მათე 15:1—39

15  მაშინ იერუსალიმიდან იესოსთან მივიდნენ+ ფარისევლები და მწიგნობრები და უთხრეს:  „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს? რატომ არ იბანენ ჭამის წინ ხელებს?“+  მან კი მიუგო: «თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ადათ-წესებით?+  მაგალითად, ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას“+ და „მამის ან დედის მლანძღველი მოკვდეს“.+  თქვენ კი ამბობთ: „ვინც მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც ჩემგან შეგეძლო გესარგებლა, ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენიაო,  ის ვალდებული აღარ არის, პატივი სცეს თავის მამას“.+ ასე თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას.+  თქვე თვალთმაქცებო,+ სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ+ თქვენზე:  „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან.+  ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“».+ 10  თავისთან მოიხმო ხალხი და უთხრა: „მოისმინეთ და ჩასწვდით ნათქვამის აზრს:+ 11  ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც პირში შედის, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის“.+ 12  მაშინ მოწაფეები მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იცი, რომ შენი ნათქვამის მოსმენაზე ფარისევლები დაბრკოლდნენ?“+ 13  მან მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ამოიძირკვება.+ 14  თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“.+ 15  ამაზე პეტრემ უთხრა: „განგვიმარტე ეს მაგალითი“.+ 16  იესომ უთხრა: „ნუთუ არც თქვენ გესმით?!+ 17  ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, ნაწლავებს გაივლის და ორმოში ჩადის?! 18  პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს.+ 19  მაგალითად, გულიდან გამოდის ბოროტი აზრები,+ მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა.+ 20  აი, რა ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელებით ჭამა კი — არა“.+ 21  იქიდან იესო ტვიროსისა და სიდონის მხარეებში წავიდა.+ 22  და აი, ერთი იქაური ფინიკიელი+ ქალი გამოვიდა და ხმამაღლა მიმართა მას: „შემიწყალე,+ უფალო, დავითის ძეო! ჩემს ქალიშვილს საშინლად ტანჯავენ დემონები“. 23  იესოს სიტყვაც არ დაუძრავს. მაშინ მივიდნენ მასთან მოწაფეები და სთხოვეს: „გაუშვი ეს ქალი, თორემ მოგვდევს და მოგვყვირის“. 24  მან მიუგო: „მე მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან ვარ გამოგზავნილი“.+ 25  ქალი კი მივიდა, მდაბლად თაყვანს სცემდა და ეუბნებოდა: „უფალო, დამეხმარე!“+ 26  იესომ მიუგო: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო“. 27  „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ თავიანთი პატრონების სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს“,+ — უთხრა ქალმა. 28  მაშინ იესომ მიუგო: „დიდი რწმენა გქონია, შეგისრულდეს სურვილი!“ მაშინვე განიკურნა მისი ქალიშვილი.+ 29  გაიარა იესომ ის მხარე და მივიდა გალილეის ზღვასთან,+ მთაზე ავიდა+ და იქ იჯდა. 30  მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, უსინათლოები, მუნჯები და მრავალი სხვა, რომლებსაც ფეხებთან უწვენდნენ, და ის ყველას კურნავდა.+ 31  ხალხი გაოცებული იყო და განადიდებდა ისრაელის ღმერთს, რადგან ხედავდნენ, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, კოჭლები დადიოდნენ და უსინათლოებს თვალები ეხილებოდათ.+ 32  იესომ მოწაფეებს მოუხმო და უთხრა:+ „გული მეწვის+ ამ ხალხის გამო, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. არ მინდა უჭმელად გავუშვა. გზაში შეიძლება დასუსტდნენ“. 33  მოწაფეებმა კი უთხრეს: „ამ მიყრუებულ ადგილზე საიდან მოვიტანოთ ამდენი ხალხისთვის საკმარისი პური?“+ 34  იესომ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი და რამდენიმე პატარა თევზი“, — მიუგეს მათ. 35  მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36  აიღო ის შვიდი პური და თევზები, ილოცა*, დაამტვრია და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს.+ 37  ყველამ ჭამა და გაძღა. დარჩენილი ნატეხებით კი შვიდი გოდორი გაავსეს.+ 38  ოთხი ათასმა კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს. 39  ბოლოს, ხალხი რომ გაუშვა, იესო ნავში ჩაჯდა და მაგდალის+ მხარეში მივიდა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მადლობა აღავლინა.