ლუკა 9:1—62
9 შემდეგ მოუხმო იმ თორმეტს და მისცა მათ ძალა და ძალაუფლება დემონების განსადევნად და სნეულებათა განსაკურნავად.+
2 გაგზავნა ისინი, რომ ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ და ხალხი განეკურნათ,
3 უთხრა: „გზაში არაფერი წაიღოთ: არც ხელჯოხი, არც საგზლის აბგა, არც პური, არც ვერცხლის ფული და არც ორი ხელი ტანსაცმელი.+
4 რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გააგრძელეთ გზა.+
5 ხოლო სადაც არ მიგიღებენ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას+ ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად“.+
6 ისინიც წავიდნენ, იმ მიდამოებში მდებარე სოფლები მოიარეს და ყველგან აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას და კურნავდნენ ავადმყოფებს.+
7 გამგებელმა ჰეროდემ* გაიგო ყველაფერი, რაც ხდებოდა, და შეფიქრიანდა, რადგან ზოგიერთები ამბობდნენ, იოანე აღდგაო მკვდრეთით,+
8 ზოგი ამბობდა, ელია გამოჩნდაო, ზოგიც — ძველ დროში მცხოვრები რომელიღაც წინასწარმეტყველი აღდგაო.
9 ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე.+ ეს ვინღაა, ვის შესახებაც ასეთი რამ მესმის?“ უნდოდა+ ენახა იგი.
10 დაბრუნდნენ მოციქულები და მოუყვნენ იესოს, რაც გააკეთეს.+ მან ისინი ქალაქ ბეთსაიდაში წაიყვანა, რომ განმარტოებულიყვნენ.+
11 მაგრამ ხალხმა შეიტყო ეს და გაჰყვა მას. იესო თბილად შეხვდა მათ და ღვთის სამეფოზე+ ელაპარაკებოდა, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.+
12 დღე რომ საღამოსკენ გადაიხარა, თორმეტნი იესოსთან მივიდნენ და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საკვების საშოვნელად, რადგან უკაცრიელ ადგილზე ვართ“.+
13 იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი“.+ მათ თქვეს: „ჩვენ არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა,+ თუ არ წავალთ და ვუყიდით მთელ ხალხს საკვებს“.+
14 იქ კი ხუთი ათასამდე კაცი იყო.+ იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჯგუფ-ჯგუფად დასხით, ისე რომ თითო ჯგუფში დაახლოებით ორმოცდაათი კაცი იყოს“.+
15 ასეც მოიქცნენ და ყველა დასხეს.
16 მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა, დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.+
17 ყველამ ჭამა და გაძღა. რაც დარჩა, აკრიფეს და ნატეხებით თორმეტი კალათი გაავსეს.+
18 მოგვიანებით, როცა მარტო იყო და ლოცულობდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან. იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+
19 მათ მიუგეს: „იოანე ნათლისმცემელიო, ზოგი ამბობს ელიაო, ზოგიც — ძველ დროს მცხოვრები ერთ-ერთი წინასწარმეტყველი აღდგაო“.+
20 მაშინ ჰკითხა მან: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პეტრემ მიუგო:+ „ღვთის ქრისტე“.+
21 შემდეგ მკაცრად ელაპარაკა მათ და უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს,+
22 და უთხრა: „კაცის ძემ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს, უარყოფილი იყოს უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოკლან+ და მესამე დღეს აღდგეს“.+
23 შემდეგ იესომ ყველას უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი,+ ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს.+
24 ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.+
25 აბა, რას არგებს კაცი საკუთარ თავს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის თავს კი დაიღუპავს ან ყველაფერს დაკარგავს?+
26 ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო, როცა თავისი დიდებით, მამის დიდებითა და წმინდა ანგელოზების დიდებით მოვა.+
27 ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს“.+
28 ამ სიტყვებიდან დაახლოებით რვა დღის შემდეგ თან წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა სალოცავად.+
29 ლოცვისას სახე სხვანაირი გაუხდა,+ ხოლო მისი სამოსელი თეთრად აელვარდა.+
30 და აი, ორი კაცი ესაუბრებოდა მას, მოსე და ელია.+
31 ისინი დიდებით გამოჩნდნენ და იესოს წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა შესრულებულიყო.+
32 პეტრესა და მასთან მყოფთ კი ძილი მოერიათ, მაგრამ როცა გამოფხიზლდნენ, მისი დიდება+ და მასთან მდგომი ორი კაცი დაინახეს.
33 როდესაც ისინი იესოს შორდებოდნენ, პეტრემ უთხრა მას: „მოძღვარო, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“, და არ ესმოდა, რას ამბობდა.+
34 ამას რომ ლაპარაკობდა, ღრუბელი გაჩნდა და დაჩრდილა ისინი. ღრუბელში რომ აღმოჩნდნენ, შეეშინდათ.+
35 ღრუბლიდან ხმა+ გაისმა: „ეს არის ჩემი ძე, რჩეული,+ მას უსმინეთ“.+
36 როდესაც ეს ხმა გაისმა, იესო მარტო იყო.+ ისინი კი ჩუმად იყვნენ და ნანახის შესახებ იმ დღეებში არავისთვის არაფერი უთქვამთ.+
37 მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, დიდძალი ხალხი შეეგება მას.+
38 და, აი, ხალხიდან ერთი კაცი იძახდა: „მოძღვარო, გევედრები, ნახე ჩემი ვაჟი,+ რადგან ეს ერთი+ მყავს.
39 სული+ იპყრობს, უეცრად აყვირებს, კრუნჩხვებში აგდებს, დუჟს ადენს, ალურჯებს და ძნელად თუ შორდება მას.
40 შენს მოწაფეებს შევეხვეწე, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს“.+
41 მაშინ იესომ თქვა: „ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მოიყვანე შენი ვაჟი“.+
42 სანამ იესოსთან მივიდოდა, დემონმა ძირს დაანარცხა იგი და ძლიერ კრუნჩხვებში ჩააგდო. იესომ შერისხა უწმინდური სული, ბიჭი განკურნა და მამამისს ჩააბარა.+
43 ღვთის დიადი ძალის+ დანახვამ ყველა განაცვიფრა.
ყველა გაოცებული იყო ყოველივე იმით, რასაც იესო აკეთებდა, მან კი მოწაფეებს უთხრა:
44 „ყურად იღეთ ეს სიტყვები, რადგან კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში“.+
45 მათ კვლავაც ვერ გაიგეს ეს სიტყვები. დაფარული იყო მათგან, რათა ვერ ჩასწვდომოდნენ. ნათქვამის შესახებ კითხვის დასმისა კი ეშინოდათ.+
46 ამის შემდეგ მსჯელობა დაიწყეს, ვინ იყო მათ შორის უდიდესი.+
47 იესომ იცოდა მათი გულის ზრახვები, ამიტომ მოიყვანა ბავშვი, გვერდით დაიყენა+
48 და უთხრა მათ: „ვინც იღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს.+ ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი,+ ის იქნება დიდი“.+
49 იოანემ მიუგო: „მოძღვარო, ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს+ დევნიდა შენი სახელით, და დავუშალეთ,+ რადგან ჩვენ არ დაგვყვება“.+
50 იესომ უთხრა: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, ის თქვენ მხარეზეა“.+
51 ახლოვდებოდა იესოს ამაღლების დრო+ და მან პირი იბრუნა იერუსალიმისკენ.
52 მან წინასწარ გაგზავნა მაცნეები. ისინი წავიდნენ და სამარიელების+ სოფელში შევიდნენ, რომ მისთვის ყველაფერი მოემზადებინათ,
53 მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, რადგან გეზი იერუსალიმისკენ ჰქონდა აღებული.+
54 როცა ეს მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ,+ დაინახეს, უთხრეს: „უფალო, გინდა ვთქვათ, რომ ციდან ცეცხლი+ ჩამოვიდეს და მოსპოს ისინი?“
55 ის მიუბრუნდა მათ და გაუწყრა.
56 ისინი სხვა სოფელში წავიდნენ.
57 გზაში ვიღაცამ უთხრა: „სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გამოგყვები“.+
58 იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“.+
59 მეორეს კი უთხრა: „გამომყევი“. იმ კაცმა მიუგო: „ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“.+
60 მაგრამ იესომ უთხრა: „მკვდრებმა+ თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები, შენ კი წადი და ყველგან აუწყე ღვთის სამეფოს შესახებ“.+
61 სხვამ უთხრა მას: „მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მომეცი, ჯერ ჩემი ოჯახის წევრებს დავემშვიდობო“.+
62 იესომ უთხრა მას: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს+ და თან უკან იყურება“.+