მათე 12:1—50
12 იმ დროს იესომ შაბათს ყანაზე გაიარა.+ მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების გლეჯა და ჭამა.+
2 ამის დანახვისას ფარისევლებმა უთხრეს მას:+ „შეხედე! შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც შაბათს ნებადართული არ არის“.+
3 მან კი უთხრა მათ: «არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მას და მასთან მყოფებს მოშივდათ?+
4 როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამეს წარსადგენი პური,+ რის ჭამაც არც მისთვის იყო ნებადართული+ და არც მასთან მყოფთათვის, არამედ მხოლოდ მღვდლებისთვის?+
5 ანდა არ წაგიკითხავთ კანონში,+ რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან?+
6 მე კი გეუბნებით: აქ არის რაღაც, რაც ტაძარზე დიდია.+
7 თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა+ და არა მსხვერპლი“,+ აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს.
8 კაცის ძე+ შაბათის უფალია».+
9 იქიდან წასვლის შემდეგ იესო სინაგოგაში შევიდა.
10 იქ ერთი ხელგამხმარი კაცი დახვდა.+ ისინი ბრალდებისთვის საბაბს ეძებდნენ და იესოს ჰკითხეს: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“+
11 მან კი უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს,+ არ მოჰკიდებს ხელს და არ ამოიყვანს?+
12 ადამიანი კი რამდენად უფრო ძვირფასია ცხვარზე!+ ასე რომ, შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია“.
13 მაშინ იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და მეორე ხელივით საღი გაუხდა.+
14 ფარისევლები კი გავიდნენ და მოითათბირეს, რომ მოეკლათ იესო.+
15 ეს რომ გაიგო, ის იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას და მან ყველა განკურნა,+
16 მაგრამ მკაცრად გააფრთხილა ისინი, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა,+
17 რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:
18 „აი, ჩემი საყვარელი+ მსახური,+ რომელიც ამოვირჩიე და რომელიც ჩემმა სულმა* მოიწონა! ჩემს სულს* დავავანებ მასზე+ და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი;
19 არ იდავებს,+ არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას.
20 გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს,+ სანამ სამართალს+ არ გაამარჯვებინებს.
21 მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“.+
22 მაშინ მასთან მიიყვანეს დემონებით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი. მან განკურნა ის. მუნჯი ალაპარაკდა და თვალი აეხილა.
23 მთელი ხალხი აღფრთოვანებული იყო და ამბობდა:+ „ეს ხომ არ არის დავითის ძე?“+
24 ამის მოსმენისას ფარისევლებმა თქვეს: „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის* დახმარების გარეშე“.+
25 იესომ იცოდა მათი აზრები+ და უთხრა: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება+ და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს.
26 თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე წინააღმდეგ გაყოფილა. როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27 თუ მე ბელზებელის დახმარებით ვდევნი დემონებს,+ თქვენი ძეები ვიღას დახმარებით დევნიან? ამიტომ იქნებიან ისინი თქვენი მოსამართლეები.
28 მაგრამ თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო.+
29 როგორ შეიჭრები ძლიერი კაცის სახლში და გაიტაცებ მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავ? მერე კი გაუძარცვავ სახლს.+
30 ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს.+
31 ამიტომ გეუბნებით: ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ ადამიანებს, მაგრამ სულის წინააღმდეგ მკრეხელობა არ ეპატიებათ.+
32 მაგალითად, თუ ვინმე კაცის ძის წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, ეპატიება,+ მაგრამ ვინც წმინდა სულის წინააღმდეგ იტყვის, არ ეპატიება არც ახლა და არც მომავალში*.+
33 ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც, რადგან ხე ნაყოფით იცნობა.+
34 გველგესლას ნაშიერნო!+ როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ?+ პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს.+
35 კარგ კაცს თავისი კარგი განძიდან კარგი გამოაქვს,+ ბოროტ კაცს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს.+
36 გეუბნებით: კაცი ყოველი ფუჭი* სიტყვისთვის პასუხს აგებს+ სასამართლოს დღეს,
37 რადგან შენი სიტყვებით იქნები აღიარებული მართლად და შენივე სიტყვებით დაგედება მსჯავრი“.+
38 მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა: „მოძღვარო, გვინდა, ნიშანი ვიხილოთ შენგან“.+
39 მან მიუგო: «ბოროტი და მრუში+ თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა.+
40 როგორც იონა+ იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე+ იქნება სამ დღესა და სამ ღამეს+ დედამიწის გულში.+
41 ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე+ და მსჯავრს დასდებენ+ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ+ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი.
42 სამხრეთის დედოფალი+ ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი.+
43 როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, დადის უწყლო ადგილებში მოსასვენებელი ადგილის საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს+
44 და ამბობს: „დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი“. მიდის და ხედავს, რომ ცარიელია, თანაც დაგვილი და გალამაზებული.
45 მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული,+ შედიან ისინი შიგნით და ბინავდებიან, და ამ კაცისთვის ბოლო პირველზე უარესი ხდება.+ ასე მოუვა ამ ბოროტ თაობასაც».+
46 ის ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, როცა დედამისი და მისი ძმები+ მოვიდნენ და გარეთ დადგნენ, რადგან მასთან საუბარი უნდოდათ.
47 ვიღაცამ უთხრა მას: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენთან საუბარი სურთ“.
48 მან კი ამის მთქმელს მიუგო: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“+
49 ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+
50 ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
^ იგულისხმება სატანა.
^ სიტყვასიტყვით — არც ამ სისტემაში და არც მომავალ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
^ ანუ საზიანო.