდა ახლომდებარე ქალაქის მკვიდრი კაცი, დემონებით შეპყრობილი. მას დიდი ხნის მანძილზე ტანსაცმელი არ სცმოდა და სახლის ნაცვლად სამარხებს შორის ცხოვრობდა.+
28 იესოს დანახვაზე დაიყვირა, მის წინაშე დაემხო და ხმამაღლა უთხრა: „რა მაქვს შენთან საერთო,+ იესო, უზენაესის ძეო? გევედრები, ნუ მტანჯავ!“+
29 (ვინაიდან მან უწმინდურ სულს უბრძანა, გამოსულიყო იმ კაცისგან. სული უკვე დიდი ხნის მანძილზე აწვალებდა მას.+ მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ და არაერთხელ შეუბორკავთ ჯაჭვებითა და ბორკილებით, მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და დემონს მივარდნილ ადგილებში მიჰყავდა).
30 იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან უპასუხა: „ლეგიონი“, რადგან მრავალი დემონი ჰყავდა.+
31 ისინი ეხვეწებოდნენ+ მას, უფსკრულში წასვლა არ გვიბრძანოო.+
32 იქვე მთაზე ღორების+ დიდი კოლტი ბალახს ჭამდა. დემონები შეეხვეწნენ იესოს, ღორებში შევალთო.+ მანაც დართო ნება.
33 გამოვიდნენ დემონები იმ კაცისგან და ღორებში შევიდნენ. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და დაიხრჩო.+
34 ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.+
35 ხალხი მომხდარის სანახავად წავიდა, იესოსთან მივიდნენ და ნახეს კაცი, რომლისგანაც დემონები გამოვიდნენ. ის ჩაცმული იყო, საღი აზროვნება დაბრუნებოდა და იესოს ფერხთით იჯდა. ხალხს შეეშინდა.+
36 თვითმხილველებმა უამბეს მათ, როგორ გამოჯანმრთელდა დემონებით შეპყრობილი კაცი.+
37 გერასელთა მხარის შემოგარენიდან დიდძალი ხალხი სთხოვდა იესოს, გასცლოდა იქაურობას, რადგან ძლიერმა შიშმა შეიპყრო ისინი.+ ისიც ჩაჯდა ნავში და უკან გაბრუნდა.
38 ის კაცი კი, რომლისგანაც დემონები გამოვიდნენ, სთხოვდა იესოს, შენთან დავრჩებიო, მაგრამ იესომ გაუშვა ის და უთხრა:+
39 „სახლში დაბრუნდი და ყველას მოუყევი, რა გაგიკეთა ღმერთმა“.+ ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ყველას ელაპარაკებოდა იმის შესახებ, რაც იესომ გაუკეთა.+
40 დაბრუნებული იესო ხალხმა გულთბილად მიიღო, რადგან ყველა ელოდებოდა.+
41 და, აი, მოვიდა სინაგოგის წინამძღვარი იაიროსი, ფეხებში ჩაუვარდა იესოს და ხვეწნა დაუწყო, ჩემს სახლში შემოდიო,+
42 რადგან ერთადერთი, თორმეტიოდე წლის ასული ჰყავდა და ისიც უკვდებოდა.+
მიმავალ იესოს ხალხი ზედ აწყდებოდა.+
43 ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა+ და რომლის განკურნებაც ვერავინ შეძლო,+
44 უკნიდან მიუახლოვდა მას, ტანსაცმლის+ ფოჩზე+ შეეხო და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა.+
45 იესომ იკითხა: „ვინ შემეხო?“+ როცა ყველამ იუარა, პეტრემ თქვა: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება“.+
46 იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა+ გავიდა ჩემგან“.+
47 როცა ქალმა დაინახა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩა, კანკალით მივიდა, დაემხო მის წინაშე და ყველას განუცხადა, რატომ შეეხო მას და როგორ განიკურნა მაშინვე.+
48 იესომ უთხრა მას: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა,+ წადი მშვიდობით“.+
49 ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა ერთი კაცი სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.+
50 ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე+ და გადარჩება“.
51 როცა მის სახლში მივიდა, არავის დართო ნება, შესულიყო მასთან ერთად, პეტრეს, იოანეს, იაკობისა და გოგონას დედ-მამის გარდა.+
52 ხალხი კი ტიროდა და მწუხარებისგან მკერდში იცემდა. მან უთხრა მათ: „ნუღარ ტირით,+ არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+
53 მათ ეს სიცილად არ ეყოთ, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო.+
54 იესომ ხელი მოჰკიდა მას და ხმამაღლა უთხრა: „გოგონა, ადექი!“+
55 მას სული*+ დაუბრუნდა და მაშინვე წამოდგა.+ იესომ ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.+
56 მშობლების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მან უბრძანა მათ, არავისთვის მოეყოლათ, რაც მოხდა.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.